суббота, 24 июля 2021 г.

სიმღერა, როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზე - ნ. ფეტვიაშვილი






სიმღერა, როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზე

1 ნაწილის წყარო >>>
მე-2 ნაწილის წყარო >>>
მოამზადა ნინო ფეტვიაშვილმა


რუსული ენის გაკვეთილზე სიმღერების გამოყენების იდეა ახალი არ არის.
ბევრი სახელმძღვანელოს ავტორი გაკვეთილის ბოლო სტადიაზე გვთავაზობს სიმღერას, როგორც დამატებით გასახალისებელ-შემეცნებითი ხასიათის რესურსს. თუმცა სიმღერის საგანმანათლებლო პოტენციალი ბევრად უფრო ღრმა, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. სიმღერები და ვიდეოკლიპები ავთენტური მასალაა და კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებისთვის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარების გასავითარებლად.

რუსულის, როგორც უცხოური ენის, სწავლების პროცესში წამყვანი პოზიცია უკავია ლინგვოკულტუროლოგიას, რომელიც ლინგვისტიკისა და კულტუროლოგიის ერთობლიობას წარმოადგენს და მიმართულია სწავლების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის ჩართვაზე. ზუსტად სიმღერაა ლინგვოკულტურული შინაარსის მატარებელი, ამიტომ მისი გამოყენება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ რუსული მენტალობის პრიზმაში დაინახონ რეალობა და მოვლენები, არამედ გაეცნონ რუსული ცხოვრების ასპექტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. სიმღერებში საკმაოდ ფართოდ არის გადმოცემული კულტურულ-ისტორიული თემები.

უცხოური ენის გაკვეთილებში სიმღერების ჩართვას აქვს ექსტრალინგვისტური და ლინგვისტური საფუძვლები.

ექსტრალინგვისტური საფუძვლები განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

1.სიმღერა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მისი საგაკვეთილო პროცესში გამოყენება სრულიად ბუნებრივია.
2.სიმღერების მოძიება დღეს რთული არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გვაქვს სიმღერების ფორმატის არჩევის სხვადასხვა საშუალებები, ესენია: დისკები, ვიდეო, ინტერნეტრესურსები და სხვ.
3.სიმღერის თემა და ტექსტი ხშირად ასახავს მსმენელების პირად გამოცდილებას, ემოციას, განცდებს.
4.სიმღერების საშუალებით შესაძლებელია დელიკატური თემების წამოწევა. ეს არის კარგი ინსტრუმენტი დისკუსიითვის, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც არ შედის სასწავლო ტექსტებში. მაგალითად: რელიგია, განქორწინება, პირადი ურთიერთობები და სხვ.
5.სიმღერების საშუალებით გაკვეთილზე მრავალფეროვნება შეგვაქვს. მათი გამოყენება საშუალებას გვაძლევს, მოვწყდეთ მოსაწყენი რუტინული დავალებების შესრულებას.
6.სიმღერა გვეხმარება, გაკვეთილში შევიტანოთ დინამიკა.

ლინგვისტური საფუძვლები განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

1.სიმღერა ავთენტური მასალაა, საიდანაც ჩანს ენის რეალური ფუნქციონირება, რაც ხელს უწყობს გრამატიკაზე და ლექსიკაზე მუშაობას.
2.სიმღერა წარმოადგენს სამყაროს, ე.წ. სმენით სურათს, რომელიც გვიჩვენებს რუსული ენის ტონალური, ფონეტიკური, ინტონაციური თავისებურებების მაგალითებს.
3.სიმღერები წარმოადგენს პოეტურ ნიმუშებს. ამ ნიმუშების საშუალებით მოსწავლე ხედავს ლექსში ლექსიკის ფუნქციონირებას.
4.სიმღერის მოსმენის პარალელურად შესაძლებელია სხვა სავარჯიშოების შესრულება. მაგალითად, საჭირო ინფორმაციის ამოცნობა ან ამოკრეფა და სხვ.
5.სიმღერის დამახსოვრება ადვილია. ის ეხმარება მოსწავლეს, ისწავლოს ახალი სიტყვები და ფრაზები, ნაწყვეტები ტექსტიდან.
6.სიმღერა არის გამეორების ბუნებრივი საშუალება. სიმღერებში მისამღერები გამეორებისა და ლექსიკის დამახსოვრების საშუალებას იძლევა.

აუდიო და აუდიო-ვიზუალური მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია:
მოსწავლის/ჯგუფის საკომუნიკაციო-სამეტყველო გამოცდილება, მოსასმენი ტექსტების ფუნქციონალური მნიშვნელობა უცხოური ენის სწავლების კონკრეტული ვარიანტისთვის, და აგრეთვე მისი დიდაქტიკური მიზანშეწონილობა. სიმღერის ტექსტის სირთულიდან, მისი ავთენტურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სიმღერების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ელემენტარული დონიდან.

სიმღერის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესში რეკომენდებულია სხვადასხვა ტიპის ვიდეოების, ილუსტრაციებისა და სხვა ვიზუალური მასალის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს სიმღერის შინაარსის ემოციურ აღქმას და ზოგიერთ შემთხვევაში მის გაგება-გააზრებას. ინტერნეტიდან სიმღერის ტექსტის ჩამოტვირთვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას (ხშირად ვხვდებით შეცდომებს), ასევე უნდა გადამოწმდეს ნაბეჭდი ტექსტი აუდიომასალასთან, რადგანაც ზოგჯერ ტექსტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. სიუჟეტიანი სიმღერები უფრო საინტერესო გამოსაყენებელია საგაკვეთილო პროცესისთვის, დავალებების შექმნისთვის. გაკვეთილებზე სიმღერების ხშირი გამოყენებისას რეკომენდებულია დავალებების ტიპების ცვლა, რათა ის მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ იყოს.

სიმღერების გამოყენება გაკვეთილზე სამი ეტაპისგან შედგება:
ეტაპი მოსმენამდე:
ამ ეტაპის მიზანია მოსწავლის სიმღერის მოსმენისთვის მომზადება ენობრივი, კულტუროლოგიური, საგანმანათლებლო, თემატური და ფსიქოლოგიური კუთხით. აქ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თემაც და ლექსიკაც, ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს შემდეგი ეტაპის დაძლევაში. ამ ეტაპის მთავარი ელემენტი მოსასმენი მასალისადმი ინტერესის გაღვივებაა. ჩვეულებრივ, აქ გამოიყენება კითხვები, რომლებიც კავშირშია სიმღერის თემასთან.

მოსმენის ეტაპი:
ამ ეტაპის დროს მოსწავლეები მუშაობენ უშუალოდ სიმღერაზე. ტექსტს უსმენენ ორჯერ. პირველი მოსმენის ამოცანები უფრო ფართო სპექტრისაა. მაგ. სიმღერის თემის ამოცნობა. მეორედ მოსმენის დროს ეძლევათ უფრო დეტალური კითხვები და დავალებები. მაგ. „სწორია-არასწორიას” ტიპის დავალებები. ამ ეტაპზე მოსწავლეს მოეთხოვება რამდენიმე ამოცანის შესრულება. მაგ. სიმღერის მოსმენა და ამავე დროს ტექსტში წარსული დროის ზმნების მონიშვნა ან რაიმე სხვა ტიპის კონკრეტული დავალება. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, მოსწავლეს საშუალება მივცეთ, წარმოადგინოს თავისი ნამუშევარი მეგობრების წინაშე ან შეადაროს სხვისას. ტექსტის დეტალური გადამუშავების შემდეგ შესაძლებელია შინაარსის დაკონკრეტება. ეს აქტივობები ლაპარაკის უნარსაც გააუმჯობესებს.

მოსმენის შემდგომი ეტაპი:
ეს ეტაპი მიმართულია უკვე წერისა და ლაპარაკის უნარების განვითარებაზე. მოსწავლეები წინა ეტაპებზეც წერდნენ და ლაპარაკობდნენ კიდეც, თუმცა პირველი ეტაპის მიზანი თუ მოტივაციის ამაღლებაა, ამ ეტაპზე მიზნად გვაქვს ლაპარაკისა და წერის უნარების განვითარება. ამ ეტაპის დავალებებში ერთმანეთში გაერთიანებულია ადრე ნასწავლი და ახალი მასალა. ბოლოს შეგვიძლია შევთავაზოთ სიმღერის შესრულებაც.
ამა თუ იმ ეტაპის მიზნებით განსაზღვრულია თითოეული ეტაპისთვის შესათავაზებელი დავალებების დიაპაზონი.

მოსმენამდე ეტაპისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ შემდეგი ტიპის დავალებები:

1.წაიკითხეთ სიმღერის სათაური. თქვენი აზრით, რაზეა ეს სიმღერა?
2.წაიკითხეთ სიმღერის სათაური. შეეცადეთ გამოიცნოთ, რა სიტყვები შეიძლება შეგხვდეთ ტექსტში?
3.გონებრივი იერიში (სიმღერის იდეა, ლექსიკა და სხვა).
4.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სურათებს. სურათების დახმარებით მათ უნდა ამოიცნონ სიტყვები, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ.
5.აღწერეთ სურათები, რომლებიც, თქვენი აზრით, სიმღერის შინაარსთან კავშირშია.
6.გაეცანით სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც სიმღერის შინაარსის გარკვევაში დაგეხმარებათ (დაჭრილი და არეული ფრაზები/სიტყვები/წინადადებები სიმღერის ტექსტიდან).
7.წაიკითხეთ ფრაზები და წინადადებები სიმღერის ტექსტიდან და დაალაგეთ სწორი თანმიმდევრობით.

მოსმენის ეტაპის დროს შეგვიძლია შევთავაზოთ შემდეგი ტიპის დავალებები:

1. რამდენად გამართლდა თქვენი ვარაუდები თემასთან დაკავშირებით;
2.მოისმინეთ და სიმღერიდან ამოკრიფეთ საჭირო ინფორმაცია თხზულების დასაწერად;
3.მოისმინეთ სიმღერა და დასვით მახვილები;
4.მოისმინეთ სიმღერა და სწორი თანმიმდევრობით განათავსეთ სურათები;
5.შეამოწმეთ, რამდენად სწორად არის დაცული თანმიმდევრობა;
6.კარნახი. მოისმინეთ და ჩაწერეთ/შეავსეთ გამოტოვებული ადგილი;
7.მოისმინეთ სიმღერა. იპოვეთ და შეასწორეთ შეცდომები ტექსტში (ფაქტობრივი, გრამატიკული, ლექსიკური, სინტაქსური და სხვა);
8.გონებრივი იერიშის დროს ჩაწერილი რომელი სიტყვები შეგხვდათ სიმღერაში?
9.მოისმინეთ და დათვალეთ, რამდენჯერ გვხვდება სიმღერაში სიტყვა X (მაგალითად, წარსული დროის ზმნები ან რაიმე სხვა სიტყვა);
10.მოიგონეთ სათაური თითოეული სტროფისთვის. მოიფიქრეთ სიმღერის სათაური;
11.შეადგინეთ სქემა და შეავსეთ ცხრილი;
12.თითოეული კითხვისთვის ამოარჩიეთ ერთი სწორი პასუხი ჩამოთვლილებიდან;
13.განსაზღვრეთ გამუქებული სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა;
14.შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

მოსმენის შემდგომი ეტაპის დროს შეგვიძლია შევთავაზოთ შემდეგი ტიპის დავალებები:

1.თქვენი აზრით, რა მოხდება შემდეგ;
2.დააკვირდით სურათს და სიმღერას, ჩამოაყალიბეთ განსხვავებები;
3.დისკუსია სიმღერის გარშემო (ნებისმიერ თემაზე);
4.მოიფიქრეთ დიალოგი, რომელიც შეიძლება წარიმართოს სიმღერის გმირებს შორის;
5.მიწერეთ წერილი სიმღერის გმირს;
6.რა კითხვებს დასვამდით სიმღერის გარშემო შინაარსის ამოწურვის მიზნით?
7.გადაწერეთ ტექსტი სხვა პერსონაჟის პოზიციის გათვალისწინებით;
8.მოიფიქრეთ კითხვები ინტერვიუსთვის სიმღერის პერსონაჟთან;
9.როლური თამაში სიმღერაში წარმოდგენილი სიტუაციის გათვალისწინებით;
10.დახატეთ/შექმენით სიმღერის პოსტერი;
11.იმღერეთ (შესაძლებელია ჩაწერა, შემდეგ ინტონაციაზე მუშაობა).

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ენის სწავლების დროს სოციოკულტურული კომპეტენციების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. კავშირი რუსულ ენასა და რუსულ კულტურას შორის თვლანათლივ ჩანს სიმღერების მაგალითზე, რაც საშუალებას გვაძლევს, სიმღერა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სასწავლო რესურსი, არამედ როგორც კულტურათაშორის ურთიერთობის ინსტრუმენტი. ამას გარდა, ვიდეო-კლიპებისა და სიმღერების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.Лотман Ю.М. Текст в тексте // Лотман Ю.М. Избранные статьи. 1992
2.Сафонова В.В. Современный русский аудио- и видеотекст в контексте межкультурного языкового образования. 2012.
3.DavanellosA.Song//English Teaching professional.1999


სიმღერის და ვიდეოკლიპების ავთენტურობა და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებისთვის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარებისთვის – ამ სტატიის პირველი ნაწილის ძირითად თემას წარმოადგენდა. შესაბამისად, გავარჩიეთ სავარჯიშოები სიმღერის გამოყენებისთვის ყველა ეტაპის აღწერით. ვაგრძელებ ამ თემას და იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციას მასწავლებლები პრაქტიკულად გამოიყენებენ.

რუსული ენის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე სწორად იყოს დასმული ინტონაცია. სწავლების საწყის ეტაპზე სიმღერა გვეხმარება უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად იქნას ათვისებული ხმოვნების რედუქციის, ყრუ და ჟღერადი, მაგარი და რბილი თანხმოვნების, არტიკულაციურად რთული შეთანხმებების გამოთქმის თავისებურებები. პირველ რიგში, სიმღერის გამოყენებისას, ჩვენ ვუადვილებთ მოსწავლეებს ისეთი ამოცანის შესრულებას, როგორიცაა სწორი არტიკულაცია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრების გამოთქმას უცხოურ ენაზე არა ცალკეული სიტყვების, არამედ სიტყვათა შეთანხმებებისა და ფრაზების საშუალებით. ისინი სწავლობენ გაბმული ლაპარაკის გაგება-გააზრებას, ითვისებენ სამეტყველო სეგმენტებს, მახვილებს, ძლიერი და სუსტი მარცვლების მონაცვლეობას და სხვ.

სასიმღერო და მუსიკალური რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ენობრივ ასპექტებზე, არამედ სამეტყველო უნარებზე მუშაობისას. ასეთ შემთხვევაში სამეტყველო კლიშეებს მოსწავლე იმახსოვრებს მთლიანობაში, ფრაზების და სიტყვათა შეთანხმებების გრამატიკული ან სტრუქტურული ანალიზის გარეშე. აქ ავთენტური მასალის გამოყენება მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რადგანაც სიმღერებს მეტი უპირატესობა აქვს პროზაულ მასალასთან შედარებით. სასიმღერო მასალა კულტუროლოგიური კომპეტენციების ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რუსული სიმღერა არის კულტურული ცოდნის ძირითადი წყარო, სადაც ასახულია რუსული ენობრივი ცნობიერების, მორალური ღირებულებების და სხვადასხვა ეპოქებისა და საზოგადოებრივი ფენების ძირითადი ცნებები.

მულტფილმებსა და მხატვრული ფილმებიდან გამოყენებული სიმღერები უძვირფასესი სასწავლო რესურსია, თუმცა მეთოდური კუთხით ნაკლებადაა ათვისებული რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლებაში. საბავშვო სიმღერები რუსული კულტურის შესასწავლი ცოცხალი წყაროა, სადაც მხატვრული ფორმით ასახულია ძირითადი კულტურული ღირებულებები, ცნობიერების სტერეოტიპები. ამიტომაც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური მარაგის გასამდიდრებლად ზუსტად ამ სიმღერების გამოყენებაა მიზანშეწონილი.

მეთოდისტები გამოყოფენ საბავშვო სიმღერების ტექსტების შემდეგ დადებით მხარეებს:
  • ის მარტივი და გასაგებია მხატვრული სახის აღსაქმელად;
  • გამოყენებულია რუსული სალიტერატურო ენა სწორად დასმული მახვილებით და მკაფიო რითმებით;
  • მკაფიო რითმი სწრაფად დამახსოვრებას უწყობს ხელს;
  • სტროფს ცვლის მისამღერი – ეს ფორმატიც უწყობს ხელს ლექსიკური ერთეულების, ფრაზების და კონსტრუქციების სწრაფ დამახსოვრებას.
მეთოდისტებმა შეისწავლეს და გამოიკვლიეს რამდენიმე პოპულარული სიმღერის ტექსტი.
ესენია: 
  • «Чунга-чанга» (В. Шаинский – Ю. Энтин), 
  • «Улыбка»(В. Шаинский – М. Пляцковский), 
  • «Песенка крокодила Гены»(В.Шаинский -А.Тимофеевский), 
  • «Дважды два четыре» ( В. Шаинский- М. Пляцковский),
  • «Настоящий друг» (Савельев Б – Пляцковский М.), 
  • «Песенка о лете»(Е. Крылатов – Ю. Энтин), 
  • «Песня барона Мюнхгаузена» (Калош Ш.- Сеф Р.), 
  • «Песня о мечте» (М.Дунаевский- Ю.Энтин), 
  • «Антошка» (В. Шаинский – Ю. Энтин), 
  • «Песенка мамонтенка» (В. Шаинский – Д. Непомнящая), 
  • «Если добрый ты» (Б. Савельев – М. Пляцковский), 
  • «Лев и брадобрей»(Н. Олев -М. Дунаевский), 
  • «Спи, моя радость, усни…»(Моцарт В. – Свириденко С), 
  • «Вместе весело шагать» (М. Танич – В. Шаинский), 
  • «33 коровы» (М.Дунаевский- Н. Олев)
ამ კონკრეტული სიმღერების გამოყენებისას რესურსის სახით გამოიკვეთა ენის შემდეგი ასპექტები, კერძოდ:

1.ფონეტიკა – სიმღერებში « Чунга- чанга», «Песня крокодила Гены» კარგად არის წარმოდგენილი მახვილები: синий, свод, лето, год, весело, живем, песенку, поем.
სიმღერაში «Чунга-Чанга»-ს რითმი ენერგიულია, სახეზეა გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა. ზოგიერთი სიმღერის მასალაზე შესაძლებელია რთულ ბგერებზე, ფონეტიკურ მოვლენებზე და ბგერათა შეთანხმებაზე მუშაობა.

2.ლექსიკა და ფრაზეოლოგია. თითოეული სიმღერა ახალი ლექსიკის წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, თუ გაკვეთილის მთავარი მიზანია კონკრეტული თემის ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, სიმღერის ძირითადი თემატიკა ამ თემას უნდა შეესაბამებოდეს. სიმღერა «Настоящий друг» შესაძლებელია გამოვიყენოთ მეგობრობის თემატიკის გავლისას. სიმღერაში გამოყენებულია ლექსიკა: дружба крепкая; друг в беде не бросит; верный друг; не разлей водой. ამავე თემაში შესაძლებელია ცნობილი სიმღერის «Улыбка» გამოყენება. თუმცა სტილისტური სირთულეებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მისი გაკვეთილზე გამოყენება უფრო მაღალ დონეზე. ან სასურველია, მოსწავლე წინასწარ (ლექსიკურად) მომზადებული იყოს.

3.სტილისტიკა, კულტუროლოგია. სიმღერა «Песня о мечте» მასწავლებელმა შესაძლებელია მოასმენინოს მოსწავლეებს კომენტარების თანხლებით რუსული კულტურის გასაცნობად, ახსნას რუსული კულტურის თავისებურებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასიმღერო მასალის შერჩევა უნდა დაეფუძნოს ავთენტურ პრინციპებს და შესაბამის მეთოდებს. მაგალითად, ენის მხატვრული სტილის აღსაქმელად «Песенка о лете» უფრო კარგი ნიმუშია, ვიდრე ნებისმიერი ნაწყვეტი პროზიდან ან პოეზიიდან. ამ სიმღერაზე დაყრდნობით შესაძლებელია მეტაფორის, ეპითეტის ახსნა. მაგალითად, «Вот оно какое наше лето, / Лето яркой зеленью одето, / Лето жарким солнышком (эпитет) согрето (метафора), / Дышит лето ветерком. / На зеленой солнечной опушке (эпитет) / Прыгают зеленые лягушки (эпитет) / И танцуют бабочки – подружки (олиц). / Расцветает все кругом!»;

4.გრამატიკა. არსებითი სახელის ბოლოსართების –ия –ზე დაბოლოებული საკუთარი სახელების მარტივად დასამახსოვრებლად მოსწავლეებს შეიძლება მოვასმენინოთ «Песня барона Мюнхаузена»: «На Мадагаскаре, в Коломбо и Сахаре- / Я повсюду побывал, я видел белый свет. / В Гренландии, Лапландии, Исландии, Финляндии / Вам скажут, что находчивей Мюнхаузена нет…» სიმღერა «Дважды два-четыре» რიცხვითი სახელების სწავლებაში დაგვეხმარება, ხოლო დროების უკეთ აღსაქმელად – «Песенка мамонтенка», «Лев и брадобрей», «Спи, моя радость, усни», «Вместе весело шагать..»;

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ :
  • სიმღერების შესწავლა ოთხივე საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) გასავითარებლად არის ეფექტიანი;
  • სიმღერების, როგორც სასწავლო მასალის გამოყენება ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის ათვისებას, ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება–გააქტიურებას, ინტონაციისა და მახვილების სწორად დასმას;
  • სიმღერების მრავალფეროვნება მოსწავლეებს საკუთარ ენასთან შედარების საშუალებას აძლევს თავისებურებების და განსხვავებების აღმოჩენის მეშვეობით;
  • სიმღერებით სწავლება ხელს უწყობს ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას;
  • სიმღერებით სწავლების მეთოდი ბევრი სხვა უპირატესობებით სარგებლობს სხვა მეთოდებთან შედარებით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის მის გამოყენებას;
  • საბავშვო სასიმღერო რესურსი წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ რესურსს რუსულის, როგორც უცხოური ენის ათვისებისთვის, რადგანაც მასში წარმოდგენილია შედარებით გამარტივებული ლექსიკური და გრამატიკული მასალა, რომელიც მოიცავს ძირითად ლექსიკას, ფრაზებს, გამონათქვამებს, კონსტრუქციებს.
  • საბავშვო სიმღერები წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მასალას, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო მულტფილმებს და მხატვრულ ფილმებს, რადგანაც მათში წარმოდგენილია კონკრეტულ რუსულ მენტალობასთან და კულტურასთან დაკავშირებული სიტუაციები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Потапенко, Т.А. Песни к детским мультипликационным и игровым фильмам в обучении русскому языку как иностранному/Т.А. Потапенко// Русский язык за рубежом.- 2003.- №4
2.Потапенко, Т.А. Роль песни в изучении иностранцами русского языка и его культурного фона.








Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Понравился пост?
Поделитесь с друзьями!


Комментариев нет:

Отправить комментарий