რა ფერის კალმით ვასწორებთ ნაშრომს?
ავტორი - მარიამ გოდუაძე ქარტეხილებიანი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიხაკო წერეთელი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს, კარლ ბეცოლდს სწერდა: „ღრმად პატივცემულო საიდუმლო მრჩეველო, რამდენიმე თვის წინ პატარა ბარათი გამოგიგზავნეთ აქედან. ბარათი სამწუხაროდ, წითელი მელნით იყო დაწერილი, სხვა მელნის უქონლობის გამო. იმედია, მომიტევებთ ამ პატარა უწესობას…“ წერილის შინაარსი იქნებ ნამდვილად აღემატებოდეს პატარა დეტალს, რომლითაც ამონარიდი დავასრულეთ, თუმცა, როგორც იტყვიან, ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება და დროა, ერთი მათგანი სამზეოზე გამოვიყვანოთ. წითელი ფერი სჯის! – ევროპელი და ამერიკელი მკვლევრები თანხმდებიან, რომ წითელი კალმის კვალი მოწაფისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს, გარდა ამისა, წითელი ფერის ხაზები და მინაწერები მოწაფეთა თვითშეფასებაზეც უარყოფითად მოქმედებს, უფრო მეტიც, თრგუნავს, რადგან შეცდომებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წითელი ფერის კალმის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია ვრცელდება. ბრიტანეთის ბევრ სკოლაში, შინაგანაწესის თანახმად, წითელი ფერით ნაშრომების გასწორება კატეგორიულად იკრძალება. ფსიქოლოგთა ნაციონალური გუნდის რეკომენდაციით, მოსწავლეთა ნაწერებს აქ ასწორებენ უფრო პოზიტიური და მშვიდი ფერებით, როგორიცაა მწვანე ან იისფერი. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს წითელი კალმის გამოყენება დაწყებით კლასებში კატეგორიულად აკრძალა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერაც. კვლევებმა აჩვენეს, რომ წითელ ფერს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმზეც, წითელი ფერის დანახვისას ხშირდება სუნთქვა და იზრდება სისხლის წნევა, თუმცა წითელი კალმის მომხრეები აცხადებენ, რომ ნაშრომში წითელ კალმის კვალი ადვილი შესამჩნევია და ეს ამ ფერის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ლურჯი და შავი ფერის ხაზების ამოცნობა ზოგჯერ მოსწავლეებს შეიძლება გაუძნელდეთ კიდეც. წითლის მომხრეები ასევე იმასაც ამბობენ, რომ თუკი მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად მწვანე ან რომელიმე სხვა ალტერნატიული ფერის კალმით შენიშვნების ჩაწერას შეაჩვევს, მათ მწვანე ან ნებისმიერი ფერიც წითელივით გააღიზიანებთ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერია, თუკი წითელი შეცდომებთან ასოცირდება, რადგან წითელი მომავალში უკეთესი მუშაობის მოტივაციასაც ქმნის. თუმცა სულ სხვა რამ გამოვლინდა კვლევის შედეგად, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევას ხელმძღვანელობდნენ სოციოლოგიის მასწავლებელი რიჩარდ დიუკენსი და პროფესორი ჰიზერ ალბანეზი. მონაწილეებად შეირჩნენ 19-დან 21 წლამდე ასაკის 199 სტუდენტი. მათ ოთხ სხვადასხვა თემაზე შექმნილი ესეის შეფასება დაევალათ. ესეები უკვე შესწორებული და შეფასებული იყო მასწავლებლების მიერ. ზოგიერთს მცირე კომენტარიც ახლდა. მასწავლებლების შეფასებები და შენიშვნები წითელი და ლურჯი ფერის კალმებით იყო მიწერილი. კვლევის მონაწილე სტუდენტებს მოეთხოვებოდათ, გასცნობოდნენ ნაშრომებს და ეთქვათ, დაუწერდნენ თუ არა იმავე ქულას, რაც მასწავლებელმა დაუწერა და ეთანხმებოდნენ თუ არა პედაგოგების კომენტარებს. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა უმთავრესად იმ მასწავლებლების კომენტარები და ქულები შეაფასეს დადებითად, რომლებსაც ნაშრომები ლურჯი ფერის კალმით ჰქონდათ გასწორებული. არადა, ლურჯი და წითელი კალმებით დაწერილი შენიშვნები პრაქტიკულად იდენტური იყო. Social Science Journal-ში გამოქვეყნებულ დასკვნაში მკვლევრები აღნიშნავენ, რომ წითელი კალმით გაკეთებული ჩასწორებები სტუდენტებისთვის ყვირილთან ასოცირდება, ყვირილს კი კონსტრუქციულ შენიშვნასთან საერთო არაფერი აქვს. ფსიქოლოგიაში წითელი ფერი მძაფრ ემოციებს გამოხატავს, ამიტომ მოსწავლეთა აღქმაშიც ის ემოციურ დაძაბულობასთან იგივდება. „როდესაც მოსწავლე ან სტუდენტი კარგად სწავლობს და მაღალ ქულებს იღებს, ისიც და მისი მასწავლებელიც თავს კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ თუ მოსწავლე ვერ წარმოაჩენს ცოდნის მაღალ დონეს, ამაში ბრალი ნაწილობრივ მასწავლებელს მიუძღვის”, – აღნიშნულია დასკვნაში. არსებობს წითელ ფერთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელთა გათვალისწინება განათლების სპეციალისტებისთვის – სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მომუშავე პირებისთვის მნიშვნელოვნად მოიაზრება:
მე არ ვიყენებ წითელ კალამს და ჩემი მოწაფეებისთვის ეს კომფორტის ზონაა. ჩემს უცხოელ კოლეგებსაც უთქვამთ, რომ წითელი დესტრუქციული ფერია, განსაკუთრებით დისლექსიის და სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. ისინი უპირატესობას მწვანეს ან შავს ანიჭებენ. თუმცა რა ფერის კალმითაც არ უნდა ვასწორებდეთ, მთავარია, ბავშვებს სწორი შეფასებითი უნარები განვუვითაროთ და ვასწავლოთ, რომ მარცხი ხშირად გარდაუვალია, მთავარია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ შემდგომში. შეცდომების ხაზგასმა სულაც არ არის ცუდი, მით უფრო, თუკი ამ შეცდომების გამოსწორება გვინდა. თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი გზაა და ამ გზაზე ყველა ზედმეტი სირთულე, მათ შორის წითელი კალმით გამოწვეული სირთულეებიც, სჯობს თავიდან ავირიდოთ. აზროვნებაში არაფერი ირეკლება რეალობის გარეშე. ჩვენს სემიოზისში ახალი კორექტივების დროა. დიდი ხანია, დამთავრდა წითელი რეალობა, რომლისგან გასვლა ასე გვჭირდება. დაე ჩვენმა მოწაფეებმა აუცილებლად მოგვიტევონ ამ ზონაში აქამდე დარჩენა და ის „პატარა უწესობა“, რომელსაც დიდი ნეგატივები მოჰყვება ხოლმე. ბავშვობიდან წითელ კალამთან დაკავშირებული რამდენიმე უარყოფითი ემოცია დღემდე მეც მომყვება და მაოცებს მათი სიმძაფრე. ამიტომ მე არ ვასწორებ წითელი კალმით! თქვენ? ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებელ - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პედაგოგიური პრაქტიკიდან.. წითელი კალამი შეცვალა მწვანე კალმით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის მიერ გასწორებული რვეული გადაშალა და იმდენი წითელი ხაზი დაინახა, რომ ტირილი დაიწყო. „წითელი მელანი აკრძალვის ნიშანია, ხომ ასეა? - მსჯელობს ბატონი შალვა, - მასწავლებელი ბავშვის ნამუშევარში შეცდომებს ასწორებს წითელი მელნით, რაც მეტია წითელი ხაზები, მით უარესი მოსწავლისათვის. საბოლოო შედეგი ისაა, რომ მას აღარ სურს რვეულში ჩახედვა. შემდეგ იწყება შეცდომების გასწორება. დღემდე ასე გრძელდება საზიზღარი პროცესი სკოლებში. მასწავლებელი ყვირის:„რამდენჯერ უნდა აგიხსნათ ერთი და იგივე?!“ ისევ შეცდომა, შეცდომა და შეცდომა... ეს პედაგოგიური პროცესის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“. ბატონმა შალვამ თავის პრაქტიკაში შემოიღო მწვანე კალამი. ამ ფერით ის აღნიშნავდა იმას, რაც მოსწონდა დავალებაში. ბავშვებს უხაროდათ, როდესაც შლიდნენ თავიანთ რვეულებს. შეცდომებისგან ადგენდა სავარჯიშოებს, რომლებსაც მთელი კლასი ერთად ასწორებდა. ან ბავშვებს ასწორებინებდა მის მიერ სპეციალურად დაშვებულ შეცდომებს. „ამას შესანიშნავი შედეგები ქონდა“ - აღნიშნავს ბატონი შალვა. წყარო |
▼
სარჩევი / გვერდები
▼
Комментариев нет:
Отправить комментарий