вторник, 25 апреля 2023 г.

ლევ ვიგოტსკი – სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი





სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი



   ლ. ვიგოტსკი აანალიზებს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც       სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების        
   ურთიერთდამოკიდებულების საკითხის ირგვლივ არსებობს. იგი მათ 
   სამ ჯგუფად ჰყოფს:




1. ჯგუფი - აქ გაერთიანებულ მკვლევართა შეხედულებით განვითარება სწავლისაგან დამოუკიდებელ პროცესად არის მიჩნეული. სწავლა განიხილება,როგორც წმინდა გარეგანი პროცესი, რომელიც ეთანხმება განვითარებას, თვითონ აქტიურად არ ერევა მასში, იყენებს განვითარების მიღწეულ დონეს და ვერ ცვლის მის მიმართულებას. ამ თეორიის ტიპურ წარმომადგენელად ლ. ვიგოტსკი ჟან პიაჟეს მიიჩნევს. ლ. ვიგოტსკი აკრიტიკებსროგორც ჟ. პიაჟეს თეორიულ კონცეფციას,ისე მეთოდს, ირონიულად შენიშნავს, რომ ჟან პიაჟეს თეორიაში ”სწავლა განვითარების კუდში მიჩანჩალებს” – ორიენტაციას იღებს არა ხვალინდელ დღეზე, არამედ გუშინდელზე.მის მიერ ჟ.პიაჟეს თეორიის მიმართ გამოთქმული შენიშვნებიასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ა). ბავშვსა და გარემოს შორის წონასწორობის მექანიზმის გააზრებაშიმოზრდილის ფუნქცია და როლი არ არის გათვალისწინებული – ბავშვის ინტელექტი ვითარდება უშუალოდ გარემოსთან ურთიერთობის პროცესში. ბ). ბავშვის ელემენტარული ინტელექტუალური სტრუქტურების საფუძველს, მოქმედებისა და ოპერაციების თავდაპირველ სახეს განსაზღვრავს ნეირონული ბადის სისტემა და არა კულტურაში ასახული ადამიანური მოქმედებისშესრულების ხერხები. გ). მართალია ჟ. პიაჟე ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში ითვალისწინებს ბავშვსა და გარემოს შორის განხორციელებული ურთიერთობების ფაქტიურ გამოცდილებას, მაგრამ ამ ურთიერთობებს ანიჭებს მხოლოდ იმ ცნებების გადაცემის ფუნქციას, რომელთა ათვისება, ჯერ ერთი, დამოკიდებულია უკვე ჩამოყალიბებულ ინტელექტუალურ სტრუქტურებზე და, მეორეც, ეს ურთიერთობები არ განსაზღვრავენ მათი შემდგომი განვითარების გზებს. უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ”ავარჯიშებენ” მათ. ამდენად, ჟ. პიაჟესათვის ცოდნის ამა თუ იმ დონეზე ფლობა არ შეიძლება იყოს ბავშვის აზროვნების ლოგიკური ფორმების განვითარების დონის მაჩვენებელი. ლ. ვიგოტსკი წერს: პიაჟესათვის ბავშვის აზროვნებისდონის მაჩვენებელია არა ის, რა იცის ბავშვმა ან შეთვისების რა უნარი აქვს, არამედ ის, თუ როგორ აზროვნებს იგი იმ სფეროში, რომელშიც არავითარი ცოდნა არ გააჩნია. ამ თეორიაში ყველაზე უხეშად უპირისპირდება ერთმანეთს სწავლა და განვითარება, ცოდნა და აზროვნება–ასკვნის ლ. ვიგოტსკი. ამ თვალსაზრისით ჟ. პიაჟეს თეორიას ის ამსგავსებს ძველ პედაგოგიურფსიქოლოგიაში გაბატონებულ (ე. მეიმანის და სხვა) შეხედულებას, სადაც ფსიქიკური განვითარება გაგებულია როგორც მომწიფების პროცესი და სწავლის ფუნქცია მდგომარეობს იმ უნართა გავარჯიშებაში, რაც მის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად შეიქმნა. ეს არის ნატურალისტური პოზიცია, როცა ბავშვის განვითარება განიხილება, როგორც ”ბუნებრივი”ინდივიდის განვითარება, მართალია სოციალურ პირობებში, მაგრამ იმ იდეის გარეშე, რომ განმაშუალებელი აქ ადამიანია და ”გაადამიანურებული” საგნები.

2. ჯგუფში ვიგოტსკი აერთიანებს საწინააღმდეგო შეხედულებებს – სწავლა იგივეა, რაც განვითარება. აქ იგი განიხილავს სხვადასხვა საფუძველზეაგებულ თეორიებს –დაწყებული ჯემსით, რომლისთვისაც განვითარება არის ყოველგვარი რეაქციებისშესწავლა და ადამიანი კი ჩვევათა ცოცხალ კომპლექსს წარმოადგენს. სწავლის და განვითარების პროცესი მიმდინარეობს თანაბრად და პარალელურად ისე, რომ სწავლის თითოეულ ნაბიჯს განვითარების თითოეული ნაბიჯი შეესატყვისება. განვითარება თან სდევს სწავლას, ისე როგორც ჩრდილი საგანს. მათ შორის იმდენად მჭიდრო დამოკიდებულება არსებობს, რომ ერთი მეორესთანაა გაიგივებული, ისინი ერთმანეთს ისე ფარავენ, როგორც ორი მსგავსი გეომეტრიული ფიგურა. ამდენად, თუ პირველ შემთხვევაში განვითარება წინ უსწრებს სწავლას, აქ იმის მტკიცება რა რომელს უსწრებს, ერთგვარი უაზრობაა. ეს პროცესი სინქრონულად მიმდინარეობს. ლ. ვიგოტსკი, რა თქმა უნდა, არც ამ შეხედულებას იზიარებს.

3. მესამე ჯგუფში შემავალი თეორიები იმ სიძნელეების გადალახვის მცდელობაა, რაც წინა შემთხვევებში გვხვდება. აქ ფაქტობრივად საქმე გვაქვს თვალსაზრისთა შერევასთან. ლ. ვიგოტსკი ახასიათებსკოფკას დუალისტურ თეორიას. კოფკა აერთიანებს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისს, აღიარებს სწავლისა და განვითარების ურთიერთზეგავლენას და ერთგვარად აფართოებს სწავლის როლს – აღნიშნავს ვიგოტსკი. ამავე დროს, იგი აკრიტიკებს კოფკას შეხედულებებს, რადგან იგი აერთიანებს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისს, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ წინა თეორიებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ და კოფკა თავისი დუალისტური თეორიით ძირითადად იმავე საფუძველს ეყრდნობა, რასაც ისინი. კოფკას სიმპათიები მაინც მომწიფების პროცესისკენ იხრება, ხოლო სწავლის როლის ასეთ გაფართოებულ გაგებას ფორმალური დისციპლინების ძველ პედაგოგიურპრობლემამდე მივყავართ. ვიგოტსკი აღნიშნავს,რომ ამ მიდგომას მეცნიერებაში მრავალი გაუგებრობა მოჰყვა. კერძოდ, ცნობილია, რომ ზოგიერთი მეცნიერი (მათ შორის ყველაზე მეტად ჰერბარტი) მიიჩნევს, რომ ყოველი კონკრეტული სწავლა გავლენას ახდენს ბავშვის გონიერებისგანვითარებაზე. სკოლები, რომლებიც ამ იდეას ეყრდნობოდნენ, ბავშვებს ისეთ დისციპლინებს ასწავლიდნენ, როგორიცაა, მაგ.კლასიკური ენები, ისე რომ არ აცნობიერებდნენ მათ ცხოვრებისეულ ღირებულებას, ითვალისწინებდნენ მხოლოდ იმას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ მათ მათი ზოგადი განვითარებისათვის. ამ თეორიას უდიდესი სიძნელეები მოჰყვა პედაგოგიკაში, გაკეთდა ბევრი არასწორი დასკვნა. შემდეგში ჩატარდა რიგი გამოკვლევებისა (თორნდაიკი და სხვა), სადაც ნაჩვენები იქნა, რომ ერთ სფეროში მიღწეული წარმატება იშვიათად გულისხმობსსხვა უნარების განვითარებას. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ორ ქცევაში ან ორ ფუნქციაში მსგავსი ელემენტები გვაქვს. ამ უკანასკნელი შეხედულების წინააღმდეგ გამოდის კოფკა და აღნიშნავს, რომ სწავლის გავლენა არასოდეს არ არის სპეციფიკური. ამით იგი ერთგვარად უბრუნდება ფორმალური დისციპლინების პრობლემას და მრავალ მომენტს კვლავ საკამათოს ხდის. საერთოდ ლ. ვიგოტსკის აზრით, კოფკას თეორია ბოლომდე არც არის დამუშავებული. იგი მონახაზი უფროა და ხშირად ძნელია მიხვდე, რას ფიქრობს ავტორი ამა თუ იმ საკითხზე.

შემდეგ ლ. ვიგოტსკი ალაგებს თავის შეხედულებებს და იზიარებს მოსაზრებასიმის შესახებ, რომ სწავლა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე სასკოლო სწავლა – სკოლა არასოდეს იწყებს სწავლას ნულიდან. ამავე აზრს იზიარებენ კოფკა და შტუმფი, მაგრამ თუ ისინი სკოლამდელ და სასკოლო სწავლას შორის განსხვავებას მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ პირველი არასისტემატურია, ხოლო მეორე სისტემატური, ლ. ვიგოტსკი სწავლის ამ ორ სახეს პრინციპულად განსხვავებულად მიიჩნევს. კერძოდ, იგი სწავლის ორ უკიდურეს ტიპს გამყოფს: 1. სწავლა სამ წლამდე– სპონტანური სწავლის ტიპი, როდესაც ბავშვი სწავლობს საკუთარი პროგრამით, თვითონ განსაზღვრავს სწავლის პროგრამას და 2. მასწავლებლის მიერ სკოლაში სწავლება, ე.წ. რეაქტიული ტიპი, სადაც ბავშვის საკუთარი პროგრამის ხვედრითი წილი ისეთივე მცირეა, როგორც დიდის პროგრამის ხვედრითი წილი პირველი ტიპის სწავლის შემთხვევაში. ამ ორ უკიდურეს ტიპს შორის გარდამავალი ადგილი უკავია ე.წ. სპონტანურ–რეაქციულს– სკოლამდელი ასაკის (3-7წწ) ბავშვის სწავლას, რომელიც საწყის ფაზაში უფრო ახლოსაა პირველ პოლუსთან და პირიქით.

სასკოლო სწავლა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრინციპულად ახალია ბავშვის განვითარებაში, თუმცა სწავლა და განვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ,ერთმანეთს აქ არ ხვდებიან პირველად, ისინი დაბადებიდან ერთად არიან. რა სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს მათ შორის სასკოლო ასაკში? სვამს შეკითხვას ლ. ვიგოტსკი. სწავლა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს განვითარების დონეს, მაგრამ აუცილებელია სწავლის პროცესში განვასხვაოთ ბავშვის განვითარების ორი დონე მაინც: 1. ბავშვის აქტუალური განვითარების დონე და 2. განვითარების უახლესი ზონა. პირველში იგულისხმება ის ძალები, რომელთა განვითარება უკვე დამთავრებულია. მას ითვალისწინებს ის ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის გონებრივი განვითარების დონეს. შემდეგ ვიგოტსკი ასე წარმართავს თავის მსჯელობას: ვთქვათ, ორი შვიდი წლის ბავშვი ერთნაირად წყვეტს მათი ასაკისთვის შესაფერის გონებრივ ამოცანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივეს პირველი დონე (აქტუალური განვითარების დონე) ერთნაირი აქვთ. გავართულოთამოცანა: ერთმა მოსწავლემ, ჩვენი მცირედი დახმარებით, გადაწყვიტა ისეთი ამოცანა, რომელიც ორი წლით უსწრებს მის ასაკს, მეორემ კი უფროსის დახმარებით გადაჭრა7,5 წლის ასაკისათვის განკუთვნილი ამოცანა. ეს არის სწორედ ის ზონა, რომელსაც ლ. ვიგოტსკი ”განვითარების უახლოეს ზონას” უწოდებს. ბავშვის გონებრივი განვითარების მაჩვენებელი პირველი დონე კი არ არის, არამედ – მეორე. ბავშვს შესწევს უნარი გადაჭრას ისეთი სირთულის ამოცანა, რომელიც ერთგვარად მისი აქტუალური შესაძლებლობების მიღმაა. დღეს ეს ხდება უფროსების დახმარებით, მაგრამ ხვალ იგი ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. ამდენად, ”განვითარების უახლოესი ზონა” ხვალინდელი დღის განსაზღვრაში გვეხმარება. ეს ფაქტი თავისთავად იმდენად არაფრისმთქმელია, სწავლების პროცესში გარდაქმნის მანიშნებელი რომ არ იყოს. იგი უპირისპირდება ტრადიციულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაცსწავლება უკვე მომწიფებული შესაძლებლობების ორიენტირს უნდა განსაზღვრავდეს. საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო სკოლაში. რაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების სწავლებაში. მათ სწავლებაში ყველაფერი ეყრდნობოდა თვალსაჩინოებას, მხოლოდ იმ შესაძლებლობებს, რაც მათ აქტუალურად ჰქონდათ განვითარებული და შედეგიც სავალალო იყო – დაქვეითდა მათი აზროვნება. ლ. ვიგოტსკის აზრით, რაღაც ამდაგვარი ხდება ნორმალური ბავშვის სწავლებაშიც. მხოლოდ ის სწავლება შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სწავლებად, რომელიც წინ უსწრებს განვითარებას (მაგრამ არა ზედმეტად) და ეყრდნობა იმ ძალებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ ფუნქციონირება, მაგრამ არ არის სრულად მომწიფებული.

ლ. ვიგოტსკი თავის ფუნდამეტურ ნაშრომში ”აზროვნება და მეტყველება” გვაძლევს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ასეთ ფორმულირებას: ყველა ფსიქიკური ფუნქცია ბავშვის განვითარებაში ორჯერ გამოდის სცენაზე: 1. როგორც სოციალური ქმედება– ინტერფსიქიკური ფუნქცია და 2. როგორც ინდივიდუალური ქმედება, ბავშვის შინაგანი აზროვნების უნარი – ინტრაფსიქიკური ფუნქცია. პირველი განსაზღვრავს მეორეს. ავიღოთ მაგალითად, მეტყველება. პირველად მეტყველება აღმოცენდება როგორც საკომუნიკაციო იარაღი, სხვებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება( ეს არის მისი ინტერფსიქიკური ფუნქცია), ხოლო შემდეგ გადადის შინაგან პლანში და ხდება ბავშვის შინაგანი ფსიქიკური(ინტრაფსიქიკური) ფუნქცია. ასევე, ჯერ თამაშში უჩნდება ბავშვს უნარი დაუქვემდებაროს თავისი ქცევა თამაშის წესს და შემდეგ აღმოცენდება ქცევის რეგულაციისშინაგანი ფუნქცია. ლ. ვიგოტსკის აზრით, ამ კანონს ექვემდებარება სწავლება/სწავლაც. პირველად ესა თუ ის კანონზომიერება ბავშვისთვის მისაწვდომია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულების პროცესში (უფროსის დახმარებით),შემდეგ ხდება მისი გადაქცევა შინაგან მიღწევად. ასეთნაირად ორგანიზებულ სწავლებას ბავშვი მიჰყავს გონებრივ განვითარებამდე. ე.ი. სწავლა არის განვითარების შინაგანი, აუცილებელიმომენტი, რომელიც ისტორიული მონაპოვარია და არ არის ბუნებრივი თავისებურება. განვითარების პროცესი არ ემთხვევა სწავლის პროცესს, იგი თან სდევს მას, სწავლა ქმნის განვითარების უახლოეს ზონას.

ლ. ვიგოტსკი სწავლისა და განვითარების საკითხების განხილვის დროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეს აქცევს ყურადღებას.ყოველგვარი სწავლა ასაკთან არის დაკავშირებული. როდესაც მეცნიერებილაპარაკობენ სწავლების ვადებზე მხედველობაში აქვთ მხოლოდ მისი ქვედა საზღვარი აღნიშნავს ის. მაგალითად, იციან , რომ ალგებრას ვერ ასწავლი სამი წლის ასაკში, რადგან სწავლა ფსიქიკური მომწიფების გარკვეულ დონეს მოითხოვს. ლ. ვიგოტსკი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ზედა ოპტიმალური საზღვარიც და იშველიებს ”განვითარების სენსიტიური პერიოდის” ცნებას. ეს ის პერიოდია განვითარებაში, რომლის დროსაც ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს გარკვეული ზემოქმედების მიმართ. ამ ასაკის გავლის შემდეგ, ამ ზემოქმედებამ შეიძლება ნეიტრალური, ანდა შემაფერხებელი როლიც შეასრულოს. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ გვიანი სწავლა კარგავს თავის ეფექტს. უნდა ვიცოდეთ ბავშვის ფსიქიკა რა პერიოდში რის მიმართ არის იგი სენსიტიური, ამის შესატყვისად უნდა მიეცეს მას სასწავლო მასალაც. ამგვარად, არსებობს სწავლება/სწავლების ოპტიმალური ვადა. ამ ვადიდან გადახვევა როგორც ზევით, ისე ქვევით, საზიანოა. სწავლება უნდა ითვალისწინებდეს განვითარების გარკვეულ დონეს, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ეფექტურია, როცა ეყრდნობა ძალებს, რომლებიც განვითარების პროცესშია.

P.S. უკანასკნელ პერიოდში რუსულ სამეცნიერო ჟურნალში გამოჩნდა სტატია, სადაც ერთ–ერთი ფსიქოლოგი წერს: ვიგოტსკის კლასიკურმა ტექსტებმა,რომლებიც ისევე ჟღერდა, როგორც ოდესღაც აღმოჩნა, ახლა წიგნებიდან წიგნებში უსასრულო ხეტიალის შემდეგ ელვარება დაკარგა. ნელ–ნელა გაუფერულდა,ჩვეულებრივი გახდა, მოძველდა და ვერ პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს. სწავლება, რომელსაც თან სდევს განვითარება ანუ განმავითარებელი სწავლების იდეა, რომელიც ვიგოტსკის სახელს უკავშირდება, დღეს ნებისმიერი სკოლის სარეკლამო გვერდზე ჩანს. ამასთანავე, ვიგოტსკის მიმდევრებისთვის იგი უფრო სასურველი იდეაა, ვიდრე შესაძლებელი, უფრო მეტიც, რეალურად შეუძლებელი საგანმანათლებლო მიზანი.

ავტორი:მარინე ჯაფარიძე - 25 ივლისი, 2014

წყარო >>>








Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментариев нет:

Отправить комментарий