
როჯერსი ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენელია. განსხვავებით ფსიქოანალიზისგან, რომელიც ადამიანის მიმართ პესიმიზმითა და უიმედობით ხასიათდება, ჰუმანისტური თეორია ოპტიმისტურია, იგი ადამიანის, მისი მამოძრავებელი ძალებისადმი პოზიტიურად და იმედით არის განწყობილი. სჯერა, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია ჯანმრთელი და შემოქმედებითი ზრდის პოტენციალი. თუ ფსიქოანალიზისთვის განვითარება თვით პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული და მას "ბნელი" არაცნობიერი ძალები მართავენ, როჯერსის ჰუმანისტურ თეორიაში მაშინაც კი, თუ ადამიანში ჩადებული განვითარების პოტენციალის რეალიზაცია ვერ მოხდა, (რაც მშობლების არასწორი აღზრდისა და სხვა მავნე ზეწოლების შედეგია), ეს შეფერხება შეიძლება დაიძლიოს, რადგან ადამიანს შეუძლია თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. როჯერსის ერთ-ერთი მთავარი თეზაა: ადამიანი თვითრეალიზაციის მიმართულებით მოძრაობს და იცვლება. ამავე დროს, როჯერსი თავისი თეორიით ფენომენოლოგიური თეორიის წარმომადგენელიცაა. როჯერსის თვალსაზრისზე გავლენა მოახდინა ფენომენოლოგიამ, ფილოსოფიის დარგმა, რომელიც ეფუძნება უშუალო გამოცდილებას და აღქმას ინტერპრეტაციების გარეშე. როჯერსი ფენომენოლოგიას, როგორც ადამიანის შესახებ მეცნიერების საფუძველს განიხილავდა. მისი აზრით, ფსიქოლოგიური გამოკვლევები უნდა წარმოადგენდეს მიზანდასახულ, კარგად ორგანიზებულ ქმედებას, მიმართულს შინაგანი, სუბიექტური გამოცდილების გაგებაზე. მისი აზრით, სწორედ თერაპიის გზით მიღებული კლინიკური მასალაა ფენომენოლოგიური მონაცემების უმდიდრესი წყარო. როჯერსის მიდგომა იდიოგრაფიული ხასიათისაა და არ ნომოთეტური, რომელიც (ნომოთეტური) პიროვნებას განზომილებების, ნიშნების თუ სხვა ზოგადი საზომებით უდგება. როჯერსი ადამიანის გაგების თავის მცდელობებს ყოველთვის კლინიკური დაკვირვებებით იწყებდა , ხოლო შემდეგ ამ დაკვირვებებს ჰიპოთეზების ფორმულირებისთვის იყენებდა. ჰიპოთეზების შემოწმებას კი უფრო მკაცრი მეთოდებით ახდენდა. თერაპიას ის როგორც ინდივიდის სუბიექტურ "გამოფხიზლებას"(„შენჯღრევას") განიხილავდა, ხოლო კვლევას კი როგორც ობიექტურ მოქმედებას, რომელიც გარკვეულ წესებს ემორჩილება.
|