понедельник, 24 октября 2016 г.

კარგი მასწავლებლის 8 მახასიათებელი

რა აძლიერებს მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? ამ საკითხზე ბევრი აზრი არსებობს, თუმცა ეს “თავსატეხი” სათანადოდ ამოხსნილი დღემდე არ არის. ბევრი პასუხი ამ თემაზე ბუნდოვანია. გთავაზობთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელთაგანაც ნაწილი თქვენთვის ნაცნობი იქნება, მაგრამ ბევრს ვერასოდეს შეხვდებით შესრულებული საქმის შეფასების დოკუმენტში.

როგორები არიან კარგი მასწავლებლები:

1. არიან თავდაჯერებულნი

სწავლების პროცესში თავდაჯერებულობა შეიძლება ბევრ რამეში გამოიხატებოდეს. მაგალითად: მასალის ცოდნაში, ან თქვენი სწავლების მეთოდების უბადლოობაში. რა თქმა უნდა, ამ ორი მიმართულებით თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე აუცილებელი სულ სხვა რამ არის და არც თუ ისე ადვილი ასახსნელია.
ვგულისხმობ იმ თავდაჯერებას, როცა თქვენ ზუსტად იცით, რომ იქ ხართ სადაც ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ მიუხედავად იმ მძიმე შრომისა, რასაც ამ საქმეში დებთ, ისაა, რაც თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც სარგებლის მომტანია. მოსწავლეები მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. სკოლაში მუშაობა რთული და სტრესულია, თუმცა შედეგები – სასიამოვნო. მაგრამ თუ ასწავლით და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საქმეა… ესე იგი, არც არის.

2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით

რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სკოლისა და განათლების სფეროს ჩარჩოების მიღმა გამოცდილებას გულისხმობს, დაგეხმარებათ სასწავლო თემების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენასა და რეალობასთან დაკავშირებაში. მასწავლებლებს, რომელთაც უმოგზაურიათ, უმუშავიათ სხვა სფეროში, უთამაშიათ რომელიმე სპორტულ გუნდში და ზოგადად, საინტერესო გამოცდილებები მიუღიათ, არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ერთი პროფესიით – პროფესია “მასწავლებლით”. იქნება ეს პასუხი გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე, თუ პასუხი პატარა მოსწავლის კითხვაზე – თუ რაში დასჭირდება მათემატიკა. მასწავლებლებს, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული სხვა პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლიათ უკეთ და საფუძვლიანად დაინახონ, თუ რა როლი აკისრია სასკოლო განათლებას ცხოვრებისეულ ჭრილში.

3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია

ისევე, როგორც მოსწავლეების ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია მათი მოტივატორებიც. უმეტესობა მათგანი შეძლებს საკლასო ოთახშივე გამოავლინოს საკუთარი ხედვა და ამბიციები. შესაბამისად, მოტივაციაც რეალობიდან გამომდიანრე ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე მხოლოდ გარე მოტივატორებზე რეაგირებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ გვხვდება ისეთი მოსწავლეც, რომელიც საერთოდ ვერ აკავშირებს საკლასო ოთახში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ინტერესებთან. დიდია ალბათომა იმისა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან საერთო პროცესში. პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ასეთ მოსწავლეს და ის მასალა, რასაც სწავლის პროცესში გადიან, ამ მოსწავლეებისათვის გასაგებ კონტექსტში განიხილოს და დაანახოს კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. მასწავლებლები, რომელთაც არ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეების მიერ ამ კავშირის დანახვას, საერთოდ უნდა დაფიქრდნენ, რა აზრი აქვს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელთაც არც ინტერესი აქვთ და ვერც აკავშირებენ გონებაში მიღებულ ინფორმაციას შესაბამის თემასთან.

4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები

დიახ, ყველა მასწავლებელი გმირია. ახლა დავივიწყოთ ეს ბანალური ფრაზა და ვცადოთ ამ კლიშეს მიღმა რეალური მნიშვნელობა განვმარტოთ. ზოგ მასწავლებელს ჯერ კიდებ უჭირს იმის ჩვენება, რომ რაღაც შეიძლება მასაც შეეშალოს. ასეთ პედაგოგებს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდებათ მოსწავლეებისათვის მათი იმედგაცრუების, წყენისა, და გაბრაზების დაფარვა. რატომ? იმიტომ, რომ რიგი მასწავლებლებისა ვერ ითავისუფლებს თავს ბარიერისაგან, რომ თქვას “წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პასუხი შენ კითხვაზე”. სამაგიეროდ, მასწავლებლები, რომლებიც ბუნებრივად ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, არ ეშინიათ ემოციების გამოხატვის და შეუძლიათ აღიარონ, რომ ცოცხალი ენციკლოპედიები არ არინ. რა თქმა უნდა, არავის უნდა, ზედმეტად საცოდავი იყოს, ან ემოციების კორიანტელი დააყენოს კლასში, მაგრამ რა არის იმაზე უკეთესი გზა ბავშვებს თანაგრძნობა ასწავლოთ, ვიდრე ის, რომ თავად იყოთ თანაგრძნობის ობიეტი, როცა ცუდი დღე გაქვთ? გუნდური მუშაობის წახალისებისათვის და იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ, რომ არაუშავს, როცა რაღაც არ ვიცით, საუკეთესო საშუალობაა უთხარათ: “არ ვიცი, მაგრამ რატომ არ გავარკვიოთ ერთად?

5. ერკვევიან ტექნიკაში

მოდით, ამ თემაზე ძალიან ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე საკმაოდ დაიხარჯა მელანი (და უკვე პიქსელიც) ამ საკითხის განხილვისას. რაც დრო გადის, იმის თქმა, რომ – “მაგრამ მე არ ვიცი _________ გამოყენება” (იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა) ჟღერს, როგორც – “მაგრამ მე არ ვიცი ტელეფონის გამოყენება”.
ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს განცხადება მისაღებია, არის მხოლოდ შემდეგი გაგრძელებით: “…მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო!” ბავშვებმა, რომ მსგავსი სუსტი არგუმენტი მოიშველიონ დავალების არშესრულების მიზეზად, მოგვეწონებოდა? დღევანდელ დღეს, გამოწვევებისაგან თავის არიდების მიზნით, თითოეული მსგავსი უსუსური კომენტარით დავკარგავთ ქულებს, როგორც პროფესიონალი.

6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს

ჩვენ მოსწავლეებს ვურჩევთ, რომ იყვნენ რისკიანები. ყველას მოგვწონს, როცა გარისკვა შეგვიძლია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმეტესობა რისკისგან შორსაა. ეს კონკრეტული პრინციპი წინა თემის გაგრძელებაა, როცა შეცდომის აღიარების თაობაზე ვსაუბრობდით. პედაგოგი, რომელსაც შეუძლია, გამოვიდეს სტატიკური ჩარჩოდან, სცადოს რამე ახალი და თუნდაც სხვების თვალში “გიჟად” წარმოჩინდეს, მაინც გარისკოს პროფესიის ხათრით, მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს რისკი წარმატებას მოიტანს, თუ არ გაამართლებს. მთავარია, რომ ბავშვებს დაამახსოვრდებათ და მიიღებენ გამოცდილებას, რომელზეც ისწავლიან. სწორედ ეს არ არის ჩვენი მიზანი? რაც არ უნდა იყოს, როცა იქნება მითქმა-მოთქმა დასრულდება. ცუდი PR არ არსებობს.

7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე

იქნება ეს: დაგვიანებების აღრიცხვა, დავალებების შეგროვება, ქულების დათვლის მიზნით, თუ ბავშვების ჩიჩინი, რომ ისწავლონ – საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მასწავლებელის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანიდან წვრილმანებზე გადავიდეს. ძლიერმა მასწავლებლებმა იციან, რომ ქრონიკული დაგვიანებების, ან სკოლის ხშირი გაცდენის უკან, უფრო ღრმა მიზეზია და არ კარგავენ დროს მათ “მოგვარებაზე”, როცა რეალურად აზრიც არ აქვს. ამისათვის არსებობს სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი.
ამასთან, წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან, რომ კონკრეტული და ეფექტიანი დავალებით და მიზანმიმართული უკუკავშირით საკუთარ შრომასაც გაიმარტივებენ და ბავშვებსაც უფრო ჩართავენ აქტივობებში. ასევე, მასალის მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებზე მორგებით, სწავლის შედეგებს მაქსიმალურად გაზრდიან. ბევრი უმნიშველო დეტალია, რომელიც უაზროდ ხარჯავს მასწავლებლის დროს. ძლიერი პედაგოგები კი ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას მთავარზე.

8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია

ეს ნაწილი ძალიან ბევრ ზემოაღნიშნულ თემას უკავშირდება. ძლიერი მასწავლებლები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, რომ გონებას ნაკლებად იღლიან იმაზე ფიქრით, თუ რას იფიქრებს სასწავლო ნაწილი. ისინი რისკავენ. მათი კლასი შეიძლება ხმაურიანიც იყოს, მოუწესრიგებელიც, ან ორივე ერთად. მათ ქმედებებში შეიძლება მცირე დარღვევებიც იყოს (უმეტესად სასკოლო წესების), მაგრამ სამაგიეროდ მეტად დააინტერესებენ მოსწავლეებს და ჩართავენ სასწავლო პროცესში.
მასწავლეების ამ კატეგორიამ იცის, რომ სწავლა არ არის აკურატული და წესრიგიანი პროცესი და წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და გატაცებებს რუტინით ჩაკლავენ. მუდამ იმაზე შიში, თუ რას იტყვის უფროსი, შეგზღუდავთ ყველა საქმეში და არც სწავლებაა გამონაკლისი.br /> პირიქით, საუკეთესო მასწავლებლები მისდევენ დევიზს: “პატიება უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღება”.

წყარო: teachthought.com

Рамочки от Ларки

Комментариев нет:

Отправить комментарий