რატომ არის საჭირო თანამშრომლობითი სწავლება? ავტორი - ავთანდილ შურღაია
ინდივიდუალურ და კონკურენტულ სწავლებასთან თანამშრომლობითი სწავლების შედარებისას, იკვეთება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს მოსწავლეებში: - უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგს;
- უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას ერთმანეთთან;
- სტრესული ფონის შემცირებას.
ამ დროს მოსწავლეები მხოლოდ კოლექტივში მუშაობის წესებს კი არ სწავლობენ, არამედ ღირსების გრძნობასაც იძენენ.
თანამშრომლობითი სწავლების ხუთი ძირითადი ელემენტი: დადებითი ურთიერთგავლენა - მოსწავლეები აცნობიერებენ ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობას, ანუ იმას, რომ ერთის წარმატება ნიშნავს ჯგუფის სხვა წევრების წარმატებას, ხოლო ერთის დამარცხება - დანარჩენთა დამარცხებას. აქედან გამომდინარე, დადებითი ურთიერთგავლენა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას არა მარტო პირადი წარმატებისათვის, არამედ მეგობართა წარმატებისთვისაც. - ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა - თანამშრომლობითი სწავლებისას თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ჯგუფზე და მის წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, განასხვავებენ პასუხისმგებლობის ორ დონეს: ინდივიდუალურსა და ჯგუფურს. პირველის მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში, ხოლო მეორის - ჯგუფმა ერთობლივად იზრუნოს საერთო შედეგის მისაღწევად.
- მოსწავლეთა მჭიდრო ურთიერთობის სტიმულირება - მოსწავლეები ერთად ასრულებენ სამუშაოს, ეხმარებიან, ამხნევებენ ერთმანეთს. ერთობლივი სწავლების პროცესში უმჯობესდება არა მარტო ჯგუფის თითოეული წევრის მოსწრება, არამედ მათი განწყობაც. იზრდება სწრაფვა ცოდნისაკენ, ინტერპერსონალური ურთიერთობის მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სოციალიზაციის უნარ-ჩვევების, კერძოდ, მცირე ჯგუფებში ქცევის უნარების გამომუშავება - ჯგუფებმა, რომლებიც შექმნილია თანამშრომლობითი სწავლების მიზნით, არა მარტო უნდა გადაწყვიტონ აკადემიური ამოცანა, არამედ მისმა თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ კოლექტივის წევრია. ერთობლივი მუშაობით მხოლოდ მაშინ მიიღწევა სასურველი შედეგი, როდესაც ადამიანს აქვს სოციუმში ქცევის უნარი _ უნარი, იყოს ლიდერი, მიიღოს გადაწყვეტილებები და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.
- ერთობლივი მუშაობის „ტექნოლოგია” და ანალიზი - ჯგუფში გარკვეული უნდა იყოს, მისი წევრებიდან ვინ უმკლავდება მოვალეობებს და ვინ ვერა; აუცილებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა შეცვალოს საკუთარი ქცევა. მას უნდა შეეძლოს ერთობლივი მუშაობის ანალიზი და გზების ძიება მის გასაუმჯობესებლად.
თანამშრომლობითი სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა: - ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·კრეატიულობა;
- ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება;
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიზანია. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
როლური თამაში
თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი არის სიმულაცია, ანუ როლური თამაში, რომელიც მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და მათ მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს.
სიმულაცია გულისხმობს ისეთი ხელოვნური სიტუაციების შექმნას, რომლებიც რეალობის მსგავსია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმულაცია არის რეალობის გათამაშება. სიმულაციას ადამიანების მონაწილეობით კი როლურ თამაშს უწოდებენ.
როლური თამაშები სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან, მათ საშუალება აქვთ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას.
განასხვავებენ როლური თამაშის ორ ძირითად ტიპს: - თავისუფლად ასოცირებული და სპონტანური როლური თამაშები, რომლებსაც თამაშის მონაწილეები თამაშის დროს ფანტაზიით ქმნიან და უმეტეს შემთხვევაში, ცვალებადი სცენარებით თამაშობენ.
- რეგლამენტირებული როლური თამაში, რომელშიც მოთამაშეები მყარი ”თამაშის წესს” და სცენარს მისდევენ და თამაშის განსაზღვრულ საშუალებებს იყენებენ. ფართო გაგებით, მას მიეკუთვნება თამაშის ყველა ტიპი, რომელსაც მყარი წესების მიხედვით თამაშობენ.
როლური თამაშის მიზანია: - სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს;
- ემაპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება.
გასათამაშებელი როლი ზოგჯერ მეტად განსხვავებულია პიროვნების ხასიათისაგან, ზოგჯერ კი ძალიან ჰგავს მას. როლების გაცვლით შესაძლებელი ხდება, მოსწავლეები ჯგუფის იმ წევრების გრძნობებსა და ფიქრებს ჩასწვდნენ, რომელთა ხასიათი შეესაბამება გათამაშებულ როლს. ეს კი მათ უვითარებს ემპათიის გრძნობას.
სწავლების პროცესში როლური თამაშის გამოყენებას აქვს როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) და ფსიქო-მოტორული მიზანი. მისი გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ: - თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას;
- ინფორმაციისა და გამოცდილებების როლური გათამაშებით გადმოცემას;
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
- ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას;
- კომუნიკაციური უნარების განვითარებას;
- შესაძლო პერსპექტივების წარმოსახვას;
- თვითრეფლექსიას;
- თვითრეალიზებას;
- ქმედებაზე ორიენტირებული კომპეტენციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას;
- სოციალური კომპეტენციების გამომუშავებას;
- განსაზღვრული/მოცემული ქმედებების იმიტაციას და დახვეწას.
როლური თამაში სამი ფაზისაგან შედგება: - მომზადება;
- გათამაშება;
- განხილვა.
მომზადება
როლური თამაშისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეები. - მასწავლებელი განსაზღვრავს მიზანს;
- იგი ირჩევს როლურ თამაშს და ადგენს სცენარს, როდესაც საქმე გვაქვს რეგლამენტირებულ როლურ თამაშთან, ან სცენარის მონახაზს, სპონტანური როლური თამაშისას. როლური თამაშის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო თემატიკას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, ინტერესებსა და საჭიროებებს;
- მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას, სასურველია - წერილობით. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს თამაშის მიზანს, შესრულების დროს, შესასრულებელ როლს, თამაშის წესს. იგი უნდა იყოს მარტივი ენით დაწერილი, გასაგებად ფორმულირებული და კონკრეტული;
- მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს როლური თამაშის შეფასების კრიტერიუმებს;
- თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებს დაკვირვების და ობიექტური შეფასების უნარები განუვითაროს, სასურველია, ჯგუფის წევრებს შორის გამოყოს დამკვირვებლები, რომლებიც შეაფასებენ როლურ თამაშში მონაწილეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
გათამაშება
შემდეგი ეტაპი უშუალოდ თამაშის მსვლელობაა.
- მოსწავლეები ასრულებენ როლებს ინსტრუქციის შესაბამისად. როლური თამაშების შედეგი პირდაპირ უკავშირდება ჯგუფის წევრების პროცესში ჩართულობასა და დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ამიტომ, ჯგუფის პასიური წევრები უნდა წავახალისოთ, რათა მონაწილეობა მიიღონ პროცესში.
განხილვა
- როლური თამაშების დასრულების შემდეგ მონაწილეები ასრულებენ მოქმედებას და გამოდიან როლიდან;
- ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა შეიძინეს/ ისწავლეს და გამოხატავენ ემოციებს, თუ რას გრძნობენ, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში. განხილვა უნდა შეეხებოდეს მხოლოდ შინაარსსა და პროცესს და არა მონაწილეებს.
- ამის შემდეგ დამკვირვებლები გამოთქვამენ კომენტარებს ჯგუფის
მუშაობასთან დაკავშირებით;
- ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს შედეგებს.
იმისათვის, რომ როლური თამაში იყოს ეფექტიანი, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს როლური თამაშის სამივე ფაზა. როგორც ყველა მეთოდს, როლურ თამაშსაც აქვს თავისი დადებითი ეფექტები და სირთულეები.
სასწავლო პროცესში როლური თამაშების გამოყენების დადებითი ეფექტებია: - მოსწავლე ყოველთვის ხალისით ერთვება თამაშში;
- ამჟღავნებს ინტერესსა და ენთუზიაზმს;
მაშინვე იღებს უკუკავშირს.
როლურ თამაშს ახლავს შემდეგი სირთულეები:- როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს წარმოსახვის კარგად განვითარებულ უნარს. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენებამდე მასწავლებელმა ისეთი შემოქმედებითი აქტივობები უნდა დაგეგმოს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ უნარების განვითარებას (მაგ., დაასრულე მოთხრობა, შეცვალე მოთხრობის ფინალი, დაწერე ესსე, შექმენი სცენარი და სხვ.).
- როლურმა თამაშმა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული დისტანცია შეიძლება ზედმეტად დაარღვიოს, რაც მასწავლებელს შემდგომში კლასის მართვაში შეუშლის ხელს. ამ სირთულის დასაძლევად მასწავლებელი თანმიმდევრული უნდა იყოს როლური თამაშის წესების დაცვაში და მოსწავლეებსაც უნდა მოსთხოვოს მათი დაცვა.
- მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ ემოციებისა და დამოკიდებულებების სხვების თანდასწრებით თავისუფლად გამოხატვა, დისკომფორტს გრძნობენ როლური თამაშისას. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა უნდა “გახსნას” ასეთი მოსწავლე. ამისათვის ნაკლებად უნდა გამოიყენოს კრიტიკა და წაახალისოს მცირედი მცდელობისთვისაც კი.
- ჯგუფის ზოგიერთ წევრს უჭირს როლიდან გამოსვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი გაუგებრობა და ნეგატიური ურთიერთგანწყობა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს როლიდან გამოსვლაში (მაგ., სისტემატურად უნდა შეახსენოს მათ, რომ ეს თამაშია და არა რეალობა).
- როლური თამაშების ჩატარება ძნელია დიდ ჯგუფებთან. როდესაც მასწავლებელს დიდ ჯგუფებთან უწევს მუშაობა, სჯობს, მოსწავლეთა ნაწილი დამკვირვებლის როლში ჩააყენოს.
წყარო
|
Комментариев нет:
Отправить комментарий