пятница, 1 сентября 2023 г.

რა არის მეტაკოგნიცია და როგორ ეხმარება ის ბავშვებს სწავლის პროცესში?





ჩვენ არა მარტო ფიქრის, აზროვნების, დასწავლის უნარი გვაქვს, არამედ შეგვიძლია თავად ამ შემეცნებითი პროცესების გაანალიზება და კრიტიკული შეფასება. ასეთ “აზროვნებას, აზროვნების შესახებ” მეტაკოგნიციას უწოდებენ. სწორედ მეტაკოგნიცია გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა ვიცით უკვე და კიდევ რისი სწავლა გვჭირდება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელი სტრატეგიებია ეფექტური ჩვენთვის და როგორ შევარჩიოთ ისინი კონკრეტული საქმიანობისთვის, განვსაზღვროთ რა დრო დაგვჭირდება მასალის ათვისებისთვის, შევაფასოთ ის, თუ როგორ მიმდინარეობს დასწავლის პროცესი, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენზე დასწავლის პროცესში და ა.შ.



მეტაკოგნიცია

მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები, უკეთ ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვასა და შეფასებას და გამოირჩევიან უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით, ამიტომ სასურელია მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე აქტიური მუშაობა. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ასეთი სტრატეგია, რომელიც ამ უნარების განვითარებას უწყობს ხელს:
  • რაიმე საკითხის შესწავლამდე, განიხილეთ ბავშვთან თუ რა სმენია მის შესახებ, ჰკითხეთ რის გაგებას ისურვებდა დამატებით, რა დააინტერესებდა ყველაზე მეტად და ა.შ. ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ კი დააზუსტეთ, არის თუ არა რაიმე გაუგებარი და სჭირდება თუ არა დახმარება.
  •  დავალების შესრულების შემდეგ, ჰკითხეთ ბავშვს, მისი აზრით რა გამოუვიდა ყველაზე კარგად, რა სირთულეებს წააწყდა მუშაობის პროცესში და რომელი სტრატეგია გამოიყენა მათ გადასაჭრელად; ჰკითხეთ, ხომ არ არის რაიმე სხვა მიდგომა, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტური იქნებოდა? რა შეიძლება გაითვალისწინონ მომავალში, მსგავსი დავალების შესრულებისას?
  •  თუ ბავშვს უჭირს დავალების შესრულება, ჰკითხეთ შენი აზრით, რა გიშლის ხელს ამ დავალების შესრულებაში? რა დაგეხმარა წარსულში მსგავსი დავალების შესრულებაში? შეგიძლია ის ცოდნა, რომელიც მაშინ მიიღე ამ დავალების შესრულებისთვის გამოიყენო?
  •  დაეხმარეთ ბავშვს იპოვოს სწავლის საკუთარი სტილი: ზოგიერთი ბავშვი უკეთ სწავლობს, როდესაც თვალსაჩინო მასალას იყენებს, ზოგიერთი მოსმენილ ინფორმაციას იმახსოვრებს, ნაწილს კი სჭირდება რომ ინფორმაცია შეხებისა და მოძრაობის შეგრძნებების გამოყენებით მიიღოს.
  •  მოახდინეთ მეტაკოგნიტური უნარების გამოყენების მოდელირება, მაგალითად ხმამაღლა იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ ხვდებით სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით, ან როგორ საზღვრავთ, თუ დაახლოებით რამდენი დრო დაგჭირდებათ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად.
  •  გახსოვდეთ, რომ მეტაკოგნიტური უნარების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და მისი ხელშეწყობისთვის საჭიროა ბავშვის ემოციური მხარდაჭერა და წახალისება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი თავს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნობს.


წყარო








Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментариев нет:

Отправить комментарий