четверг, 13 апреля 2017 г.

კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები (გიორგი ნოზაძე)



კვალიფიციური საკლასო შეფასების ინდიკატორები


გიორგი ნოზაძე

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და მის კონტროლს გულისხმობს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განირჩევა საკლასო შეფასების ორი სახესხვაობა: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. პირველი ფართოდ გამოიყენება სკოლაში, თუმცა კი მისი ხარისხი დახვეწას საჭიროებს. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, ის ნაკლებადაა ცნობილი ჩვენი პედაგოგებისთვის და მისი არსი, სტრატეგიები თუ ტექნიკა სპეციალურ განმარტებას მოითხოვს.

განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტად მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია:


1. დაგროვდეს ფაქტები/მონაცემები მოსწავლეთა სწავლის შესახებ;

2. უზრუნველყოფილ იქნეს უკუკავშირი სწავლის შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;

3. შეივსოს “ღიობები” მოსწავლის არსებულ კომპეტენციებსა და სასურველ/სამიზნე კომპეტენციებს შორის.


განმავითარებელი შეფასება:

● ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებთან;
● დაკავშირებული უნდა იყოს სწავლებასთან;
● მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;
● განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.

განმავითარებელი შეფასება სამი სახისაა:

● მასწავლებლის მიერ ექსპრომტად შესრულებული;
● ინტერაქციისთვის დაგეგმილი;
● სწავლებასთან შერწყმული.

განმავითარებელი შეფასება შეიძლება დაკავშირებული იყოს: ● მოსწავლის ქცევაზე დაკვირვებასთან (მასწავლებელი აკვირდება, როგორ ასრულებს მოსწავლე, მაგალითად, პრეზენტაციას ან კვლევას);
● წერითი დავალებების შესრულებასთან (მასწავლებელი აანალიზებს, მაგალითად, მოსწავლის მომზადებულ საშინაო დავალებას ან პროექტს);
● დისკუსიასთან (კლასში მიმდინარეობს ერთმანეთისთვის კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა მსჯელობა-დასაბუთების თანხლებით, საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში ან მოსწავლეთა მინიკონფერენციები მასწავლებლის მონაწილეობით);
● ტესტირებასთან (მასწავლებელი ატარებს ქვიზს, სკრინინგულ/მიმოხილვით ან დიაგნოსტიკურ ტესტირებას);
● მოსწავლეთა თვითშეფასებასთან.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ამოიცნონ და შეავსონ ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული მათთვის უხილავი “ღიობები”, მასწავლებელმა კლასთან უნდა შესრულოს აქტივობათა ციკლი, რომელიც მოიცავს:

1. სწავლის შესახებ ინფორმაციის შეკრებას მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასებისა და მოსწავლეთა თვითშეფასების გზით;

2. მონაცემთა ანალიზსა და განმარტებას;

3. მოსწავლეთა კომპეტენციებში არსებული “ღიობების” დადგენას;

4. სწავლების მიზნების დასახვას;

5. წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;

6. მოსწავლეთა საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგებას ანუ სწავლების დიფერენცირებას;

7. სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.


ამ ციკლის დასრულების შედეგი იქნება გაურკვევლობათა აღმოფხვრის გზით მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში არსებული “ღიობების” ამოვსება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა “ღიობი” ექნება და მათი შევსება მოსწავლეთა საჭიროებებს მისადაგებულ სასწავლო აქტივობათა საშუალებით უნდა მოხდეს. ეს აქტივობები მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული და მასწავლებელიც ამ ზონის ფარგლებში უნდა აწარმოებდეს სკაფოლდინგს მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სწავლის ინტენსივობისა და შედეგიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის მოსწავლის ინდივიდუალურ ზრდას უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვიდრე სხვებთან მის შედარებაზე.

ამ ციკლის შესასრულებლად მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს სასწავლო შინაარსს, დასახული მიზნისკენ სვლის სასწავლო ტრაექტორიებს, მოსწავლეთა მიერ მოცემული საკითხის ცოდნის ნიმუშებს (როგორც სრულყოფილს, ასევე ხარვეზებიანს, მაგალითად, მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით), მოცემული საკითხის სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის ხერხებს. გარდა ამისა, შეფასებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო მასწავლებელმა უნდა იცოდეს მოსწავლის მეტაკოგნიციის (თვითრეგულირების, თვითშეფასების, მოტივაციის) შესახებ არსებული თეორია და პრაქტიკა. ამასთანავე, მისი პედაგოგიური ცოდნა უნდა მოიცავდეს ამა თუ იმ სასწავლო შინაარსის სწავლების მრავალ განსხვავებულ მოდელს, დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს, მოსწავლეთათვის მეტაკოგნიტური სტრატეგიების სწავლების მოდელებს.

მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ვალიდური და სანდო შეფასების მონაცემებს, შეეძლოს ასეთი მონაცემების განმარტება მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, სწავლების მისადაგება კლასში მოსწავლეთა მზაობის ერთნაირი დონის მიხედვით შექმნილი ჰომოგენური ჯგუფების საჭიროებებისადმი მაინც (თუ ინდივიდუალური საჭიროებებისადმი არა), მათი განვითარების უახლოესი ზონის განსაზღვრა და ამ ზონაში სკაფოლდინგი.

მასწავლებელს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მრწამსი, რომ განმავითარებელი შეფასება ფასეულია, იგი მნიშვნელოვან და ქმედით ინფორმაციას იძლევა მოსწავლეთა სწავლის შესახებ, განუყოფელია სწავლებისგან, მოსწავლეები მისი პარტნიორები არიან განმავითარებელ შეფასებასა და სწავლებაში.

საზოგადოდ, კვალიფიციური საკლასო შეფასება, რომელიც მოიცავს ზუსტი ინფორმაციის შეკრებას და ამ ინფორმაციისა და შეფასების პროცედურების ეფექტიან გამოყენებას, შემდეგი ინდიკატორებით ხასიათდება:


ნათელია, რომ როგორც ყველა სხვა ინოვაციური პრაქტიკა, უწყვეტი და სისტემური საკლასო (განსაკუთრებით კი განმავითარებელი) შეფასების წარმატებული პრაქტიკის დანერგვაც სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვან და მიზანმიმართულ ძალისხმევას მოითხოვს. მათ წინ უნდა უძღვოდეთ საგანმანათლებლო ლიდერი - ეს შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, რომელიმე კათედრის გამგე, სკოლის მენტორი-მასწავლებელი ან თუნდაც მოწვეული ექსპერტი. ქვემოთ მოყვანილია კითხვარი ამგვარი საგანმანათლებლო ლიდერის კომპეტენციების შეფასებისთვის.

საგანმანათლებლო ლიდერის საშემფასებლო კომპეტენციები


1. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების სტანდარტები და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ყველა სახის შეფასებაში.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

2. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს განმავითარებელი შეფასების პრინციპები და ცდილობს მათ პრაქტიკაში დანერგვას.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

3. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეებთან შეთანხმებული სასწავლო მიზნების საჭიროება და ამ მიზნების კავშირი ზუსტი შეფასების ჩამოყალიბებასთან.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

4. საგანმანათლებლო ლიდერმა იცის და შეუძლია შეაფასოს მასწავლებლის საშემფასებლო კომპეტენციები, დაეხმაროს მასწავლებლებს, ზუსტად შეაფასონ მოსწავლეები და ნაყოფიერად გამოიყენონ შეფასების შედეგები.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

5. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია დაგეგმოს, წარმოადგინოს ან მასწავლებლებისთვის შეინარჩუნოს პროფესიული განვითარების აქტივობები, რომლებიც წაადგება შეფასების წარმატებული პრაქტიკის დანერგვას.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

6. საგანმანათლებლო ლიდერი ღრმად აანალიზებს შეფასების შედეგებს, იყენებს მიღებულ ინფორმაციას სასწავლო გეგმისა და სწავლების გასაუმჯობესებლად და ეხმარება მასწავლებლებს ანალოგიურ საქმიანობაში.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

7. საგანმანათლებლო ლიდერს შეუძლია, წარმატებით განახორციელოს შეფასება და დანერგოს შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

8. საგანმანათლებლო ლიდერი ქმნის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიზანშეწონილი გამოყენებისა და წარმოდგენის აუცილებელ პირობებს, შეუძლია, ეფექტურად განიხილოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრთან მოსწავლეთა შეფასების შედეგები და მათი კავშირი სასწავლო გეგმისა და სწავლების გაუმჯობესებასთან.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

9. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს წარმატებული და დაბალანსებული შეფასების სისტემის კომპონენტები და მახასიათებლები.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი

10. საგანმანათლებლო ლიდერს გააზრებული აქვს მოსწავლეთა შეფასების შედეგების არაეთიკური და შეუფერებელი გამოყენების საკითხები და იცავს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ამგვარი მცდარი გამოყენებისგან.

დაბალი 1.......... 2 3 4 5 მაღალი


წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий