უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
განუვითარდეს პლურილინგვური*(მრავალენობრივი) კომპეტენცია;
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
სამეტყველო უნარ-ჩვევები;
ენობრივი უნარ-ჩვევები;
სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
უცხოური ენების სწავლის სურვილი.
*მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები. ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში;
Комментариев нет:
Отправить комментарий