”გონებრივი იერიშის”
ეტაპები
გონებრივი იერიშის ძირითადი პრინციპი შემდეგია:
მოსამზადებელ ეტაპზე „გონებრივი იერიშის“ ინიციატორს ხელთ უნდა ჰქონდეს მეთოდისთვის საჭირო ყველა რესურსი - დაფა, ფლიფჩარტი,
მარკერი, ცარცი და ა.შ.; უნდა განისაზღვროს,
ვინ იქნება მოდერატორი/ფასილიტატორი, ანუ ვინ წაიყვანს პროცესს. ინიციატორიც და მოდერატორიც
უმეტესწილად მასწავლებელია, მაგრამ შესაძლებელია იყოს ჯგუფის რომელიმე წევრიც.
„გონებრივი
იერიშის“ დაწყების წინ საკითხი ან პრობლემა, რომლის გარშემო იდეები უნდა განვითარდეს,
ცხადად უნდა იყოს ფორმულირებული ჯგუფის წევრების წინაშე. განასხვავებენ საკითხის დასმის ორ შესაძლებლობას:
1. ზოგადი კითხვები, რომლებიც ახსნის მრავალ შესაძლებლობებს გვთავაზობს (მაგ. რა პრობლემები
შეიძლება წარმოშვას ტყეების გაჩეხვამ?) და 2. კონკრეტული კითხვები, რომლებიც მიმართულია
უშუალოდ პრობლემის გადაჭრისკენ (მაგ., შენ როგორ მოიქცევი ეს ეკოლოგიური პრობლემა რომ
ავიცილოთ თავიდან?).
პირველ ეტაპზე
ყველა მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა წამოიჭრას შეძლებისდაგვარად ბევრი იდეა,
ისე, რომ არ მოხდეს იმის განსჯა, რომელი იდეაა უფრო მომწიფებული და ხარისხობრივად ღირებული.
გამონაკლისის გარეშე ჯგუფიდან წამოსული ყველა იდეა კრიტიკისა და სელექციის გარეშე ფიქსირდება
დაფაზე/“ფლიფჩარტზე“. იდეების ჩამწერი შესაძლებელია იყოს თავად მოდერატორი ან ჯგუფის
სხვა რომელიმე წევრი. შეიძლება უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება იდეების რაოდენობას
და არა ხარისხს, თუმცა პროცესის დასაწყისში არასოდეს არის ცნობილი, რომელი იდეა პრობლემის
გადაჭრის რა პოტენციალს შეიცავს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯგუფის ერთი წევრის მიერ
გამოთქმულ იდეას განავრცობენ ჯგუფის სხვა წევრები. ასე მივდივართ სინერგეტიკულ ეფექტამდე,
რომლის დროსაც ჯგუფის ცალკეულ წევრთა გონებაში ახალი, კრეატიული აზრები მწიფდება.
„გონებრივი იერიშის“ დროს წინა პლანზე დგას უკვე ხელთ არსებული იდეებისა და გადაჭრის
გზების არა რეპროდუქცია, არამედ ახალი შესაძლებლობების კონსტრუქციული პოვნა. ამასთანავე
მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა პირველ ეტაპზე გამოხატონ არასტანდარტული, უჩვეულო
ასოციაციები, რაც შეიძლება იქცეს ჯგუფის სხვა წევრებში ასოციაციების გამოწვევის სტიმულად.
იმისათვის, რომ „გონებრივი იერიშის“ მეთოდი წარმატებით განხპრციელდეს,
პირველი ეტაპისთვის რამდენიმე ძირითადი წესია მნიშვნელოვანი, რომლებიც კრეატიული იდეების
შეგროვების გარანტიაა:
1.
არ გააკრიტიკო არცერთი
იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებული იდეაა;
2.
რაც უფრო მეტი იდეა წამოვა
ჯგუფიდან, მით უკეთესი;
3.
შევავსოთ და გავაუმჯობესოთ
უკვე არსებული იდეები;
4.
რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5.
ნუ შეგეშინდებათ, იყავით
თამამი, ორიგინალური;
6.
ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ,
ლაკონიურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1.
ჯგუფიდან მოითხოვოს რაც
შეიძლება მეტი იდეა;
2.
დაეხმაროს მოსწავლეებს
იდეის ლაკონიურად ჩამოყალიბებაში;
3.
მიუთითოს ჩანაწერების
გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა მოკლედ „ფლიფჩარტზე“/დაფაზე;
4.
მოსწავლეებს შეაწყვეტინოს
იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ შეახსენოს მათ, რომ მეორე ეტაპზე ყველას ექნება საშუალება
გააანალიზოს ნებისმიერი იდეა და შეაფასოს მისი ღირებულება.
მაშასადამე, მეთოდის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია,
რომ შეიქმნას სამუშაო ატმოსფერო, სადაც ყველა საკითხი, იდეა რომელიც წამოიჭრება მონაწილეთაგან,
განიხილება როგორც თანაბარი ღირებულების მქონე. ასეთ ატმოსფეროში იდეების ნაკადი
უფრო სწრაფად და მარტივად გაჩნდება.
„გონებრივი იერიშის“ ამ ეტაპზე მონაწილეების ჩართულობა
იზრდება, მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება.
|
ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე შეგროვილი იდეები შემდგომ
ეტაპზე კრიტიკულ გადახედვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ახალი, შემოქმედებითი, ინოვაციური
იდეების გენერირება უნდა გავმიჯნოთ ლოგიკური და კრიტიკული ნაწილისაგან.
მეთოდის შემდგომ ეტაპზე ჯგუფი იწყებს თითოეული იდეის
განხილვას, იმ იდეების დაზუსტებას, რომლებიც
ბოლომდე არ არის ნათელი და იმ იდეების უარყოფასა
და გაცხრილვას, რომლებიც, მონაწილეთა აზრით, ვერ იმუშავებს, ვერ შეუწყობს პრობლემის
გადაჭრას ხელს. განხილვის პროცესში ზოგიერთი მონაწილე აღმოაჩენს, რომ იდეა, რომელიც
მათ პირველ ეტაპზე თითქოსდა უსარგებლოდ და აბსურდულად ჩათვალეს, შეიძლება სასარგებლოდ
გამოვიყენოთ. გაცხრილვის ეტაპზე ჯგუფი ფოკუსირებულია განხორციელებად, საინტერესო იდეების
მცირე რაოდენობაზე. მას შემდეგ, რაც მოხდება უსარგებლო იდეების გამოხშირვა, მონაწილეები
ახდენენ მსგავსი იდეების დაჯგუფებას.
მეთოდის ამ ეტაპებზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი
მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
„გონებრივი
იერიშის“ პროცესის არსებითი გამიჯვნა იდეების შემოქმედებითი გენერირების და ლოგიკურ-ანალიტიკური
და კრიტიკული აზროვნების ეტაპებად წარმოადგენს მეთოდის საფუძველს.
|
მეთოდის პრაქტიკული დასაბუთება
მეთოდის განხორციელების ეფექტიანობა დიდად არის დამოკიდებული
ჯგუფის სიდიდეზე, სასწავლო ატმოსფეროსა და ხელმძღვანელის პროფესიონალიზმზე.
მეთოდის ეფექტიანად განხორციელებისთვის ჯგუფში მონაწილეთა
იდეალური რაოდენობა 6-დან 20 -მდე უნდა იყოს.
ჯგუფის ხელმძღვანელი/მოდერატორი უნდა იყოს ნეიტრალური,
არ უნდა გამოხატავდეს არცერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას. მოდერატორმა თავი უნდა შეიკავოს საკუთარი იდეის
გამოთქმისგან, რადგან ამან შეიძლება შექმნას მოსწავლეთა მანიპულირების საფრთხე - ისინი
შეუერთდებიან ამ იდეას და მათი კრეატიულობა, ინოვაციები და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები
დაიბლოკება. ეს საფრთხე განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, როცა ხელმძღვანელის/მოდერატორის
როლში მასწავლებელია.
ხელმძღვანელობისთვის აუცილებელი ოთხი ამოცანა:
1.
ყურადღება მიაქციე, რომ
დაცული იყოს „თამაშის წესები“;
2.
პრობლემა/თემა წარადგინე
მოკლედ და ლაკონიურად;
3.
კომუნიკაცია ისე დაამყარე
მონაწილეებთან, რომ არ მოახვიო თავს საკუთარი აზრი;
4.
თუ მონაწილენი გადაუხვევენ
თემას, უზრუნველყავი კვლავ საკითხთან დაბრუნება;
5.
უზრუნველყავი მონაწილეთა
თანაბარი ჩართულობა.
გონებრივი იერიშის ვარიაციები:
1.
„გონებრივი იერიში“
– 6,5,3 მეთოდი
მეთოდის ამ ვარიაციაში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე კლასიკური
„გონებრივი იერიშის“ დროს. 6 მონაწილე 5 წუთში ამუშავებს პრობლემის გადაჭრის სამ-სამ
შესაძლებლობას. ამ დროს თითოეულ მონაწილეს ეძლევა ფურცელი ცხრილით (იხ. თანდართული
ცხრილი), რომელიც შედგება სამი სვეტისა და ექვსი რიგისაგან. თითოეული ავსებს სამივე
სვეტის მხოლოდ პირველ რიგს სამი სხვადასხვა იდეით. შემდეგ ეს ფურცლები ტრიალდება წრეში
და ყოველ მომდევნო წევრს შეუძლია შეავსოს მეგობრის მიერ დაფიქსირებული იდეა. იმ შემთხვევაში,
თუ განვრცობას არ ჩათვლის საჭიროდ ან არაფერი მოსდის თავში, გრაფას ტოვებს ცარიელს.
მას შემდეგ, რაც ყველა გრაფა შეივსება, იწყება მსჯელობა და იმ იდეების გამოყოფა, რომლებიც
ყველაზე უფრო ადეკვატურად მიაჩნია ჯგუფს პრობლემის მოსაგვარებლად.
ცხრილი
თემა/პრობლემა:
X მონაწილის
ერთი იდეა
|
X მონაწილის მეორე იდეა
|
X მონაწილის
მესამე იდეა
|
Y მონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
Y მონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
Y მონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
Zმონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
Z მონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
Zმონაწილისმიერიდეისგანვრცობა
|
და ა.შ.
|
|
|
|
|
|
|
|
|
კლასიკური „გონებრივი იერიშისაგან“ განსხვავებით ამ
ვარიანტს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:
·
მონაწილეებს არ სჭირდებათ
ლოდინი საკუთარი იდეის გამოსათქმელად;
·
თითოეული თავად აკეთებს
წერილობით საკუთარი აზრების ფორმულირებას;
·
თითოეული მოსწავლე ისე
აყალიბებს საკუთარ იდეებს, რომ არ იცნობს სხვათა აზრებს, რაც გამორიცხავს ერთმანეთის
იდეების გავლენის ქვეშ მოქცევას;
·
მაქსიმალურად ხდება ყველა
მონაწილის კრეატიულობის ვარჯიში.
მეთოდის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მონაწილეები
საკმაოდ მკაცრ კანონებზეა მიჯაჭვულნი, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კრეატიულობას შეუშალოს ხელი.
2.
ბარათებით მუშაობა
თითოეულ მონაწილეს ურიგდება ცარიელი ბარათები, რომელზედაც
ისინი საკუთარ იდეას აყალიბებენ საკითხის/პრობლემის შესახებ. ამ დროს მონაწილეებმა
სამი მნიშვნელოვანი პირობა უნდა გაითვალისწინონ: 1. ბარათებზე დიდი ასოებით დაწერონ
იდეა, ისე, რომ თვალსაჩინო იყოს ყველასთვის; 2. თითო ბარათზე უნდა მოთავსდეს მაქსიმუმ
სამი ხაზი; 3. შემდეგ უნდა მოხდეს ამ ბარათების კედელზე გაკვრა, თითოეული იდეის წაკითხვა,
იდეების სელექცია და დაჯგუფება.
მეთოდის ამ ვარიანტის დადებით მხარე, ისევე როგორც წინა
ვარიანტში, არის ის, რომ მონაწილეები იდეების ჩამოყალიბებისას არ ექცევიან სხვათა გავლენის
ქვეშ.
„გონებრივი იერიშის“
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები:
·
ხელს უწყობს ინოვაციური
იდეებისა და პრობლემის გადაჭრის ადეკვატური გზების პოვნას;
·
მონაწილეებს ეხმარება
დაინახონ პრობლემა სხვადასხვა პერსპექტივიდან;
·
მაღალია მონაწილეთა ჩართულობა;
·
ყველა მონაწილეს აქვს
ერთი და იგივე სტატუსი და უფლებები;
·
ხელს უწყობს მონაწილეებში
შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·
ის ფაქტი, რომ პირველ
ეტაპზე ყველა იდეა ფასეულია, მოსწავლეებს უვითარებს სხვათა აზრების პატივისცემას;
·
მოსწავლეებს უვითარდებათ
კომუნიკაციური უნარები - ერთის მხრივ ისინი ეჩვევიან საკუთარი აზრების გასაგებად და
კომპაქტურად ჩამოყალიბებას, მეორეს მხრივ - სხვათა აზრების „დაჭერას“ და შემდგომ განვრცობასა
და განვითარებას;
·
მარტივია მოდერაცია;
·
საჭიროა მინიმალური რესურსები
და ხარჯები;
·
მინიმალურია ჯგუფის წევრებს
შორის კონფლიქტის წარმოშობის საშიშროება, რადგან იდეების გენერირების პროცესში ყველა
აზრი მისაღებია;
·
შესაძლებელია სხვა მეთოდებთან
ერთად მისი კომბინირებული გამოყენება.
უარყოფითი მხარეები:
·
მეთოდის ეფექტიანობა
მეტად დამოკიდებულია მონაწილეებზე;
·
არის თემიდან გადახვევის
საშიშროება;
·
გადამეტებული სელექციის
დროს შეიძლება ვარგისიანი იდეა დაიკარგოს;
·
პატენტის დაცვის სიძნელე (ვის ეკუთვნოდა პირველად
იდეა).
·
მეთოდის სრულყოფილად
განხორციელებას დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით იდეების სელექციის ეტაპზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий