среда, 6 июля 2022 г.

ლევ ვიგოტსკი - უახლოესი განვითარების ზონა





ლევ ვიგოტსკი - უახლოესი განვითარების ზონა

  ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უახლოესი განვითარების ზონის ცნებას. ვიგოტსკის მიხედვით, განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს. ზოგი პრობლემის გადაწყვეტისას კი ბავშვს სჭირდება უფროსის დახმარება - მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის შეხსენება, მისი მცდელობის წაქეზება და ა.შ. 
რა თქმა უნდა, ზოგი ამოცანა ბავშვის ძალებს აღემატება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითოეული ნაბიჯი ნათლადაა ახსნილი. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები ასაკთან ერთად ვითარდება. ყოველ ასაკს შეესატყვისება ამა თუ იმ ფუნქციის განვითარება და სრულყოფა. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები არათანაბრად ვითარდება. შეფასების მომენტში ზოგი მათგანი უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგი კი მხოლოდ იწყებს ჩამოყალიბებას. მხატვრული შედარება რომ გამოვიყენოთ, ბავშვის ფსიქიკა ერთდროულად იმყოფება ორ მდგომარეობაში - მყარი და თხევადი. ზოგი პროცესი უკვე ჩამოყალიბდა, გამყარდა. ზოგი (თხევადი) კი მხოლოდ ეხლა იწყებს გამყარებას. მაგალითად, 3 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია დახიოს ან დაკუჭოს ქაღალდი. უფროსის დახმარებით კი შეუძლია, ქაღალდის ნაწილებისგან აპლიკაცია ან ქაღალდის ბურთი გააკეთოს.

ლ. ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს:

1.აქტუალური განვითარების დონე 
2. უახლოესი განვითარების ზონა.

აქტუალური განვითარების ზონა, ეს არის ფსიქიკური ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე.

უახლოესი განვითარების ზონა გულისხმობს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

- დედამ მიიყვანა 3 წლის ნინო საბავშვო ცენტრში, სადაც რამოდენიმე მაღალი სკამი იდგა. ერთ-ერთ სკამზე ცდილობდა დაჯდომას 4 წლის ბიჭი. დედა, რომელიც მის გვერდით იდგა, ცდილობდა შვილი დაეზღვია, რომ არ დავარდნილიყო და აძლევდა მითითებას, თუ სად უნდა დაედგა ფეხი. 3 წლის ნინომ კი ორივე ხელი აწია. დედამ აიყვანა ბავშვი და სკამზე დასვა.

- მამამ შვილს ელექტრონული თამაში უყიდა, რომელსაც ყუთზე ეწერა: - განკუთვნილია 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. მამამ ”ზუსტად იცოდა”, რომ მისი 2 წლის შვილი ძალიან გონიერია, ამიტომ სათამაშოთი სიამოვნებით ითამაშებდა. მამა ძალიან განაწყენდა, როცა აღმოაჩინა, რომ შვილს ძალიან მოეწონა სათამაშოს ყუთი, რომელსაც თამაშისას იყენებდა მანქანების ფარეხად და არ უსმენდა მამას, რომელიც ცდილობდა მისთვის თამაშის წესი აეხსნა.

აღწერილი მაგალითებიდან ჩანს, თუ როგორ იყენებენ მშობლები უახლოესი განვითარების ზონას, ბავშვის აღზრდისა და სწავლებისთვის. 

პირველ მაგალითში აღწერილი ბიჭის დედა მოქმედებდა, ბავშვის უახლოესი განვითარების ზონაში - ეხმარებოდა ბავშვს დამოუკიდებლად სკამზე დაჯდომაში. ნინოს დედა კი არ შეეცადა დახმარებოდა შვილს სკამზე დაჯდომაში. ეს მან ბავშვის მაგივრად გააკეთა და არა მასთან ერთად. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ნინოსთვის სკამზე დამოუკიდებლად დაჯდომა, არის უახლოეს განვითარების ზონაში. 

 გიორგის მამამ კი გადაჭარბებულად შეაფასა შვილის შესაძლებლობები. გიორგის აქტუალური განვითარების ზონაში არის მანქანებით თამაში (მას ამისთვის არ ჭირდება მამის დახმარება). ის, რომ მან არ გამოიყენა მამის დახმარება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თამაში არ არის მისი უახლოესი განვითარების ზონაში.

ლ. ვიგოტსკის მიხედვით, განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს გარკვეული პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ბავშვი ახერხებს, მას ჭირდება მხოლოდ რაიმე მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის შეხსენება, მისი მცდელობის წაქეზება და ა.შ. უახლოესი განვითარების ზონაში მყოფ ამოცანებს ბავშვი წყვეტს მხოლოდ უფროსის დახმარებით. 

ის ამოცანები, რომელსაც ბავშვი დღეს წყვეტს უფროსის დახმარებით, ხვალ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და ეს გახდება მისი აქტუალური განვითარების ზონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა უნარი გადადის განვითარების აქტუალურ ზონაში, ბავშვის წინაშე იხსნება ახალი შესაძლებლობები და შემდგომი განვითარების საფუძველი.

ყოველი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ დაძაბულობას, ქმნის განვითარების საფუძველს. აქტუალური განვითარების ზონა ორ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი, ხოლო უახლოესი განვითარების ზონა კი განსხვავებული. ერთ ბავშვს - დიდი, მეორეს კი პატარა.

უახლოესი განვითარების ზონა იზომება პედაგოგის დახმარების რაოდენობით და ხარისხით. ბავშვმა, რომელმაც აითვისა მაგალითად, მათემატიკური მოქმედებები, შეიძლება განიცდიდეს სირთულეებს ორთოგრაფიის წესების ათვისებაში, ე.ი. უახლოესი განვითარების ზონა მხოლობით რიცხვში არ არის წარმოდგენილი.

 ყოველი ადამიანისთვის არსებობს სხვადასხვა უახლოესი განვითარების ზონა, აქტიობის სხვადასხვა სფეროში. სწავლების პროცესში უახლოესი განვითარების ზონა იცვლება. მაგალითად, დღეს ბავშვს შეუძლია პედაგოგის დახმარებით მოიფიქროს ისტორია. პედაგოგი დაეხმარება პერსონაჟების აღწერაში, სიუჟეტის ხაზის შექმნაში. გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვი, დამოუკიდებლად დაწერს თხზულებას დასმულ თემაზე. 

 უახლოესი განვითარების ზონის იდეა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისთვის. გქონიათ ასეთი შემთხვევა, როცა რომელიმე გამოცდის ჩაბარებისას, თქვენ გაგჩენიათ განცდა, რომ საკითხი კარგად არ გესმით ? ასეთი განცდა მიუთითებს, თქვენს პირად გამოც­დილებაზე უახლოესი განვითარების ზონასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გესმით აუდიტორიაში, როცა პედაგოგი თქვენს გვერდითაა და გაძლევდათ მიმართულებას, იგივე შინაარსი ცუდად გესმით (ვერ ასრულებთ დავალებას), როცა პედაგოგი თქვენს გვერდით არ არის.

როგორ გავარკვიოთ უახლოესი განვითარების ზონა ?

  • დააკვირდით თქვენს მოსწავლეებს მეცადინეობის დროს; 
  • ესაუბრეთ მშობლებს, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ დაკვირვებას;
  • გაარკვიეთ, რატომ იძლევა ბავშვი დასმულ კითხვაზე, ამა თუ იმ პასუხს ან იქცევა, ამა თუ იმ სახით;
  • ასევე შეიძლება ესაუბროთ მშობლებს, თანაკლასელებს, ან სხვა ადამიანებს ვინც ბავშვს იცნობს; 
  • შეაფასეთ ბავშვის შესაძლებლობები.

უახლოესი განვითარების ზონასთან დაკავშირებით, შეიძლება შემდეგი კითხვა დაისვას - რამდენად არის მიზანშეწონილი, ბავშვის ცოდნის შეფასებისას სტანდა­რტიზებული ტესტების გამოყენება ? 
ლ. ვიგოტსკის აზრით, სტანდარტიზებული ტესტები დიდ მნიშვნელობას იმ მიღწევებს ანიჭებენ, რასაც ბავშვებმა უკვე მიაღწიეს. ისინი აფასებენ აქტუალური განვითარების დონეს. ამიტომ, მასწავლებელი, რომელიც ამზადებს ბავშვს ტესტის ჩასაბარებლად, მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს ბავშვს სასწავლო მასალის შინაარსის დამახსოვრებაში. ტესტებში ყურადღება არ ექცევა უახლოესი განვითარების ზონის დადგენას, რომელიც მომავალში ბავშვის გარემოსადმი ადაპტაციისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

წყარო: მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი - 15 თებერვალი 2013

წყარო >>>









Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментариев нет:

Отправить комментарий