пятница, 31 августа 2018 г.

შეფასება. (შეფასების სახეები)

შეფასების სახეები

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

შეფასების ორი უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელიც სწავლისა და სწავლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იცოდეს, თუ როდის და რა კონკრეტული მიზნისთვის უნდა გამოიყენოს შეფასების ერთი ან მეორე ფორმა.

განმავითარებელი შეფასების მიზანია, რომ დაეხმაროს მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესებაში სხვადასხვა რჩევის, რეკომენდაციის თუ პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზებით. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე მასწავლებლისგან გაკეთებული კომენტარების საშუალებით მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას შედეგების გაუმჯობესებასა და საკუთარი სწავლის გაცნობიერებაში ეხმარება. ასევე განმავითარებელი შეფასების მიზანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენის შემდეგ უკეთ დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმებია ზეპირი და წერილობითი კომენტარები, რომლებიც ტრიმესტრის განმავლობაში ან ტრიმესტრის ბოლოს კეთდება. კომენტარები აღწერს მოსწავლის (და მისი ნამუშევრების) ძლიერ და სუსტ მხარეებს და, ამავდროულად, შეიცავს რეკომენდაციებს სწავლის გაუმჯობესების შესახებ. განმავითარებელი შეფასების გავრცელებული ხერხებია შეფასებისა და თვითშეფასების ცხრილების გამოყენება და ამ ცხრილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.

განმავითარებელი შეფასება მოსწავლის განვითარებაზე და სწავლებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ასეთი სახის შეფასებისას არ არის აუცილებელი, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს ქულა დაუწეროს.

განმსაზღვრელი შეფასების მიზანია მოსწავლეთა მიღწევების დონის განსაზღვრა სასწავლო გეგმასთან და სასწავლო მიზნებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება, ფაქტობრივად, არის ქულა, რომელსაც მასწავლებელი უწერს მოსწავლეს კონკრეტული თემის ან საკითხის დასრულების შემდეგ ტრიმესტრის განმავლობაში ან ტრიმესტრის/წლის ბოლოს. განმსაზღვრელი შეფასების მიზნით, მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა შემაჯამებელ აქტივობას, მაგალითად, პრეზენტაციას, პროექტს, ტესტს, საკონტროლო წერას და ა.შ. განმსაზღვრელი შეფასების ძირითადი დანიშნულება სწავლისა და სწავლების შედეგების შემოწმება-შეფასებაა. აქედან გამომდინარე, ქულის დაწერა განმსაზღვრელი შეფასების სავალდებულო მოთხოვნაა. ქულის სახით მიცემული განმსაზღვრელი შეფასება მოსწავლის მიღწევების დონის განმსაზღვრელია და მას არ ახლავს კომენტარები ან რეკომენდაციები შედეგების გაუმჯობესების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი სისტემატურად იყენებდეს ორივეს: განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. ამავე დროს, სასურველია, განმავითარებელი შეფასების წილი უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელის.

როგორც ითქვა, განმსაზღვრელი შეფასება შედეგზე, ანუ ნიშანზეა ორიენტირებული, ხოლო განმავითარებელი შეფასება - მოსწავლის განვითარებასა და შედეგების გაუმჯობესებაზე. ამ ორივე მიზნის მისაღწევად მასწავლებელი სისტემატურად იყენებს შეფასების სამ სახეს: დიაგნოსტიკურს, მიმდინარეს, ანუ ფორმატულს და შემაჯამებელს.

დიაგნოსტიკური შეფასებით მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ცალკეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის სასწავლო საჭიროებების დასადგენად და იგი გვეხმარება სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრაში, ამ მიზნების მიღწევის ოპტიმალური გზების მონახვაში. დიაგნოსტიკური შეფასება, როგორც წესი, ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში ან ახალი თემის სწავლებამდე. მისი მიზანია მოსწავლის მომზადების საწყისი დონის დადგენა. დიაგნოსტიკური შეფასები სსაშუალებით ჩვენ ვიგებთ, რა ვითარებაა კლასში, არიან თუ არა მოსწავლეები მზად ახალი საპროგრამო მასალის ათვისებისათვის, რა სირთულეები შეიძლება შეგვექმნას და როგორ დავძლიოთ ისინი. მოსწავლის მომზადების საწყისი დონის დადგენა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ მის ინდივიდუალურ პროგრესს გარკვეულ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში მოსწავლის შედეგებს ვადარებთ არა დადგენილ სტანდარტს, არამედ საწყის დონეს.

მიმდინარე, ანუ ფორმატული შეფასება ხდება ყოველ გაკვეთილზე, ყოველდღე, ყოველი აქტივობის დროს. არ არის სავალდებულო ქულებით შეფასება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი შეფასება გვაძლევს მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას, კერძოდ, რა სახის საქმიანობა იზიდავს და რა _ არა, როგორია მისი სწავლის სტილი (სწავლობს მოსმენით, კითხვით, წერით, კეთებით., აქვს მთლიანობითი აღქმა თუ საგნებსა და მოვლენებს დანაწევრებულად აღიქვამს, თეორეტიკოსი თუ პრაგმატისტია და ა.შ.), რა უძნელდება, რა უადვილდება, შეუძლია თუ არა კონცენტრაცია, აქვს თუ არა წინსვლა, თუ არა _ რა არის წარუმატებლობის მიზეზი ან რა განაპირობებს მის წარმატებას, აქვს თუ არა განვითარებული შემოქმედებითი, სააზროვნო და სოციალური უნარები, როგორია მისი ინტერესების სფერო, ინდივიდუალური თავისებურებები, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. მიმდინარე შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია არა იმდენად ქულების დაწერა (ნიშნით შეფასება), რამდენადაც ჩვენი რჩევები, რა და როგორ გააუმჯობესოს. ფორმატული შეფასება მოსწავლის შესახებ ამომწურავ, მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა და ობიექტურობის გარანტია.

ამასთან, მიმდინარე ანუ ფორმატული შეფასება მასწავლებელს აძლევს საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის რეფლექსიის შესაძლებლობას. იმაზე დაყრდნობით, რამდენად მიაღწია საგაკვეთილო მიზანს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს მოსწავლეებმა, რა დაძლიეს და რა _ ვერა, მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა, შერჩეული მასალის სირთულე, კლასის მართვის, ორგანიზების უნარი და სხვ.

შემაჯამებელი შეფასება ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლებისა და სწავლის კონკრეტულ ეტაპზე: თემის დასრულებისას, სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს. ასეთი შეფასებისას მოწმდება ის, თუ რამდენად მიაღწია ცალკეულმა მოსწავლემ და მოსწავლეთა ჯგუფმა სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს / შედეგებს. სწორედ შემაჯამებელი შეფასების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას, რამდენად შესრულდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. ტესტები, საკონტროლო წერა, კონფერენცია, შემაჯამებელი დისკუსია, ჩათვლები, პროექტი და სხვ. შემაჯამებელი შეფასების ის ხერხებია, რომლებიც ხელს უწყობენ დასკვნების გაკეთებას.

მიმდინარე, ანუ ფორმატული და შემაჯამებელი შეფასება ავსებს ერთმანეთს და გვაძლევს მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიღწევების დადგენის ობიექტურ სურათს.

წყარო: ენის შეფასება და ტესტირება.
ავტორები: კახა გაბუნია, მაია ინასარიძე, მზია წერეთელი. >>>


67c84dab6e2e (5x5, 1Kb)





Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий