пятница, 9 июня 2017 г.

არ მიანიჭოთ ბავშვს შემდეგი იარლიყები: ,,მორცხვია’’, „უქნარაა’’, ,,ზანტია’’ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან



სიმორცხვე სოციალური ფენომენია და მას ადგილი აქვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამერიკელი ფსიქოლოგის, ფილიპ ზიმბარდოს მოსაზრებით, სიმორცხვე არის ადამიანის შინაგანი პოზიცია, მიანიჭოს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვა ადამიანები. მორცხვი ადამიანი მგრძნობიარეა, ამიტომ ის ხშირად გაურბის სიტუაციებს, სადაც შეიძლება მოხდეს მისი შეფასება ან კრიტიკა.

ხშირად სიმორცხვეს აიგივებენ ჩაკეტილობასა და სიფრთხილესთან. ფსიქოლოგების აზრით, სიმორცხვე შეიძლება იყოს განპირობებული გენეტიკით, აღზრდის სტილით ან კულტურის ზეგავლენით. მიიჩნევა, რომ მორცხვობა ბავშვობის, მოზარდობისა და ადრეული მოზრდილობის დროს ვლინდება, შემდგომ კი თანდათან ხდება მისი შემცირება.

აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეების 42% თავს მორცხვ ადამიანად მიიჩნევს, აღნიშნული თვისება განსაკუთრებით იზრდება მე-5, მე-6 კლასებში. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ის შეიძლება მეტად საჭიროებდეს სხვების მხრიდან დახმარებას, ბევრი სიტუაცია შეიძლება მისთვის ახალი და უჩვეულო იყოს. თანდათან ბავშვი ეჩვევა მის გარშემო უცხო ადამიანების არსებობას, უჩვეულო სიტუაციებთან გამკლავებას და საუბრის წარმართვას. ზოგიერთი მეცნიერი სიმორცვის დადებით მხარესაც უსვამს ხაზს, მაგალითად, ძალიან ბევრ ხელოვანს, მეცნიერს სჭირდება განმარტოება, იმისთვის რომ იმუშაოს ან იფიქროს. ამ დროს მისთვის ხალხმრავალი კამპანია მხოლოდ ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გაკვეულ სიტუაციაში სიმორცხვეს ყველა ადამიანი გრძნობს, ზოგჯერ ის შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს სხვებთან ურთიერთობისას. მორცხვი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იცნობდეს სხვადასხვა სიტუაციას. ადამიანები უფრო მორცხვობენ უჩვეულო, უცნობ სიტუაციაში, ამიტომ უნდა ეცადოთ, ბავშვს მისცეთ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს დასასვენებელი პარკები, თეატრები, გამოფენები და ა.შ.

მორცხვი ადამიანები ხშირად განიცდიან სირცხვილის გრძნობას, როდესაც რამე არ გამოსდით. სირცხვილის გრძნობის ფორმირება უმცროს სასკოლო ასაკში ხდება, როდესაც ბავშვი უკვე ითვისებს სოციალურ გარემოში არსებულ სტანდარტებს. თუ ბავშვს ხშირად ეუბნებით ,,არ გრცხვენია, ეს როგორ ვერ უნდა გააკეთო’’, მას გამოაქვს დასვნა, რომ მარცხი – სასირცხვილოა და მისი უუნარობის შედეგია. ამ ფაქტმა შესაძლოა ბავშვს არასრულფასოვნების გრძნობა და დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ ბავშვებს დაფიქრდნენ მარცხის მიზეზზე.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვი ნაკლებად გამოირჩეოდეს სოციალური სიტუაციების დროს და არ შერცხვეს საკუთარი აზრის გამოთქმის, 7 რჩევას ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა მოგცემთ.


  1. უპირობოდ მიიღეთ ბავშვი, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა, გარეგნობის და ხასიათის. უნდა იყოთ ყურადღებიანი მისი საჭიროებების მიმართ და შესაძლებლობების ფარგლებში ეცადოთ მათი დაკმაყოფილება. თუ ამას ვერ ახერხებთ, აუხსენით მიზეზი. გამოხატეთ სითბო ბავშვის მიმართ, ხშირად მოეფერეთ. ასეთ დროს ბავშვი მიიჩნევს, რომ იგი სხვების მხრიდან სიყვარულის ღირსია და სამყაროს არ აღიქვამს საშიშად და მტრულად განწყობილად.

  2. ბავშვის აღზრდისას დააწესეთ გარკვეული წესები, ოღონდ ბავშვის ასაკის, შესაძლებლობის, თუ ცხოვრებისეული სიტუაციების შესაბამისად. მაგალითად, თუ თუ გაქვთ წესი, რომ მოზარდი 20.00 საათზე უნდა იყოს სახლში და დაბადების დღეზე ის 19.00 საათზე დაპატიჟეს, სიტუაციდან გამომდინარე ამ წესში შეიტანეთ ცვლილება. ბავშვის მიმართ გამოხატეთ სითბო, ვინაიდან ამგვარ გარემოში აღზრდილ ბავშვი მეტად დარწმუნებული იქნება საკუთარ შესაძლებლობებში.

  3. არ მიანიჭოთ ბავშვს შემდეგი იარლიყები: ,,მორცხვია’’, „უქნარაა’’, ,,ზანტია’’. ამავდროულად დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ ვერ ასრულებს ბავშვი გარკვეულ ვალდებულებებს? იქნებ მას მეტი დახმარება სჭირდება, ან სხვაგვარი ქცევა ჯერ არ იცის? შეთავაზეთ მას ალტერნატიული ქცევის მაგალითი და ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე დახმარების სტრატეგიები. თუ ბავშვი მისაღებად იქცევა, წაახალისეთ იგი და არ მიიჩნიოთ, რომ კარგად ქცევა ეს იმდენად ჩვეულია, რომ აღნიშვნის ღირსიც კი არ არის. არ შეაადაროთ სხვა თანატოლებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ნაკლებად მტკივნეულად დაეუფლება ახალ ქცევას და ნაკლებად დაიმსახურებს თქვენს კრიტიკას.

  4. აჩვენეთ მას ეფექტური კომუნიკაციის მაგალითები. თავად ესაუბრეთ მას, იზრუნეთ მისი სამეტყველო კომპეტენციების განვითარებაზე. მოისმინეთ მისი მონათხრობი, დღის შთაბეჭდილებები, კითხეთ სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით აზრი (ამას არ უნდა ჰქონდეს ძალდატანებითი ხასიათი). წაუკითხეთ და იზრუნეთ მისი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე. ასეთ დროს ბავშვის თვალსაწიერი მეტად ფართო იქნება და სხვა სიტუაციაშიც გაუიოლდება აზრის გამოხატვა და კომუნიკაციის წარმართვა.

  5. დააკვირდით, თუ რა არის ბავშვის ძლიერი მხარე, ინტერესთა სფერო. ამის მიხედვით შეურჩიეთ წრე და იზრუნეთ მისი ძლიერი მხარეების განვითარებაზე.

  6. მიეცით შესაძლებლობა, გაეცნოს სხვადასხვა სიტუაციას, იქ დამკვიდრებულ კომუნიკაციის ფორმებს, ჯერ უფროსებმა აჩვენეთ მაგალითი და შემდეგ ერთად წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებელი კომუნიკაციის მცდელობები.

  7. დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი მარცხის მიღებასა და მიზეზების ანალიზში. დაეხმარეთ, რომ თავადაც მოიფიქროს გზები, თუ როგორ იქნება უმჯობესი მოქცევა ანალოგიურ სიტუაციაში, რა შედეგი მოჰყვება სხვაგვარ ქცევას. აღიარეთ, რომ შეცდომა არის სასწავლო პროცესის, ბავშვის განვითარების ნორმალური და ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ უშვებს შეცდომებს. შეცდომა უნდა განიხილოთ როგორც გამოცდილების მიღებისა და სწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ამგვარ შემთხვევაში ბავშვს ჩამოუყალიბდება განწყობა, რომ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია ეფექტური გზების ძიებითა და ძალისხმევით. იყავით შემწყნარებლები განსხავებული თვისებების თუ შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ.

წყარო




Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий