понедельник, 25 июля 2016 г.

სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი)


ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.

ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.

მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.

ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.

წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий