მარია მონტესორი დაიბადა 1870 წელს იტალიაში. მიუხედავად უამრავი ბარიერისა, რომელსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. მარია მონტესორი მუშაობდა რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ის დაინტერესდა ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით და რამდენიმე წელიწადი სწორედ ამ საკითხზე მუშაობაში გაატარა. 28 წლის ასაკში მონტესორი გახდა გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლის დირექტორი. სწავლების მისეული თეორია დაიბადა მას შემდეგ, რაც მონტესორიმ შეძლო მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისათვის წერა-კითხვის სწავლება, რასაც მან მიაღწია ორწლიანი მუშაობის შედეგად. ბავშვებმა, რომლებიც ფაქტობრივად მიჩნეულები იყვნენ, როგორც სწავლის უნარის არ მქონეები, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. ეს მოვლენა მაშინდელ იტალიაში სასწაულად შერაცხეს. მონტესორიმ აღმოაჩინა, რომ ამ ბავშვებს შეეძლოთ სწავლა პრეცეპტუალური სისტემის დახმარებით. მან შეიმუშავა ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშების მთელი სისტემა და უჩვეულო სათამაშო მოწყობილობები და დაკვირვებების საფუძველზე აღმოაჩინა თანამედროვე მეცნიერების მიერ დადასტურებული კანონზომიერება: რაც უფრო სხარტი ხდება ბავშვის ნატიფი მოტორიკა და რაც უფრო მეტი საგნის დახმარებით - მგრძნობელობით გამოცდილებაზე დაყრდნობით ეცნობა გარე სამყაროს, მით უფრო სწრაფად და ადვილად სწავლობს მეტყველებასა და წერა-კითხვას. 1907 წელს მას სთხოვეს პასუხისმგებლობა აეღო უსახლკარო ბავშვებზე, რასაც შედეგად რომის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვთა სახლის დაარსება მოჰყვა. სწორედ ასე დაიბადა მონტესორის სწავლების მეთოდი. „ბავშვის სახლში“ მას ჰყავდა ღარიბი, უსახლკარო და პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, რომლებსაც მან თავისი მეთოდის გამოყენებით ძალიან მალე შეასწავლა წერა-კითხვა და სამაგალითონი გახადა.
მაინც რაში მდგომარეობს მისი უნიკალური სწავლების მეთოდი?>>>
მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისათვის მასმნიშვნელოვნად მიაჩნდა სწავლების პროცესში ბავშვის ფსიქიკური განვითარების კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის კონკრეტული უნარი, მაგ. მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წელი და ზუსტად ამ დროს საჭიროა მისი წახალისება. მონტესორისეული აღმზრდელი არის დამხმარე ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, არ არსებობს ზარმაცი და არასასურველი ქცევების მქონე ბავშვი. სიზარმაცე და ქცევითი პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო არ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს.
LI
- სპეციალურად ბავშვისათვის შექმნილი გარემო - მარია მონტესორიმ პირველმა გამოთქვა მოსაზრება, და შემდგომში პრაქტიკულად განახორციელა კიდევაც, იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვის შესაბამისი ზომის ავეჯი. პირველად მან დაამზადებინა პატარა კარადები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ მათით სარგებლობა. გარემომ უნდა უპასუხოს ბავშვის განვითარების თითოეული საფეხურის სენსიტიურ პერიოდებს. ეს „სპეციალური გარემო“ სხვადასხვა საფეხურისათვის სხვადასხვაგვარია, თუმცა დაფუძნებულია ერთ პრინციპზე. სწორედ ეს გარემო და მონტესორისეული მასწავლებელი განასხვავებს მის თეორიას სხვებისაგან, მისი თეორიის მიხედვით, ბავშვის თავისუფალი აქტივობა მოიცავს სწავლების 80%-ს, მხოლოდ დანარჩენი 20% ეკუთვნის მასწავლებელს, რაც უცხოა ტრადიციული სწავლების მეთოდისათვის, სადაც წამყვანი ადგილი მასწავლებელს უჭურავს. პატარებზე მორგებული გარემო მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ განსხვავებული მოქმედებები დამოუკიდებლად, ასევე ამ გარემოში ისინი თვითონ აღმოაჩენენ თეორემებს, რომლებიც არის არა წარმოდგენილი, არამედ „აღმოსაჩენია“.
- სასწავლო მასალები - ეს მასალები არის სახლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გადებული ხიდი, სამყაროს მცირე მოდელი, რომლის მეშვეობითაც ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, უვითარდება სივრცეში კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის მექანიზმები. სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით - მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით. ბავშვები მასალებით მანიპულაციის დროს ეცნობიან სხვადასხვა კატეგორიებს: დიდი-პატარა, გლუვი-პრიალა და ა.შ. აფიქსირებენ მათ შორის განსხვავებებს და ამით ეუფლებიან ანალიზისა და სინთეზის უნარს. მაგ. ბავშვებმა უნდა ააგონ ვარდისფერი კოშკი სხვადასხვა ზომის კუბებისაგან, ყველაზე დიდი კუბი საფუძველში უნდა მოაქციონ და ყველაზე პატარა - კენწეროში. ყველა კუბის ფერი და მასალა ერთნაირია, განსხვავება არის მხოლოდ ზომაში. ამ შემთხვევაში, ბავშვებმა უნდა მოახერხონ ზომის მიხედვით დიფერენცირება. არის დავალებები, როდესაც ბავშვები ნივთებს ახარისხებენ ფერის, ფორმის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვის აღქმაში წამყვანია სწორედ სენსორული ინფორმაცია, ეს მასალები ეხმარება მას შეიცნოს სამყარო. მონტესორისეული სწავლების მიხედვით, წერა-კითხვის, თვლის და ანგარიშის ცოდნა არ არის სკოლამდელი განათლების მიზანი, ის მხოლოდ თანმხლები პროცესია. სენსორული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვს თანდათანობით უჩნდება ინტერესი იმისა, თუ რამდენით დიდია მაგ. ზემოთ ნახსენები ერთი კუბი მეორეზე და სწორედ ამ დროს ჩნდება ელემენტარული მათემატიკური ცოდნის მიწოდების საშუალება. მსგავსი მეთოდით ხდება ენის ათვისება, ამ შემთხვევაშიც ბავშვს ეტაპობრივად მიეცემა წერა-კითხვის დასაუფლებლად წინაპირობა - სიმღერების, ლექსების, მოთხრობებისა და ასევე, ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი სხვადასხვა დავალების სახით. ამ ყველაფრის კომბინაცია ბავშვს ნელ-ნელა, ძალდატანების გარეშე, შეუმჩნევლად ასწავლის წერა-კითხვას. მონტესორის განათლების სისტემა უკვე 100 წელზე მეტია, წარმატებით იყენებს ენის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია მყარ ზედაპირზე დამაგრებული ზუმფარის ქაღალდისაგან გამოჭრილი ასოების გამოყენება. ბავშვები ერთდროულად ხედავენ, შეიგრძნობენ და გამოთქვამენ მათ, ასე რომ, სწავლება მიმდინარეობს კომბინირებულად, 3 სენსორული არხის დახმარებით.
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მარია მონტესორიმ დაასკვნა, რომ არსებობს მასალების სრულიად განსაზღვრული რიცხვი, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია ბავშვის კულტურული განვითარებისთვის, უბრალოდ, ამ გარემოში უნდა იყოს მისი მხოლოდ ერთი ნიმუში მაინც. ეს მასალები ემსახურება ბავშვის „კოსმოსურ აღზრდას“. ბავშვებს სამყაროს შესახებ ცოდნას აწვდიან სწორედ ამ სპეციფიკური საგნების დახმარებით, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას სამყაროსა და ბუნების შესახებ. ამ შემთხვევაშიც მასალა სენსორულია და მიწოდებულია ზოგადიდან კერძოს მიმართულებით. მაგ. ბავშვი ჯერ ითვისებს ცოდნას სამყაროს შესახებ, შემდეგ ცხოველებისა და მცენარეების შესახებ. ცხოველთა სამყაროს ზოგადად გაცნობის შემდეგ, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ცხოველთა ნაირსახეობების შესახებ და ა.შ.
- საგნები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლობას უყალიბებს.ეს საგნები თავისებურად „იწვევენ“ ბავშვების აქტივობას. ბავშვებს აქვთ გეომეტრიული ფიგურების ნაირსახეობები, პაზლები, ფერადი მძივის მარცვლები და უამრავი სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის კუბები. მონტესორის ინფრასტრუქტურის ყველა შემადგენელი ნივთი, ავეჯი თუ საგანი, ჯაგრისი იქნება ეს თუ აქანდაზი, მაქსიმალურად მორგებულია ბავშვის ზომებს, ისე, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს მათი მოხმარება. ამ ნივთების მოხმარება, მაგ. წყლით სავსე დოქის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, ბავშვებს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რაც ბავშვის თვითგანვითარების საფუძველია. ბავშვების მიერ გამოსაყენებელი საგნები განლაგებულია მათთვის ხელმისაწვდომ თაროებზე. ასევე, ეს ყველაფერი ისეა განლაგებული და შექმნილი, რომ ბავშვებმა ადვილად მიაგნონ შეცდომებს და გაასწორონ. მონტესორის სისტემაში მასწავლებელს არ უჭირავს მაკორექტირებლის როლი, თუმცა კი გამონაკლის შემთხვევებში ასეც ხდება. სხვის მიერ მიცემული მითითების, ანუ გარეგანი განსჯის ნაცვლად ბავშვი ეყრდნობა ინტერნალურ განცდებს, საკუთარ აზრს, დაშვებული შეცდომების შესახებ. პასუხები მოცემულია მექანიკური (მაგ. რომელიმე სათამაშოს შემთხვევაში, მხოლოდ რაღაც ერთი გზით ერგებიან ნაწილები ერთმანეთს), ვიზუალური (ნივთების გარკვეული მახასიათებლების მიხედვით, მხედველობით ან შეხებით შესაძლებელი დახარისხება) და ხანდახან, უბრალოდ, პასუხების ფურცელზე ჩამონათვალის სახით. შეცდომების აღმოჩენისას თავის საკუთარ გამოცდილებასა და თვითშეფასებაზე დაყრდნობით ბავშვს უყალიბდება „მეგობრული“ დამოკიდებულება შეცდომების მიმართ და ის ხდება მისი მეგზური თვითგანვითარების გზაზე.
- შერეული ასაკობრივი ჯგუფები. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახსა თუ სამსახურში ვიმყოფებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისაგან შემდგარი ადამიანების გარემოცვაში. ჩვეულებრივ, ტრადიციული სკოლებისაგან განსხვავებით, სადაც კლასში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ასაკობრივი ჯგუფი, მონტესორის სკოლაში შერეული ასაკობრივი ჯგუფი გვხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე სჭირდებათ სხვადასხვა გარემო, მონტესორის კლასები დაყოფილია შემდეგნაირ ჯგუფებად: 0-3 წელი, 3-6 წელი, 6-12 წელი და 12-15 წელი. თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე პატარა წარმომადგენელი გარშემორტყმულია თავისზე ოდნავ მეტად გამოცდილი და ასაკით უფროსი ბავშვებით, რომლებიც მისთვის მოდელებს წარმოადგენენ. ასევე, უფროსი ბავშვებიც, პატარებით გარშემორტყმულნი, გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და მეტად თავდაჯერებულნი საკუთარ თავსა და ცოდნაში, აჩვენებენ პატარებს საკუთარ შესაძლებლობებს. შეჯიბრი ჩანაცვლებულია თანამშრომლობით და სწორედ ეს არის ამ პატარა სოციუმების მამოძრავებელი ძალა. წინასწარ მომზადებული გარემოთი ხელშეწყობილი თვითგანათლება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ბავშვი სწავლობს და ვითარდება.
- თავისუფლება და დისციპლინა. სპეციალურად შექმნილი გარემოს ზემოქმედების შედეგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც - თვითონ ეს გარემო. იგი ბავშვებს აძლევს მათთვის აუცილებელ „იარაღებს“, თუმცა მათ უნდა შეძლონ ამ „იარაღების“ საშუალებით ცოდნის აღმოჩენა და მათით მანიპულირება.
ბავშვის გარემოსთან ინტერაქცია ინდივიდუალური განვითარებისათვის ყველაზე მეტად პროდუქტულია მაშინ, როდესაც ის დაფუძნებულია არჩევანის თავისუფლებასა და პირად ინტერესზე. მონტესორისეულ საკლასო ოთახში ბავშვი თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ აქტივობებს და ამ აქტივობების შესასრულებლად არ არის დროში შეზღუდული, აგრეთვე, ბავშვს საშუალება აქვს ერთი და იგივე აქტივობა იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება. ეს აქტივობები შესაძლოა იყოს, როგორც თამაში, ისე ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და ა.შ.
პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ამ თავისუფლებას მიჰყავს ბავშვები დისციპლინამდე. ტრადიციული მიდგომის თანახმად, ბავშვები არსებითად უწესრიგოები და თავაშვებულები არიან, მხოლოდ დასჯით არის შესაძლებელი მათი სიჯიუტისა და იმპულსურობის დათრგუნვა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბავშვისაგან სასურველი ქცევა რომ მივიღოთ, აუცილებელია მისი დასჯა ან წახალისება კონტექსტის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამ მეთოდს ხშირად მიმართავს, პრობლემა ისევ აქტუალობას არ კარგავს. როდესაც გარეგანი მოტივი ჩამოშორებულია, ადამიანში რჩება საკუთარი ქმედებებისა და განზრახვების გაკონტროლების მხოლოდ სუსტი სურვილი, სუსტი ზნეობრივი საზღვრები და ადამიანის მოთხოვნილება ითანამშრომლოს სოციუმთან, მხოლოდ იმაზეა დამყარებულია, რომ მან „უნდა“ გააკეთოს ეს და არა იმაზე, რომ მას „უნდა“ სოციუმთან ურთიერთობა.
მონტესორის სისტემა ბავშვს ეხმარება ნებისყოფის განვითარებაში. მონტესორის საკლასო ოთახში ბავშვი ხომ მუდმივად გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და სწორედ ეს ეხმარება მას, ჩამოუყალიბდეს საკუთარი სურვილებისა და ინტერესების „მოსმენის“ უნარი. თუმცა გარემო, გარკვეულწილად, ლიმიტირებულია, სოციალურიც და ნატურალურიც, რაც ბავშვს უვითარებს იმპულსების შეკავების უნარს. ამ სპეციალურ გარემოში, როგორც უკვე ვახსენეთ, არის მხოლოდ ერთი ნიმუში სხვადასხვა საგნისა, მაგ. არის მხოლოდ ერთ სახატავი რვეული და თუ ბავშვს აქვს ხატვის იმპულსი, ამ დროს კი სხვა ხატავს, მას უხდება ამ იმპულსის შეკავება. ამგვარადვე ხდება სხვა საგნების შემთხვევაში, თუ რაიმე სათამაშო „დაკავებულია“, ბავშვი უნდა დაელოდოს, სანამ ეს სათამაშო არ განთავისუფლდება.
მონტესორის განათლების სისტემაში შექმნილია სპეციალური პირობები იმისათვის, რომ ბავშვის გარკვეული მახასიათებლები, როგორებიცაა ინიციატივა, დამოუკიდებლობა, კონცენტრაცია, თვითრეგულაცია, თანაგრძნობა, გახდეს თვალსაჩინო და ბუნებრივი, ნორმალიზებული მოვლენა. მათი გათავისება არ ხდება ძალდატანებით ან მითითებებით. სწორედ ამის დამტკიცება სურდა მონტესორის, რომ ეს მახასიათებლები ბავშვში ბუნებრივად დევს. ისეთი მახასიათებლები კი, როგორებიცაა სიჯიუტე, ჭირვეულობა, სიზარმაცე და ა.შ. ვლინდება მაშინ, როდესაც გარემო არ უპასუხებს ბავშვის მოთხოვნილებებს და განვითარების ბუნებრივი პროცესი ფერხდება. როდესაც ბავშვებს აქვთ თავისუფლება იმ გარემოში, რომელიც მათზეა მორგებული, ისინი blossom იფურჩქნებიან. როდესაც იმპულსების ძლიერი შეკავების შემდეგ, იწყებენ სასურველ მოქმედებას, ისინი გამოცოცხლდებიან, კმაყოფილებას განიცდიან. და მას შემდეგ, რაც აქტივობას განაგრძობენ სასურველ მოქმედებაზე კონცენტრირებით, ბავშვები სწავლობენ შინაგან დისციპლინას და განიცდიან სიმშვიდეს. სწორედ, ბავშვის ამ მახასიათებლების ნორმალიზაცია არის მონტესორის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი.
მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ (რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებშია ჩატარებული) აჩვენა, რომ ტრადიციული სკოლების მოსწავლეებთან შედარებით, მონტესორის სკოლის მოსწავლეები მეტად კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არ კარგავს 21-ე საუკუნეშიც და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მონტესორის სახელობის უამრავი სკოლა, რომლებიც გარკვეულწილად იყენებენ მის მეთოდს, თუმცა მცირე ინტერპრეტაციებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. http://www.absorbentminds.co.uk/acatalog/What_is_Montessori_.html
ავტორი :ბარბარე
წყარო
ამ თემაზე --- მარია მონტესორის სწავლების მეთოდი
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий