пятница, 12 мая 2023 г.

სენსორული ინტეგრაცია – რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა და მასწავლებლებმა?







22 დეკემბერი, 2017

ავტორი - მარიამ გოდუაძე

ამას წინათ ელფოსტით წერილი მივიღე. ადრესანტი მწერს, რომ მის შვილს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა აქვს და ინფორმირების კუთხით დახმარებას საჭიროებს. 8 წლის ბიჭის დედა წუხს, რომ მისი მეორეკლასელი შვილი ზემოთ ნახსენები პრობლემის გამო გაკვეთილზე ვერ ჩერდება, აქვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, აღარ იცის, რა ქნას. ამ ფონზე იწყებს გაკვეთილზე სიარულს, ვერ აკონტროლებს თავს, თუმცა ზოგჯერ ამით მანიპულირებს კიდეც. ამ მიზეზების გამო იღებს შენიშვნებს. შენიშვნებს იღებს მაღალი იმპულსურობისთვისაც. შედეგად კი თვითშეფასება ძალიან დაუდაბლდა. შეკითხვაზე, თუ როგორი მგრძნობელობა ახასიათებს ბიჭს – გაძლიერებული თუ შემცირებული, დედა პასუხობს, რომ არეული აქვს. ვესტიბულარული მაღალი აქვს, ხელებზე ტაქტილური – დაბალი. სკოლას, რომელშიც იგი სწავლობს, არ ჰყავს სპეცმასწავლებელი, თუმცა ჰყავს ოკუპაციური თერაპევტი. დედა ამბობს, რომ ბავშვის პრობლემის გამო მასწავლებელი დაბნეულია, ვერც ოკუპაციური თერაპევტი უწევს გაკვეთილზე დახმარებას, ამიტომ პრობლემა პრობლემად რჩება და აღარ იცის, სასწავლო პროცესში საკუთარ შვილს როგორ დაეხმაროს.

რა თქმა უნდა, რთული და თითქმის შეუძლებელია ერთი მონაწერის პასუხად ზუსტი რეცეპტების გამოძებნა, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ცოდნის შეგროვება და ინფორმირების მიზნით შეთავაზება. მით უფრო, რომ შეიძლება თითოეული ჩვენგანის გარშემო ცხოვრობდეს ბავშვი, რომელთა მოძრაობები უხერხული და ნაკლებად ზუსტია; რომელსაც კალმის ამოღება ან საღებავების გახსნა უჭირს, როდესაც ყველა დანარჩენი უკვე წერს ან ხატავს; წყალი ეღვრება, ზედაპირის შემშრალებისას კი მკლავები უსველდება და ამას ვერ ამჩნევს; ხშირად აზიანებს ნივთებს, ზედმეტად აწვება ფანქარს ან კალამს, დაფაზე წერისას ხელში ატყდება ცარცი, ხშირად იზიანებს კანს და ამას ვერ გრძნობს. თავს იცავს შეხებისგან და ვერ აცნობიერებს თვითდისკომფორტის მიზეზებს. ამგვარი შემთხვევების უკეთ გასააზრებლად კი ნამდვილად დაგვეხმარება სენსორული ინტეგრაციის არსისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიების გაცნობა და შესწავლა.

სენსორული ინტეგრაციის არსი

სენსორული ინტეგრაცია, ანუ სენსორულ სტიმულთა გადამუშავება არის რთული პროცესი, რომლის დროსაც ადამიანის ნერვული სისტემა ღებულობს ინფორმაციას ყველა გრძნობის რეცეპტორიდან (შეხება, ვესტიბულარული სისტემა, პროპრიოცეპცია, ყნოსვა, გემო, მხედველობა, სმენა და ინტეროცეპცია). შემდეგ კი გადაამუშავებს, აწესრიგებს და ინტერპრეტირებს იმგვარად, რომ მათი მიზნობრივი და ეფექტური ამოქმედება შეძლოს. სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ხდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, ხოლო სენსორული შეგრძნებების გაერთიანების შედეგია რეაქციის განსაზღვრული ტიპი, რომელსაც ადაპტაციური პასუხი ეწოდება.

ვესტიბულური სისტემა ეყრდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს, რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში და იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განთავსების შესახებ. ასე სხვა შეგრძნების ორგანოებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწვდიან სენსორულ ინფორმაციას, რომელსაც გადაამუშავებს და ჩვენს ქცევას შესაბამის ორგანიზებას უწევს. ყოველ ჩვენგანს აქვს სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულებაში. ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ.

ტერმინის ისტორია

იმით, თუ როგორ ახდენენ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე სენსორული ინტეგრაციის პროცესები და მოძრაობის დაგეგმვის დარღვევები, პირველად (1902 წელს) სერ ჩარლზ შერინგტონი (sir Charles Scherington) დაინტერესდა და ტერმინი „სენსორული ინტეგრაციაც“ მანვე შემოიტანა. სენსორული ინტეგრაციის თეორიას კი საფუძველი დაუდო დოქტორმა ა. ჯინ აირსმა (A. Jean Ayres), რომელმაც XX საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, განვითარების ფსიქოლოგიის, სწავლების ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის სფეროდან ლიტერატურის გაცნობითა და საკუთარ კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ჰიპოთეზები, რომლებიც მიუთითებდნენ ფსიქონევროლოგიური ფუნქციის იმპლიკაციას ბავშვის ქცევასა და სწავლებაში. იგი დაინტერესდა და დასმული ჰიპოთეზების შესამოწმებლად ააგო საკვლევი მეთოდები, ჩაატარა მთელი რიგი კვლევებისა, რომელთა შედეგებიც რამდენიმე ათეულ პუბლიკაციაში გამოაქვეყნა (1967, 1974, 1975). ოცდაათწლიანი შრომის საფუძველზე, ნეირო-მეცნიერებისა და ოკუპაციური თერაპიის შესახებ ცონდის გაერთიანებით შეიქმნა სენსორული ინტეგრაციის თეორია, შეფასებები და მკურნალობის საფუძვლები, რომლის საფუძველშივე თეორია ასწავლის, რომ ბავშვების მუშაობა თამაშია. თამაშის საშუალებით ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შეცნობას. სენსორული ინტეგრაცია ხდება მაშინ, როდესაც საგნები, რომლებსაც ისინი ხედავენ, რომლებისაც ესმით და რომელთაც გრძნობენ, მათთვის მნიშვნელობას იძენენ.

სენსორული ინტეგრაციის დონეები:

I დონე – შეხებას (როცა ადამიანს ეხება, და როცა მას ეხებიან) აქვს ძალზე არსებითი გავლენა განვითარებაზე ბავშვობაში და მომდევნო პერიოდებში. შეხების შეგრძნება ბავშვისათვის განსაზღვრავს განცდას: წოვა, ღეჭვა, საჭმლის ყლაპვა. დედასთან ახლო კონტაქტი არის ტვინის მიერ ხორციელი კონტაქტიდან მომდინარე შეგრძნებების ინტერპრეტაციის პირველი მცდელობა. სხეული აძლევს ბავშვს საკუთარი თავის შეგრძნების, საკუთარი ფიზიკური სხეულებრიობისა და თვითმყოფადობის პირველ შთაბეჭდილებას. კანი იქცევა საზღვრად, ადგილად, სადაც ბავშვი იწყება და მთავრდება უსაფრთხოდ ყოფნის შეგრძნების წყაროდ და სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბების დვრიტად.

ვესტიბულური და პროპრიოცეპტიული შეგრძნებების ინტეგრაცია ბავშვს თვალის გუგების მოძრაობის კონტროლის, საგანზე მზერის დაფიქსირების უნარს აძლევს, შესაძლებელს ხდის მზერის მოძრავ საგანზე გაყოლებას. გავლენას ახდენს ასაკთან შესაფერისი პოსტურალური რეაქციების ჩამოყალიბებასა (როგორებიცაა, მაგ., მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება, ხოხვა, დგომა, სიარული) და კუნთების დაძაბულობის მართებულ განაწილებაზე. სიმძიმის ძალის შეგრძნება უსაფრთხოდ გრძნობის მეორე წყაროს წარმოადგენს.

II დონე – ამ პერიოდში ყალიბდება სხეულის აღქმა, რაც წარმოადგენს მოტორული დაგეგმვის საფუძველს. მყესებიდან, სახსრებიდან, კუთნებიდან, კანიდან და სიმძიმის ძალიდან მომდინარე ინფორმაციების სწორი ორგანიზება გავლენას ახდენს ორმხრივ კოორდინაციასა და შემეცნებით განვითარებაზე.

III დონე – სენსორული ინტეგრაციის ამ დონის მიღწევა შესაძლებელია წინა ორი დონის მართებულად გავლით. ამ დონისათვის დამახასიათებელი უნარი გამოიხატება სიტყვიერი კომუნიკაციით. ამისათვის კი საჭიროა სტიმული სამი სისტემიდან: ყველა სენსორული, ვესტიბულარული და სმენითი სისტემებიდან.

ისევე, როგორც მეტყველება, ინტეგრაციის დამასრულებელი ეტაპი ადრეულ დონეებზე არის მზერითი აღქმა. იმისათვის, რომ ის სწორად განვითარდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს მრავალი გამოცდილება: უნდა ეხებოდეს საგნებს, ამოძრავებდეს მათ, გადაჰქონდეს, იგრძნოს მათი სიმძიმე სიმძიმის ძალასთან შეფარდებით. ამ დონეზე თავს იჩენს ბავშვის უფრო მეტად მიზნობრივი საქმიანობა – მას შეუძლია ამოქმედდეს, განაგრძოს ეს აქტი და მიიყვანოს დანიშნულ მიზნამდე. ამ ეტაპზე იხვეწება აგრეთვე კოორდინაცია „თვალი–ხელი“, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დავალებებში, რომლებიც მოითხოვს ზუსტ მოძრაობას.

IV დონე – ამ დონეზე გამოიცდება, სპეციალიზდება ნერვული სისტემის ფუნქციონირება. ეს ხელს უწყობს სწორი ადაპტაციური რეაქციების განვითარებასა და წარმოშობას. სპეციალიზაცია შესაძლოა მოიცავდეს ხელის მანუალურ ფუნქციებს, ტვინის ნახევარსფეროთა ლოგიკურ-ენობრივ ან წარმოსახვით ფუნქციებს. სენსორული ინტეგრაციის საბოლოო შედეგია კონცენტრაციისა და რეალობის ორგანიზაციის უნარი.

მიუთითებენ, რომ სენსორული ინტეგრირების გადმოსახედიდან სწავლას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი ზუსტ სენსორულ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და იყენებს მას ქცევის ორგანიზებისთვის. ზოგიერთ შემთხვევებში სისტემა საჭიროებისამებრ არ ფუნქციონირებს და პიროვნებას არ გამოსდის შემოსული ინფორმაციის დახარისხება, პრიორიტეტების მინიჭება და, შესაბამისად, გამოპასუხება. როდესაც ბავშვები იღებენ არაზუსტ ან არასანდო სენსორულ ინფორმაციას, ირღვევა მათი უნარი, დაამუშაონ ეს ინფორმაცია და შექმნან შესაბამისი პასუხი (დუნი, 1991). მწირ სენსორულ ინტეგრაციას მივყავართ პრობლემებისაკენ, როგორიცაა ყურადღების გაფანტვა, მოტორიკის კონტროლის დაქვეითება, გადაჭარბებული აქტიურობა; დარღვევები გამოცდილების მიღების, სწავლის, გარემოსა და სხვებთან ურთიერთობის უნარებში. დეფიციტმა შესაძლოა მრავალგვარად იმოქმედოს ქცევასა და შესრულებაზე. მწვავე სენსორული დეფიციტის შემთხვევებში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, ე. წ. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვები აჩვენებენ მთელ რიგ სიმპტომებს, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული, როგორც ცუდი ქცევა. არადა, როგორც ვნახეთ, ამ ყველაფრის საფუძველი, შესაძლოა, სენსორული შიმშილი იყოს[1].

სენსორული შიმშილი

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს ახასიათებთ ორი ტიპის შიმშლილი: შიმშილი დედის რძისა და შიმშილი შეგრძნებათა გამოცდილებების. ამათგან პირველი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა არც მეორეა სასიცოცხლოდ უმნიშვნელო. გრძნობათა სტიმულაციისთვის შიმშილი პირდაპირ არ კლავს, თუმცა ირიბად მაინც წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, რამდენადაც ბავშვის ნერვული სისტემა პირდაპირ სწორედ შეგრძნებით ინფორმაციას ეპასუხება. ეს მეორე, ბიოლოგიური შიმშილი სენსორული, გრძნობათა შიმშილია, რომელიც ნაკლებად გააზრებულია ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც აჩვენებს უზარმაზარ ზღვარს არსებულ მოცემულობებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს შორის. მშობლებს მიეწოდებათ ზოგადი რჩევები ჩვილების „ზესტიმულაციისათვის“[2], რათა უზრუნველყონ ძილი და მშვიდი ქცევა, თუმცა 1950-60-იანი წლებიდან მომდინარე ბიჰევიორიზმის შეხედულებების მიერ (იგულისხმება, ე.წ. პირველი ტალღის ბიჰევიორისტული სტრატეგიები) ნეირომეცნიერებების მნიშვნელოვანი ასპექტები და უახლესი მიღწევები უგულებელყოფილი და დაგმობილია. არადა, ამ მიდგომებით ცხადი ხდება, რომ სტრესები, რომელსაც ადრეულ ასაკში სენსორული შიმშილი იწვევს, მოზრდილობის ასაკში ხშირად მეორდება და მათი უკუეფექტები ცხოვრების მანძილზე ქრონიკულ პრობლემად რჩება[3].

ბავშვი ერთნაირად ტირის და ჩივის საკვებით შიმშილისა და შეგრძნებითი (სენსორული) შიმშილის დროს. დედის რძის შიმშილი და სენსორული დიეტა ნერვულ სისტემაზე ციფერბლატს ერთდაგვარად ამუშავებს. ტირილი და წუწუნი არასაკმარისი სენსორული სტიმულაციის შედეგია. მნიშვნელოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვილები, რომლებსაც სხეულზე შეხების გზით დღეში 10 საათს ეკონტაქტებიან, ორჯერ ნაკლებად ტირიან იმ პატარებთან შედარებით, რომლებიც მშობლებთან ფიზიკურ კონტაქტს 24-საათიანი პერიოდიდან მხოლოდ 6 საათის მანძილზე განიცდიან[4]. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ პატარა ბავშვის ძილი და პირველ წლებში ცხოვრებისადმი მისი სწორი დამოკიდებულებები თავიდან აგვაცილებს „ზესტიმულაციას“, არ გამოიწვევს ძილის ჩვევის აფექტებს, ხელს შეუწყობს ტვინის ნორმალურ განვითარებას და დამოუკიდებლობას გვიან ბავშვობაში[5].

ზოგიერთ ბავშვს სხვებთან შედარებით მაღალი სენსორული მოთხოვნილება აქვს, თუმცა ყველა მათგანს მოეძალება თუ გაუმძაფრდება სხვადასხვა შეგრძნება ან შეგრძნების სურვილი, მსგავსი შეხებისა, მზერისა, სხეულზე დაწოლისა და მიკარებისა, მოსმენისა, მოძრაობისა, სითბოსი, ყნოსვისა, დაგემოვნებისა[6]. მშობლობა ძალიან გაიოლდება, თუკი ყოველ ჯერზე გონივრულად შევიცნობთ ბავშვის სენსორულ საჭიროებას, როგორც სამომავლო ინვესტიციას. ამისთვის კი აუცილებელია სახლის მოსაწყენი ოთხი კედლიდან მათი გაყვანა და ჩვენს სენსორულ საჭიროებებთან დაკავშირება სოციალური კონტაქტურობისთვის, ვარჯიში, სეირნობა, სხვადასხვა ამოცანის დასახვა და შესრულება, ყოველდღიურად სასიამოვნო აბაზანის შეთავაზება, ჯირითი ან რბოლა – ერთი სიტყვით, გასაოცარი სამყაროს საუცხოო შეგრძნებათა კალეიდოსკოპის შეთავაზება – გვირჩევენ ამერიკელი ნეიროფსიქოლოგები.

თუკი ბავშვს დაბადების წლებიდან ვეხმარებით ნატიფი და მსხვილი მოტორიკის სწორი განვითარებით, ამ შემთხვევაში მას აქვს წარმოდგენა საკუთრი სხეულის სქემასა და მნიშვნელობაზე. მან იცის რომელი მხარეა მარცხენა და რომელი მარჯვენა, მისი მოძრაობები არის ელასტიური, კოორდინირებული და ზუსტი, რაც ხელს უწყობს ეფექტურ მოქმედებას, ყველა დავალების სწრაფ და ზუსტ შესრულებას. ბავშვი მეტად დამოუკიდებელი ხდება, აქვს უსაფრთხოების განცდა და სამყაროს გაცნობის ახალი შესაძლებლობები. კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და მკაფიო მოძრაობას, რაც განსაკუთრებით წერის დროსაა აუცილებელი. ხოლო როდესაც ეს განვითარება დაგვიანებულია, ამ დროს ისეთი საგანიც კი, როგორიცაა ფიზიკური აღზრდა, ხშირად სტრესის წყაროდ იქცევა და საერთოდ არ არის სიხარულის მომტანი. ყოველი მოქმედება შეიძლება კატასროფული აღმოჩნდეს, თვითონ გაკვეთილი კი კოშმარად ექცეს.

მაშასადამე, სწორედ შეგრძნებების ნაკლებობა იწვევს ტვინში სენსორულ შიმშილს და სწორედ შესაბამისი აღქმები აისახება ადამიანების/ბავშვების არაადეკვატურობასა და ქცევით დარღვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ნერვიულობენ და შფოთვა მაღალია. შფოთვისას კარგად ჩანს არავერბალური მოძრაობები. ამ დროს კი სენსორული გამღიზიანებლები შეიძლება იყოს შფოთვის შესამცირებელი საშუალება.

ქართველი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთგან ამბობს: „შევამჩნიე, რომ მოზრდილი, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების რიგი დგას წელვადი სათამაშოების დახლებთან. ამის მიზეზი არის ის, რომ ამცირებს შფოთვას. მეორე ის, რომ ბავშვებს სენსორული შიმშილი აქვთ. ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს? ან ეზოში ვინ დარბის? ეზოში თუ არიან, ძირითადად სხედან და ჭორაობენ. ეს ბავშვები ძირითად დროს ან სკოლაში ატარებენ ან კომპიუტერთან, ამიტომ აქვთ სენსორული შიმშილი. ამ ფონზე ასეთი ტიპის ფაქტურები მათთვის მიმზიდველია. ბუნებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ამას ტყლარწი ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ, როცა თბილისში ხე და ბალახი აღარ არის, ტყლარწი „არაუშავს“ ვარიანტია იმისათვის, რომ ბავშვებმა ეს შეგრძნებები მოიწესრიგონ“. მისი თქმითაც, საჭიროა, რომ ბავშვებს ბუნებასთან კონტაქტი ჰქონდეთ და სპორტით დაკავდნენ.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევა

დავაკვირდეთ შეხებაზე ზემგრძნობელობის სიმპტომებს, როგორიცაა:

  • არ უყვარს თმის დავარცხნა, ნერვიულდება დავარცხნისას; 
  • შეხებისაგან თავის არიდება, შეხტომა შეხებისას; 
  • სხეულის იმ ადგილებზე შეხების თავიდან აცილება, რომლებშიც უხვადაა შეხების რეცეპტორები (სახე, თავი, მხრები); ბავშვს არ უყვარს სახის დაბანა; 
  • ცუდად რეაგირებს ჩაცმაზე, ურჩევნია ჩააცვან „თავიდან ფეხებამდე”; 
  • არ უყვარს ფეხშიშველი სიარული; ფრჩხილების დაჭრა; 
  • სხვა ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტი. უყვარს, როცა თვითონ ეხება, როცა მას ეხებიან – არა; 
  • არ უყვარს, როცა მას ზურგიდან უახლოვდებიან –ამას ხიფათად აღიქვამს; 
  • თავს არიდებს ბურთის დაჭერას, განსხვავებულად უჭირავს ფანქარი, ცარცი; 
  • ხშირად იჩენს თავს ზოგიერთი საჭმლის კონსისტენციაზე ორალური არატოლერანტულობა; 
  • თავის არიდების დამახასიათებელი განწყობა – „არ მიყვარს ამის კეთება”; ზეაქტიურობა; 
  • მეორე ადამიანის სიახლოვეზე ტოლერანტულობის დაბალი ზღვარი (საუბრის სფერო, ინტიმურობის სფერო); 
  • უყვარს ფართო ტანსაცმლის ტარება, გრძელი მკლავები და სხვ. შესაძლოა განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს ზოგიერთი ტიპის ქსოვილის მიმართ; 
  • არ უყვარს სველი მასალებით მუშაობა (მარილის ცომი, პლასტელინი, წებოვანი საღებავი). 
თუ ამ სიმპტომების 50% თუ მაინც ვლინდება, უნდა ვისაუბროთ ბავშვის ზეგმრძნობიარობაზე, ხოლო შეხებაზე ქვემგრძნობელობა დამახასიათებელია მაშინ, როდესაც არსებობს შეხების იმპულსის რეგისტრაციის გადახრა. მაგალითად:

  • საჭმლით დასვრილი პირი; 
  • ბავშვი ხშირად აფუჭებს სათამაშოებს; 
  • ზედმეტად აწვება ფანქარს ქაღალდზე; 
  • ხშირად ზიანდება და ვერ გრძნობს ამას; 
  • გრაფესთეზიის ტესტში (კანზე შეხება) ვერ არჩევს მის კანზე გამოყვანილ ფიგურებს. 
ან თავდაცვა შეხებაზე:

  • დამახასიათებელი ნიშანია მოტორული აქტივობის ზრდა (თავდაცვითი – პროტოპატიული სისტემის სტიმულაცია); 
  • ზოგჯერ ცალკეული, დაწყებითი სტიმულები არ იწვევს რეაქციას, მაგრამ მათი დაჯამება სივრცესა და დროში, შესაძლოა არასასურველი რეაქციების მიზეზი გახდეს. 
პირები, რომლებსაც აქვთ თავდაცვა შეხებაზე, ვერ აცნობიერებენ თვითდისკომფორტის მიზეზებს[7]. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ფუნქციონირებას დაზიანებულს ვერ დავარქმევთ, ამიტომ დისფუნქციას უწოდებენ.

როგორ დავეხმაროთ?

თითოეულ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, გააჩნია მისთვის დამახასიათებელი საჭიროება და შეგრძნებითი სირთულე. ამ პრობლემის მკურნალობის გზაზე პირველი ნაბიჯია იმის განსაზღვრა, თუ რომელი შეგრძნების მიმართაა ზე- ან ქვემგრძნობელი. ამის შემდეგ გაწვრთნილ თერაპევტთან მკურნალობა ბავშვებს თუ მოზრდილებს უვითარებთ სტრატეგიებს ბრძოლისა და პრობლემების დასაძლევად. სენსორული ინტეგრაციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეიძლება შეასრულოს: ოკუპაციურმა თერაპევტმა, ფიზიოთერაპევტმა, ფსიქოლოგმა, ლოგოპედმა, ექიმმა ან პედაგოგმა, რომელმაც (მხოლოდ პოლონეთში) გაიარა სენსორული ინტეგრაციის თეორიისა და თერაპიის ტრენინგი I და II, გამოცდებით და მიიღო სენსორული ინტეგრაციის თერაპევტის სერტიფიკატი. ამ ტრენინგებს ატარებენ საგანგებოდ მომზადებული სენსორული ინტეგრაციის მასწავლებლები და ხანგრძლივობით I – 40 საათი გრძელდება, ხოლო II – 170 საათი; ჯამში 210 საათი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა.

მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს „სენსორულ დიეტას“, რომელშიც აქტივობები სრულდება ნაზი, სახალისო ფორმებით, რათა გაიოლდეს შეგრძნებათა რანჟირება. ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია მათთვის, ვინც შინ მკურნალობს. შეგრძნებების აფექტებზე დამოკიდებულებით თერაპია შეიძლება შეიცავდეს:

  • ფიზიკურ თერაპიას სენსორული ინტეგრაციის მიდგომის (PT-SI) გამოყენებით;
  • მხედველობით თერაპიას თვალის მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად იმათთვის, ვისაც აქვს კითხვის, წერის, ქუჩაში გადაადგილების შერწყმის პრობლემები; 
  • სმენითი თერაპია (LT), რომელიც სთხოვს ადამიანებს სმენითი პრობლემებით, მოისმინონ განსხვავებული ბგერითი სიხშირეები და შაბლონები ტვინის სტიმულირებისთვის სხვა მოტორული ამოცანების (როგორიცაა სიარული, ბალანსის დაცვა) შესრულებისას; 
  • ფსიქოთერაპია ადამიანებისთვის, რომლებსაც ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური აშლილობა (დეპრესიული აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა და სხვ.) ან გაღიზიანება შფოთვითი სენსორული ინტეგრაციის დარღვევის გამო.
  • მეტყველებისა და ენის თერაპია 
ყველა ამ თერაპიის მიზანია ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების გაუმჯობესება. მათ შორის:

  • როგორ ეხები და გეხებიან; 
  • როგორ მოძრაობ და ამოძრავდი; 
  • ორმხრივი (ბილატერალური) კოორდინაცია (ტანის ორივე მხარის ერთდროული გამოყენებით, მაგალითად, დოლზე დაკვრა და ა. შ.); 
  • თვალის მოტორული უნარები (როგორ კითხულობ ან ხედავ ბურთს, რომელიც შენკენ მოდის). 
ორივე, ოკუპაციური და სმენითი თერაპია (LT) ეყრდნობა ნეიროპლასტიკურობის პრინციპებს, რომელიც იბრძვის, რომ ტვინი შეიძლება შეცვალოს გამოცდილებამ. ზოგისთვის ეს გულისხმობს რამდენიმეწლიან თერაპიას, სხვებს კი სჭირდებათ ნაკლები დრო სიმპტომების მართვისთვის.

ზოგ ბავშვს, რომლებსაც თერაპევტებმა წარმატებით გაატარეს სიმპტომების მართვის გზა, აღმოჩნდება, რომ ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა, რამდენადაც ისინი იზრდებიან და აწყდებიან ცხოვრების ახალ გამოწვევებს. კოლეჯებში სწავლამ თუ ცალკეულ სტრესულ სამსახურებში მუშაობამ შეიძლება ახალი სიმპტომი წარმოშვას. დამატებითმა თერაპია და რჩევები კი დაეხმარება სიმპტომებზე კონტროლის კვლავწარმოქმნაში იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება გარემო და მდგომარეობები.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მკურნალობისთვის მედიკამენტები არ არის რეკომენდებული. ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის კი რეკომენდებულია ნებისმიერი ალტერნატული მკურნალობა კვალიფიციური თერაპევტის ზედამხედველობით.

სენსორული ორგანიზება არის სისტემა, რომელიც იქმნება პაციენტის საჭიროებების პრიორიტეტების გათვალისწინებით იმგვარი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ზრდის პაციენტის ძალას და ამცირებს გამოწვევებს. ეს გულისხმობს ამოცანებისა და რუტინების წინა პლანზე წამოწევას მოკლე და მარტივი ნაბიჯებით, რაც ზღუდავს სენსორულ დაუცველობას და იოლად ზესტიმულირებულ პაციენტს სირთულეებს გადაალახვინებს. თუ არ არსებობს სპეციალისტების დახმარების შესაძლებლობა, შეგრძნებების დარღვევების მკურნალობის შესაძლებლობას სახლის პირობებშიც უშვებენ ბავშვისთვის სტიმულაციის სპეციალური ხელსაწყოების უზრუნველყოფით. მაგალითად:

ჰიპერაქტიულ, სენსორული პრობლემის მქონე ბავშვს მივცეთ სუფთა სარეცხით სავსე კალათა. წავიღოთ სუფთა სარეცხი, დავაწყოთ კალათით იატაკზე, შევიტანოთ ოთახში, გადავარჩიოთ სარეცხი და დავაჯგუფოთ, თითოეულ ჯგუფს მივუჩინოთ თავისი ადგილი.

  • ვთხოვოთ, მიაწვეს საყიდლების ურიკას სუპერმარკეტში ანდა ჩამოიტანოს ჩანთები მანქანიდან; 
  • ხან შეიძლება ბუქნების კეთებაც ვთხოვოთ. 
შეხებაზე მგრძნობელ ბავშვებს მივცეთ სამზარეულოს მაგიდასა და აბაზანის კედელზე თითებით ან საპარსი ქაფით ხატვის საშუალება.

შემცირებული მგრძნობელობის ბავშვებისთვის კარგია და ძალიან ეხმარებათ:

  • ცურვა, ცხენზე ჯირითი, ბატუტზე ხტომა; 
  • საქანელა – მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად კარგად მშვიდდებიან ქანაობის დროს. ეს შეიძლება იყოს ხეზე ჩამობმული უბრალო თოკი;
  • დასამშვიდებელი განმარტოებული ადგილი – მაგალითად, მოზრდილი მუყაოს ყუთი, რომელშიც ბავშვს დამალვა შეუძლია, რომელშიც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს (ესეთი ყუთი შეგიძლიათ შეღებოთ და გააკეთოთ მისგან სახლი, ციხესიმაგრე ან სხვა რამ); 
  • ბავშვის საბანში მჭიდროდ გახვევა; 
  • მასაჟის გაკეთება, დაფხანა, დაზელვა და ა.შ. 
  • ფეხშიშველი სიარული; 
  • არასწორი ზედაპირის მქონე რეზინის ბურთების დაზელა/დასრესა; 
  • ვატაროთ თავისუფალი და სრული ტანსაცმელი; 
  • მოვათავსოთ ჯიბეში სურნელოვანი პაკეტი, რათა გადავფაროთ გამაღიზიანებელი სუნი ან კაშნეს ტარება, რითაც დაიფარება ცხვირი – ესეც კარგ სტრატეგიად განიხილება.
 ხმაურსა ან სინათლეზე ზემგრძნობელ ბავშვებს ვთხოვოთ,

  • ატარონ ხმის დამხშობი ყურსასმენები. ისინი შეიძლება დაგვეხმაროს გარემო ხმაურის დარეგულირებაში; 
  • დავრთოთ ბავშვს ნება, ატაროს სათვალე განათებისას და შევასვენოთ ხშირად მაღალ ადგილებში ასვლისას; 
  • სამზარეულოში ვიქონიოთ სამზარეულო რეცეპტების წიგნები, რათა შევისწავლოთ ჯანსაღი საკვების მომზადების წესები, რომლებითაც მგრძნობიარე ბავშვებს მივიზიდავთ. 
სახლსა თუ სკოლებში მიზანშეწონილია სენსორული ზონების შექმნა. ეს ზონები ბავშვის მგრძნობელობას განტვირთავს და დაეხმარება მას სწავლასთან დაბრუნებაში.

  • დავდგათ ბრინჯით სავსე ყუთი და დავმარხოთ მასში „განძი“, რომელიც უნდა ვიპოვოთ. 
  • დავაწყოთ ქსოვილის ბლოკები, ავაგოთ და დავანგრიოთ.

ხოლო თუკი ბავშვი აუტისტური სპექტრის თვისებებსაც ავლენს, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ აქტივობები, რომლებიც მათ დაღლით და დამატებითი სტიმულაციის გამომწვევი იქნება. ეს შეიძლება იყოს სპორტის შემდეგი სახეობები:

  • ცურვა, კედელზე ცოცვა, სპორტული აქტივობის სხვა ფორმები; 
  • ყოველდღიური გეგმების შედგენა.

ამ ტიპის შემთხვევებში რეკომენდებულია, ბავშვს წარუდგინოთ მთელი დღის გეგმა თავისი კონკრეტული დავალებებით და დროით. მაშინ, როდესაც ბავშვი შეხედვით გვეკონტაქტება, ამის გაკეთება პიქტოგრამების (სიმბოლური სურათები) გამოყენებით შეიძლება. გეგმის ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ბავშვს რაც შეიძლება მალე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მან შეძლოს ამასთან შეგუება. გეგმის შეცვლასთან დაკავშირებული სიტუაცია ხშირად სტრესული და მოულოდნელია მშობლისთვისაც. თუ ამას აუტიზმის მქონე ბავშვის სტრესსაც დავუმატებთ, რომელიც ამაში იღებს მონაწილეობას, სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად დაიძაბოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარგად მოვექცეთ ბავშვს, რომელიც ისედაც განიცდის დღის გეგმაში მომხდარ ცვლილებებს.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დასჯის სისტემას ხშირად დადებითი შედეგები არ მოაქვს. ამიტომ აღმზრდელობითი გეგმები პოზიტიური შედეგების წახალისება-დაჯილდოების სიტემაზე უნდა ავაგოთ. მნიშვნელოვანია, ბავშვი პიროვნებად ჩავთვალოთ და ასე განვუმარტოთ კონკრეტული საქმე, რომელზეც ის იმუშავებს. მაგ.: „არ ავდგე გაკვეთილის დროს“. ჩამოვწეროთ წესები და დავდოთ სავაჭრო ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმება, სადაც ჯილდოების მიღების წესები იქნება გაწერილი. ამისათვის საჭიროა კარგი შეფასების სისტემის შექმნა (თანამშრომლობა მასწავლებლებთან, რათა ყოველ გაკვეთილზე მიაწოდონ ბავშვსა და მშობელს დაწერილი უკუკავშირი).

მიუღებელია მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბავშვის დღიურის გზით, სადაც მსგავსი ჩანაწერი შეიძლება იყოს: „მოსწავლე ცუდად იქცეოდა სკოლაში“. ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ დეტალს უნდა მოიცავდეს, რადგან ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები მომხდარი ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ. ჩანაწერი უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს ამა თუ იმ ქცევის სრულყოფილ აღწერას. სამწუხაროდ, ეს მასწავლებლის მხრიდან დიდ ჩართულობას მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელს ხდის სიმართლის მოძიებას და შეთანხმებების აღსრულებას. კონკრეტული რთული სიტუაციები შეიძლება შემდგომ განხილული და აღდგენილი იყოს თერაპიის დროს.

მიჩნეულია, რომ მეტად გამძაფრებული სენსორული მგრძნობელობა ხშირად შეიძლება ზოგჯერ მნიშვნელოვან კოზირს წარმოადგენდეს. აუტისტები ხშირად მძაფრი, დეტალური და წარმოუდგენელი ფოტოგრაფიული მეხსიერებით გამოირჩევიან – იმახსოვრებენ უფრო სწრაფად და უფრო მეტს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. მათი მგრძნობელობა გემოზე და სუნზე მათ ახალი აქტივობების შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად, მათგან გამოდიან ყავის, ღვინისა თუ სხვა პროდუქტების კარგი დეგუსტატორები. სმენითი მგრძნობელობის წყალობით, მათ ახასიათებთ საშუალოზე უფრო მაღალი დონის მუსიკალური ნიჭი, რაც მათი უზარმაზარი მეხსიერებისა და გამეორების უნარის შედეგად დამატებითი სარგებელის მომტანი ხდება.

მიიჩნევენ, რომ ყველა ასაკში დაეხმარება სირბილი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და საბრძოლო ხელოვნება. ზესტიმულირებული ადამიანები კი შვებას კითხვით, მუსიკის მოსმენით, კატის მოვლითა და მებაღეობით იპოვნიან[8].

როგორ მოვიქცეთ რთულ სიტუაციაში, თუკი ბავშვი გაღიზიანებულია?

სკოლაში ბავშვის დამშვიდება განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში სავსებით შესაძლებელია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ბავშვის განრიდება სტიმულატორისგან, რომელიც მას აღიზიანებს (მაგ., რესურსოთახსა თუ სხვა მშვიდ ოთახში გადაყვანა ხმაურიანი დერეფნიდან. ასევე შესვენებებზე სასკოლო ბიბლიოთეკაში შესვლა) ან ქცევის გამომწვევი წინაპირობის აღმოფხვრა, თუკი ეს საკლასო ოთახშივე შესაძლებელია. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, გაერიდოს გამღიზიანებელს. შეიძლება გავუკეთოთ ხმაურის დამხშობი ყურსასმენები. თუკი კლასში ამის საშუალებაც არ არსებობს, მაშინ მიზანშეწონილი იქნება ჩუმი საკლასო აქტივობის მოფიქრება, მაგ., ტექსტზე ინდივიდუალურად მუშაობა და სხვ. ხოლო კლასის დამოუკიდებლად მუშაობის პერიოდში ინდივიდუალურად ვიმუშაოთ მოსწავლის სპეციალურ საჭიროებაზე.

ყველაზე ხშირი შეცდომები:

  • ბავშვის თავისუფალი მოძრაობისთვის შესაბამისი სივრცის არარსებობა, მაგ. ვიწრო ოთახი; 
  • ფიზიკურ და ინტელექტუალურ მეცადინეობებს შორის ბალანსის არარსებობა; 
  • დიდი დატვირთვა ინტელექტუალურ განვითარებაზე, მაგ. საბავშვო მოედანზე თამაშის ნაცვლად წასაკითხი დავალებების მიცემა.[9] 
  • ნურასდროს ვიტყვით, რომ გვიანია. ყოველთვის იმედით და კეთილგანწყობით დავეხმაროთ ჩვენს შვილს, მის ამხანაგს, მეზობელსა თუ მოწაფეს, განივითაროს ის მოტორული უნარები, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა განევითარებინა; ნუ შევეჩვევით და ნუ შევხედავთ უცხოს თვალებით, ნუ შევატოვებთ განსაცდელს მარტო. ნურასდროს ჩავთვლით საკმარისად იმ პატარა და ერთჯერად ლუკმებს, რომელიც ვერასოდეს დაამარცხებს სენსორულ შიმშილს. ერთმანეთის შეგრძნება ხომ ენდორფინების ის დიდი ულუფაა, რომელიც ერთმანეთის გასაფატრად დანას არასდროს აგვაღებინებს, პირიქით, გვაბედნიერებს და სიცოცხლის ხალისით გვავსებს. 
და კიდევ: 6 თვის შემდეგ წერილის ადრესანტიდან, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ვისურვებდი, შემდეგი პასუხი მიმეღო:

*„იცით, რომ გითხრათ, რომ მოეხსნა ეს ყველაფერი, მოგატყუებთ. უბრალოდ, თვითონაც და მასწავლებლებიც ძალიან ცდილობენ, გადალახონ იპულსური შემოტევები, არასდროს იყოს უსაქმურად, და ყოველთვის აკონტროლოს თავი. საკლასო და რესურსოთახებში სენსორული ზონები მოაწყვეს, ბრინჯით სავსე ქილაში მასწავლებლის მიერ ჩადებულ დავალებას ეძებს. ხოლო როდესაც იპოვის, მასწავლებელი ხელში მიკროფონს აჭერინებს და ისე ისმენს მის პასუხებს. ხანაც ბურთს ესვრის და ისე აპასუხებს ბავშვებს. მერხზეც მცირე დაფა და მარკერი უდევს და სხვადასხვა სავარჯიშოებს ხალისით ასრულებს. ერთ კუთხეში ქსოვილის ბლოკები და რბილი სათამაშოები დავაწყვეთ, მათი საშუალებით ყველა კარგად ერთობა, ხან ამოცანებისთვის იყენებენ, ხანაც ცოცხალ ტექსტებს ქმნიან და ასე სწავლობენ. ფანჯრებზე შემოწყობილ ჩითილებსაც აკვირდება და წყალს უსხამს ხოლმე. ასე რომ, ყოველ გაკვეთილზე დასაქმებული და მოტივირებულია. თუმცა ეს ადვილად მისაღწევი არ იყო, რადგან წუწუნა ტიპია და თავდაპირველად აქტივობებში სწრაფად ვერ ერთვებოდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ბათუნა სხვა ბიჭია და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ“.

[1] Rogozinski, R., Sensory integration, PMWSZ in Opole, 2010.

[2] ტერმინი გულისხმობს ბიჰევიორისტულ მიდგომას, რომლის თანახმადაც ბავშვებს ჩვილობიდანვე თავად უნდა ჩამოუყალიბდეთ სტიმულები დამოუკიდებელი გამოცდილებების საფუძველზე, როგორიცაა, მაგ., ცალკე ოთახში ძილი, სასურველ საგნამდე დამოუკიდებლად მიახლოება და მათი დაუფლება და ა. შ.

[3] https://pameladouglas.com.au/blog/babys-sensory-hunger

[4] . St James-Roberts I, Alvarez M, Csipke E, Abramsky T, Goodwin J, Sorgenfrei E. Infant crying and sleeping in London, Copenhagen and when parents adopt a “proximal” form of care. Pediatrics. 2006;117:e1146-e1155.

[5] Price AM, Wake M, Ukoumunne OC, Hiscock H. Outcomes at six years of age for children with infant sleep problems: longitudinal community-based study. Sleep Medicine. 2012;13 991-998.

[6] Jean Ayres "Sensory Integration Therapy"

[7] რაგოზინსკი, იქვე, 16.

[8] How to Treat Sensory Processing Disorder

[9] მცირე სახელმძღვანელო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობელთათვის



წყარო









Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментариев нет:

Отправить комментарий