вторник, 20 февраля 2018 г.

როგორ დავწეროთ რეფლექსია








„ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:

– რა დაგკარგვია, ძიაკაცო?

– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.

გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

– მოხუცო, დარწმუნებული ხარ, რომ აქ დაგივარდა? – ჰკითხეს მას ბოლოს.

– არა, მონეტა შიგნით, სახლში დამივარდა.

– შენ რა, გაგიჟდი? მონეტა სახლში დაგივარდა და გარეთ გვაძებნინე? – აღშფოთდნენ გამვლელები.

– კი მაგრამ სინათლე ხომ აქ არის, სახლში კი ბნელა…

აღშფოთება მხიარულებამ შეცვალა, რომელიც შემდეგ თანაგრძნობაში გადაიზარდა და ბოლოს ერთმა დაყვავებით უთხრა მოხუცს:

– იმისთვის, რომ დაკარგული გეპოვა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე, სინათლე უნდა შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას, რაც შიგნით დაკარგე?

მაშ, რატომ არ ვიყენებთ ამ ცოდნას ჩვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ ვიხედებით საკუთარ თავში და რატომ ვართ გადაყოლილი ყოველდღიურ წვრილმანებს? რატომ ვეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? განა ის იქ დავკარგეთ?“

მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს და ეს ძიება საკუთარ თავში უნდა მოახდინოს. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა. მასწავლებელმა, რომელსაც სურს იყოს წარმატებული, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იზრუნოს პროფესიული ცოდნის განახლებასა და საკუთარი პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებაზე. ამის მისაღწევად კი კარგი იქნება, ის მუდმივად მუშაობდეს საკუთარ თავზე და თავისი საქმიანობების რეფლექსიას აკეთებდეს.

თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს თავისი სისუსტე და ძლიერება, თავის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი, მოკლედ: რა როგორ მოქმედებს? რა არის მისი ძლიერი მხარე? რა უნდა გააუმჯობესოს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ?

რა არის რეფლექსია?
რეფლექსია არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობებისა და უნარების გაცნობიერება.

როგორც წესი, რეფლექსია ჩვენს ხელთ არსებულ ცოდნასა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.


რეფლექსია (ლათ. reflexio) ნიშნავს „უკან მიბრუნებას“, ფიქრს საკუთარ „მეზე“, მდგომარეობაზე, საქციელზე, წარსულ მოვლენებზე. ამრიგად, ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“. ამასთან ერთად, რეფლექსია, თვითანალიზი, დამოკიდებულია თავად ადამიანის განათლებაზე, მორალურ მდგომარეობასა და თვითკონტროლზე.

რეფლექსია დაკავშირებულია მიზანმიმართულებასთანაც, ვინაიდან ადამიანი მიზნის დასახვისას თავისებურად გაიაზრებს კიდეც, როგორ მიაღწიოს მას.

ტრადიციულ ფსიქოლოგიაში განასხვავებენ სხვადასხვა სახის რეფლექსიას:
კომუნიკაციურს – მისი ობიექტია სხვა, მეორე ადამიანის შინაგან სამყაროსა და მისი ქმედების მიზეზებზე წარმოდგენის შექმნა;
პიროვნულს – შემეცნების ობიექტია თავად შესამეცნებელი პიროვნება, მისი თვისებები, ქცევა, სხვებთან ურთიერთობის სისტემა;
ინტელექტუალურს – იგი გამოიხატება სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებითა და შესრულების გზების გაანალიზებით.

რეფლექსია სხვადასხვა სახისაა:
  • განწყობის ანალიზი;
  • წარმატების ანალიზი;
  • ყოველდღიური თვითანალიზი;
  • კოლეგის მუშაობის ანალიზი და სხვა.
რეფლექსია შესაძლოა გაკეთდეს, როგორც
  • ინდივიდუალური;
  • ჯგუფური;
  • ზეპირი;
  • წერილობითი.
ინდივიდუალურია რეფლექსია, როდესაც რეალურად ხდება თვითშემეცნების ფორმირება, ანუ როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი სამუშაოს შეფასება და საუბრობს თვითშეფასების შედეგებზე.

ჯგუფურია რეფლექსია, როცა ჯგუფის ყოველი წევრი აქცენტს აკეთებს მაქსიმალურ შედეგზე. მაგალითად – „შევძლებდით თუ არა გაგვეკეთებინა ეს სამუშაო, ჩვენთან რომ არ ემუშავა ….. (სახელი)“

„ჩვენთან რომ ემუშავა, რაში დაგვეხმარებოდა ……. (სახელი)“ და ა.შ.

ზეპირია რეფლექსია, როდესაც საკუთარი და სხვისი პოზიციების „გაერთიანება“ ხდება, მაგალითად, პრობლემებს ადამიანები ხშირად საუბრის დროს განიხილავენ და საინტერესო გადაწყვეტასაც პოულობენ.

ზეპირი რეფლექსიის სახეებია: დიალოგი და დისკუსია.

წერილობითია რეფლექსია, რომელიც შეგვიძლია წერილობითი ფორმით გადმოვცეთ, რამდენიმე სახისაა: ესე, „საბორტო ჟურნალი“(სადაც იწერება მნიშვნელოვანი შეკითხვები), სხვადასხვა სახის დღიური (მაგალითად, ჩვეულებრივი დღიური, მხატვრული ალბომი, ციტატები და სხვა), წერილობითი ინტერვიუ, პორტფოლიო.

რეფლექსია ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა იგი დამოუკიდებლადაც ხორციელდება. მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მის უკუკავშირზე.

რეფლექსიის სააზროვნო საკითხები:
  • რა იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება?
  • რის საფუძველზე მივაღწიე ამას?
  • რა სირთულეს წავაწყდი?
  • რა არის ის, რისი გაკეთებაც არ გამომდიოდა ადრე, ახლა კი თავისუფლად შემიძლია?
რეფლექსიისთვის საჭირო სიტყვათა წყობაა:
  • საინტერესო იყო..
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • დღეს გაკვეთილზე მე შევძელი…
  • გაკვეთილმა მომცა…
  • გაკვეთილის დროს მე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა…
  • მე გავიგე, რომ…
  • მე ახლა შემიძლია…
  • მე შევიძინე…
  • მე ვისწავლე…
  • გაკვეთილი მომეჩვენა…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • მე მნიშვნელოვანი მომეჩვენა…

ჩატარებული/ჩასატარებელი გაკვეთილის რეფლექსიის წარმოდგენისას სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:

რამდენად მიაღწიეს/მიაღწევენ მოსწავლეები გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ვიქნები კმაყოფილი? რა გავლენა იქონია/იქონიებს გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები:

ა) მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?

ბ) მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე?

რა გამოჩნდება/ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რას აითვსებენ/აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება/გამოიკვეთება? მე რა გამომივიდა/გამოგივა ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით მოვახდენ/მოვახდინე გამოწვევა? რა სტრატეგიებს გამოვიყენებ/გამოვიყენე ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?
როგორ შეიცვალა/შეიცვლება გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შევცვლიდი? როგორ გავაუმჯობესებდი საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?

როდის წერს მასწავლებელი რეფლექსიას?

მასწავლებელმა რეფლექსია უნდა აწარმოოს როგორც სწავლების დასაწყისში, რაც ეხმარება მას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში, ასევე სწავლების პროცესში, რომლის საშუალებითაც აფასებს, რამდენად უმჯობესდება სასწავლო პროცესი; ასევე სწავლების გარკვეული ეტაპის დასასრულს (მაგ. სასწავლო წლის ბოლოს), რითაც მასწავლებელი აფასებს თავის მიღწევებს და ხელახლა გეგმავს პროფესიული განვითარების გზას წინა გამოცდილებაზე დაფუძნებით.

რაში ეხმარება მასწავლებელს კარგი რეფლექია?

რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს ახალი სამუშაო; მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შეუძლია გამოასწოროს ახალ სასწავლო წელს, ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას, ხოლო ძლიერი, კიდევ უფრო გააძლიეროს და დანერგოს.

რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.

დასკვნა

რეფლექსია პრაქტიკის ანარეკლია. იმისათვის, რომ ვიყოთ რეფლექსური მასწავლებლები, უნდა ჩამოვიყალიბოთ გარკვეული დამოკიდებულებები: გახსნილობა, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება. მასწავლებლებს სჭირდებათ მზაობა, რათა კრიტიკულად შეხედონ როგორც საკუთარ, ისე კოლეგების იდეებსა და პრაქტიკას.


რეფლექსური უნარები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი გამოიყენოს როგორც რესურსი პროფესიული განვითარებისთვის. როგორც ზიგმუნდ ფროიდი წერდა: „ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი







Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий