среда, 6 июля 2022 г.

აქტიური სწავლების სტრატეგიები






პედაგოგიკის მეთოდიკის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიური სწავლების სტრატეგიებს, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლიათ სწავლების ყველა საფეხურზე და ყველა საგანში. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, 

  • განავითაროს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები, 
  • ხელი შეუწყოს მათი განსაკუთრებული ინტერესების გამოვლენას, 
  • თვითშეფასების ამაღლებას, 
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
ამერიკელმა სოციოლოგებმა საგულისხმო და საინტერესო კვლევა ჩაატარეს იმის გამოსავლენად, თუ რა ტიპის წყაროებიდან რა მოცულობით იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მათ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიეს ახალგაზრდები, რომელთაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ. მათ შესთავაზეს ათი კითხვა მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას.

ამ ექსპერიმენტმა მკვლევრები მიიყვანა შემდეგ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია სკოლა, ის წარმატებით ასწავლის მხოლოდ ერთს ათიდან. როგორც უნდა ვეცადოთ, სკოლაში კარგად სწავლობს მხოლოდ 10%. რატომ? კვლევებმა აჩვენა, რომ 
  •   ადამიანი მხოლოდ 10%-ს იმახსოვრებს წაკითხულიდან, 
  • 20%-ს – მოსმენილიდან, 
  • ხოლო 30%-ს – ნანახიდან.
გამოკვლევამ წარმოაჩინა, რომ 50% გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, მაგალითად, როდესაც ვნახულობთ ფილმებს, ვათვალიერებთ გამოფენას, მივდივართ ექსკურსიაზე.

საგულისხმოა, რომ 70% გვამახსოვრდება იქიდან, რასაც ვლაპარაკობთ, მაგალითად, როცა გამოვთქვამთ ვარაუდებს, თვალსაზრისებს დისკუსიის დროს. მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება 90%, როდესაც ვსაუბრობთ და ვმონაწილეობთ რეალურ პროცესში, თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ დასკვნებს, ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს.

მოსწავლე იმახსოვრებს: 

10%

წაკითხულიდან

წიგნი, სახელმძღვანელო, ბეჭდური მედია

20%

მოსმენილიდან

ლექცია, ზეპირი ახსნა

30%

ნანახიდან

ილუსტრაცია, სლაიდები

50%

ნანახიდან და მოსმენილიდან

ფილმი, გამოფენა, ექსკურსია

70%

საუბრიდან

დისკუსია

90%

საუბრიდან, მოქმედებიდან

რეალური მოქმედებების იმიტაცია


 მკვლევართა აზრით, ამის ახსნა ძალიან მარტივია: ადამიანთა მხოლოდ 10%-ს აქვს უნარი, ისწავლოს წიგნის კითხვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ 10%-ს მიესადაგება ტრადიციული სწავლების მეთოდები. დანარჩენ 90%-საც შეუძლია სწავლა, მაგრამ არა წიგნის კითხვით, არამედ სხვა გზით, თავისი მცდელობებით, რეალური გამოცდილებით, გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობით. ასე რომ, ყველა ადამიანს შემეცნებისა და განვითარების სხვადასხვა საშუალება აქვს.

ამ ყოველივეს გათვალისწინება აუცილებელია, რათა პედაგოგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს. მან უნდა იზრუნოს და გაამრავალფეროვნოს სწავლების პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა გზა შესთავაზოს ახალი ინფორმაციის აღსაქმელად, გასაგებად, გასაანალიზებლად, ძველისა და ახალი მასალის დასაკავშირებლად, შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.

სწავლების აქტიური მეთოდები მოსწავლეს ახალ პოზიციაში აყენებს, როდესაც ის აღარ არის, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „პასიური ჭურჭელი“, რომელსაც ცოდნით ვავსებთ. ის აქტიურდება და საგანმანათლებლო პროცესში იღებს მონაწილეობას. ადრინდელი სასწავლო გამოცდილების მიხედვით, მოსწავლე მთლიანად ექვემდებარებოდა მასწავლებელს, დღეს კი პედაგოგი მისგან მოელის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას, შემოქმედებითობას.

სწავლების აქტიური მეთოდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ჯგუფური მუშაობის ფორმას. აქტიური მეთოდების ტექნოლოგია ეფუძნება ერთობლივ მოქმედებას და მიმართულია იმისკენ, რომ:

  • ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთი შეავსონ და გაამდიდრონ თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით; 
  • მოახერხონ ერთობლივი მოქმედებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო-შემეცნებითი პროცესების გააქტიურებას; 
  • შეძლონ კომუნიკაცია, ურთიერთობა, რის გარეშეც წარმოუდგენელია შესასრულებელ დავალებათა განაწილება, თვალსაზრისთა გაზიარება და ურთიერთგაგება; 
  • შეძლონ პრობლემის გადასაწყვეტად მოქმედების ხერხების გაზიარება; 
  • შეძლონ ურთიერთგაგება, რაც განსაზღვრავს მოსწავლეთა ჩართულობას ჯგუფში და ინდივიდუალური უნარების მაქსიმალურ გამოვლენას; 
  • შეძლონ რეფლექსია, რომლის საშუალებითაც წარმოჩნდება მონაწილის პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებაზე, შეცდომის შემთხვევაში კი – მოქმედების შესწორების უნარი.
აქტიური მეთოდები გულისხმობს სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენებას. თამაშის პედაგოგიკა კრებს იდეებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფში ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თვალსაზრისთა ურთიერთგაცვლას, კონკრეტული პრობლემების გაგებას და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც აღიარებულია, თამაშს დამხმარე ფუნქცია აქვს სწავლების პროცესში.

თამაშის პედაგოგიკის ამოცანაა, წარმოადგინოს მეთოდიკა, რომელიც ჯგუფურ მუშაობას ეხმარება და ქმნის ატმოსფეროს, რომლის წყალობითაც მონაწილეები თავს გრძნობენ კომფორტულად და დაცულად. ყოველ მათგანს აქვს შეგრძნება, რომ მის თვალსაზრისს, იდეას პატივს სცემენ; შეიძლება შენიშვნა მისცენ, გააკრიტიკონ, არ მიიღონ, მაგრამ ამას ისე გააკეთებენ, რომ აზრის გამომთქმელს არ დაამცირებენ, არ დასცინებენ, ღირსებას არ შეულახავენ.

თამაშის პედაგოგიკა მასწავლებელს და მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა უნარის გამოვლენაში, შესაძლებლობების რეალიზაციაში. მონაწილეეებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ განცდები, ემოციები, დაიხმარონ ჟესტ-მიმიკა და ყველა გზითა და ხერხით გამოავლინონ საკუთარი თავი ისე, რომ არ ჰქონდეთ სიმორცხვისა და გაუბედაობის განცდა. მათ უნდა დაძლიონ სხვებთან ურთიერთობის შიში, იყვნენ ლაღნი და კეთილგანწყობილნი ჯგუფის ყველა წევრის მიმართ. ნდობით მოეკიდონ ყოველ ახალ მონაწილეს და საშუალება მისცენ, თავი იგრძნოს ჯგუფის სრულყოფილ წევრად.

ამგვარი მუშაობა დაარღვევს ბევრ უსარგებლო და სწავლების შემაფერხებელ სტერეოტიპს, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერებაშია ჩამოყალიბებული. მოსწავლეს აუმაღლდება თვითშეფასება, გახდება უფრო თავდაჯერებული, თამამი, გამბედავი და გაუჩნდება სიხარულის განცდა, რომელიც მოაქვს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, საზოგადოებაში თვითდამკვიდრების განცდას.

თამაშის პედაგოგიკის პრინციპებია:
  1. საკუთარი ნებით მონაწილეობა; 
  2. შეჯიბრებისთვის თავის არიდება და დადებითი ემოციების გამოვლენის შესაძლებლობა; 
  3. გამოყენებული ფორმის მრავალფეროვნება; 
  4. ყურადღების გამახვილება კომუნიკაციის ყველა დონეზე. 
აქტიური მეთოდიკის სტრატეგიებზე დღეს ბევრი თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფიქრობს. მათ შორისაა სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი პროფესორი დევიდ კოლბი ხელმძღვანელობს. მკვლევართა აზრით, ადამიანი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ 1/8 ჩანს წყლის ზედაპირზე, 7/8 კი წყლითაა დაფარული. ხომალდების უმეტესობა ოკეანეებში აისბერგის სწორედ ამ უხილავი ნაწილის მსხვერპლი ხდება. პედაგოგთა წარუმატებლობის დიდი წილი მოდის იმაზე, რომ სასწავლო პროცესში ისინი ხშირად ივიწყებენ მოსწავლის გრძნობებსა და ემოციებს.

სწავლების აქტიურ მეთოდებს შორის ცნობილია თამაშის ორგანიზების შემდეგი ფორმები:
  •  „ყინულმჭრელი“, 
  • „გადაწყვეტილებათა ხე“,
  •  „ცარიელი სავარძელი“, 
  • „6 х 6 х 6“, 
  • „იდეების ხალიჩა“ და სხვ.
მეთოდი „ყინულმჭრელი“ ხშირად გამოიყენება თითქმის უცნობ ადამიანთა დასაახლოებლად (წარდგენა, ინტერვიუ). კლასში, სადაც მოსწავლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, ეს მეთოდი გამოიყენება ემოციური განწყობის ასამაღლებლად.

აქტიური მეთოდიკა გულისხმობს სწავლებას ჯგუფებში, 
  • რომელთა შემადგენლობა ყოველ ჯერზე იცვლება. 
ჯგუფებად დაყოფის მეთოდიკა კი გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი თავიდანვე აყალიბებს ჯგუფის შედგენის პრინციპებს. მასში 
  • არ უნდა იყოს 9 მოსწავლეზე მეტი. 
პედაგოგმა ეს მეთოდიკაც უნდა გაამრავალფეროვნოს და საინტერესო გახადოს. 
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწილდნენ მოსწავლეები „საუკეთესოებად“ და „უარესებად“. 
ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ 
  • ჯგუფს ყოველთვის ერთი და იგივე ლიდერი არ ჰყავდეს.
  • ყოველ გაკვეთილზე ახალი შემადგენლობის ჯგუფები უნდა შეიქმნას.
 მიზანი ისაა, რომ მოსწავლეები შეეჩვიონ საკუთარი იდეების გაზიარებას, შეიძინონ საერთო თვალსაზრისის შექმნის უნარი, შეძლონ ურთიერთობა იმ ადამიანთანაც, რომლის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი, ან რაიმე უთანხმოება აქვთ; მოახერონ ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა ახალი იდეების მოსაფიქრებლად.

მეთოდიკა „გადაწყვეტილებების ხე“ – ამ მეთოდიკას იყენებენ არაერთმნიშვნელოვანი და რთული სიტუაციების დროს. მასწავლებელი მუშაობის დაწყებამდე წარმოაჩენს პრობლემას, რომელსაც შემდეგ ჯგუფებში განიხილავენ. იგი წინასწარ ამზადებს ცხრილებს ყოველი ჯგუფისთვის. მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ავალებენ, რომ გაეცნონ იმ საკითხებს, კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც მოცემული პრობლემის გადასაჭრელად დასჭირდებათ. გაკვეთილზე კი ისინი ყოველმხრივ განიხილავენ პრობლემას, დაწვრილებით აანალიზებენ მისი გადაჭრის გზებს, ყოველი გადაწყვეტილების პლუსებს და მინუსებს გამოავლენენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საერთო გადაწყვეტილებას. ყოველი ჯგუფი დავალების შესრულებისას ავსებს ცხრილს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჯგუფის მუშაობის პროცესს:

პრობლემა 

+უპირატესობა

+უპირატესობა

1.

1.

2.

2.

3.

3.


  საერთო გადაწყვეტილება

მეთოდიკა 6X6X6 („ექვსჯერ ექვსი“) – ამ დროს მუშაობა ორ ეტაპად მიმდინარეობს.

  პირველ ეტაპზე ყოველი ჯგუფი დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას. მუშაობის პროცესში მონაწილეები იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, ამასთანავე, ყოველი მათგანი ემზადება იმისთვის, რომ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ახალ ჯგუფში სხვებს გაუზიაროს.

  მეორე ეტაპზე ახალი ჯგუფები იქმნება და პირველი ეტაპის მონაწილე ყველა ჯგუფშია. თავიდან ყოველი მონაწილე წარმოადგენს წინა ჯგუფში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, შემდეგ კი ჯგუფი ახალ დავალებას ასრულებს. ეს საშუალებას აძლევს პედაგოგს, რომ ერთი საკითხი სხვადასხვა რაკურსით გააანალიზებინოს მოსწავლეებს და მიღებული დასკვნები გააზიარებინოს.

სადისკუსიო მეთოდიკას განეკუთვნება „ცარიელი სავარძელი“. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გადაწყვეტილება მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიიღონ. ეს მეთოდი მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარს უვითარებს, ასწავლის დასაბუთებას, ზუსტი და შესაბამისი არგუმენტების მოხმობას, დამაჯერებელ დასაბუთებას, კითხვების დასმის ხელოვნებას, დისკუსიის კულტურას, ააქტიურებს მონაწილეთა დიდ რაოდენობას.

წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებული, ფურცელზე დაწერილი რამდენიმე თვალსაზრისი გაანაწილეთ 3-4 სკამზე. ერთ ფურცელზე კი დაწერეთ მხოლოდ კითხვის ნიშანი. მონაწილენი გაეცნობიან ამ ყველაფერს. ვისაც მოცემულისგან განსხვავებული შეხედულება ექნება, დადგება კითხვისნიშნიან სკამთან. ასევე განაწილდებიან სხვა სკამებთან და შეიქმნება ჯგუფები. შემდეგ ჯგუფში განიხილავენ საკითხს და აირჩევენ ლიდერს, რომელიც მათ თვალსაზრისს წარმოადგენს და დაიცავს დისკუსიის დროს. მონაწილენი დასხდებიან წრეზე. დისკუსიას იწყებენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც პირისპირ სხედან. მასწავლებელი დგამს კიდევ ერთ სკამს მისთვის, ვისაც გაუჩნდება აზრის გამოთქმის სურვილი. ამას ჰქვია ცარიელი სავარძელი, რომელზეც ჯდომა მხოლოდ ერთ წუთს შეიძლება. მასწავლებელი, რომელიც დისკუსიას უძღვება, დისკუსიას ამთავრებს მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვან დასაბუთებას მოისმენს.

„იდეების ხალიჩა“ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად მონაწილენი 3-4 ჯგუფად იყოფიან. 

პირველ ეტაპზე ხდება პრობლემის გააზრება. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: რატომ არსებობს ეს პრობლემა? ყოველ ჯგუფს ურიგდება ფერადი მისაწებებელი ფურცლები. მოსწავლეები უპასუხებენ შემოთავაზებულ კითხვას, მაგალითად: რატომ არის სკოლაში სწავლა ძნელი? ჯგუფი პასუხს წერს ფერად ქაღალდზე და აკრავს „იდეების ხალიჩაზე“.

მეორე ეტაპი გულისხმობს გზების ძიებას გადაწყვეტილების მისაღებად. რა შეიძლება შეიცვალოს? ყოველი ჯგუფი დაწერს საკუთარ პასუხს ფერად ფურცელზე და გააკრავს დაფაზე. 

მესამე ეტაპზე მონაწილეები ინდივიდუალურად მოქმედებენ. მათ უნდა უპასუხონ კითხვას: რას გავაკეთებ მე არსებული სიტუაციის შესაცვლელად? 

მეოთხე ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი იდეების შეფასებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. მონაწილემ უნდა აარჩიოს პრობლემის გასაწყვეტის ის გზა, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად მიაჩნია.

აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა ყოველი მეთოდის გამოყენების წინ მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა არჩეული მეთოდი კონკრეტულ გაკვეთილს და წინასწარვე წარმოიდგინოს სავარაუდო შედეგი.

ავტორიმაია ჯალიაშვილი - 28 აპრილი, 2016










Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментариев нет:

Отправить комментарий