вторник, 11 июня 2019 г.

ოპერანტული ბიჰევიორიზმი - ბერას ფრედერიკ სკინერი

ოპერანტული ბიჰევიორიზმი
ბერას ფრედერიკ სკინერი

        გვიანდელი ბიჰევიორიზმის წამყვანი ფიგურაა  ბერას ფრედერიკ სკინერი
(1904-1990). იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფსიქოლოგი და ნაციონალური აკადემიის წევრი იყო. სკინერმა დაამთავრა ჰამილტონკოლეჯი ნიუ-იორკში და ასპირანტურა ჰარვარდში, სადაც 1931 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. შემდგომში მოღვაწეობდა მინესოტასა და ინდიანას შტატების უნივერსიტეტებში, ხოლო 1948 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია. 30-იანი წლებიდან სკინერი შეუდგა დასწავლის მექანიზმების კვლევას ცხოველებში - “ორგანიზმების ქცევა” (1938); 50-იანი წლებიდან დაიწყო თავისი მოდელის გავრცელება ადამიანის ქცევაზე - “მეცნიერება და ადამიანის ქცევა” (1953), “ვერბალური ქცევა” (1957), ხოლო 70იანი წლებიდან სოციალური ქცევისა და საზოგადოებრივი მოვლენების გაგებაზეც - “თავისუფლებისა და ღირსების მიღმა” (1971). განმაზოგადებელი შრომებიდან აღსანიშნავია წიგნები “ბიჰევიორიზმის შესახებ” (1974) და “ფიქრები ბიჰევიორიზმსა და საზოგადოებაზე” (1978).

        სკინერის აზრით, მეცნიერება ფაქტებიდან ამოდის და კანონზომიერებისკენ მიემართება. მისი ზოგადი მიზანია მოვლენების პროგნოზირება და მართვა. ქცევის ანალიზისას (ასე უწოდებს სკინერი თავის მიდგომას ფსიქოლოგიისადმი) კვლევა უნდა მიმდინარეობდეს მარტივიდან რთულისკენ. ამიტომ, უნდა დავიწყოთ შედარებით დაბალი რიგის ორგანიზმების შესწავლით, სადაც უფრო ადვილია ქცევის გამომწვევი გარემო ფაქტორების კონტროლი და მანიპულაცია. ადამიანის ქცევას აქვს თავისი სპეციფიკა, მაგრამ ფუნდამენტური კანონზომიერებები ყველგან ერთია. ამ კანონზომიერებების გამოვლენა შესაძლებელია ერთეული ორგანიზმის შესწავლისას, ამიტომ საჭირო არ არის დიდი რაოდენობის ინდივიდების კვლევასთან დაკავშირებული სტატისტიკური მეთოდების გამოყენება. ასეთია, მოკლედ, სკინერის სისტემის მეთოდოლოგიური პრინციპები. რაც შეეხება საკუთრივ ფსიქოლოგიურ თეორიას, ჰალთან და ტოლმენთან შედარებით, სკინერი უფრო რადიკალური ბიჰევიორიზმისკენ იხრება. იგი ანალიზის ორწევრიან სქემას უბრუნდება და მხოლოდ დაკვირვებად ცვლადებს აღიარებს; ესენია სტიმული, რეაქცია და განმტკიცება, რომლებიც ობიექტურად ფიქსირდება და იზომება. მათი ურთიერთმიმართების ზუსტი აღნუსხვით და დახასიათებით შესაძლებელი ხდება ქცევის მართვა, კორექცია, კონტროლი, რაც, სკინერის აზრით, ფსიქოლოგიური მეცნიერების საბოლოო მიზანია. მისი განხორციელება ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორი, ადაპტური რეაქციების ფორმირების პროცესის კანონზომიერებათა შესასწავლად სკინერმა უამრავი ცდა ჩაატარა. ამისთვის მან გამოიგონა სპეციალური ექსპერიმენტული დანადგარი, რომელსაც შემდგომში სკინერის პრობლემური ყუთი შეარქვეს. ის თორნდაიკის პრობლემური ყუთების პირდაპირი მემკვიდრეა და წარმოადგენს გალიას, რომელშიც დამაგრებულია მანიპულატორი (ბერკეტი ან ღილაკი). გალიაში მოთავსებული მშიერი ცხოველი (სკინერი ცდებს თეთრ ვირთაგვებზე და მტრედებზე ატარებდა) შემთხვევით ეხება (თათით ან ნისკარტით) მანიპულატორს და იღებს განმტკიცებას (საკვებ ბურთულას). ფიქსირდება დაწოლვის ძალა, სიხშირე და ხანგრძლიობა, რაც რაქციების ბევრად უფრო ზუსტი აღრიცხვის საშუალებას იძლევა, ვიდრე, თუნდაც, თორდაიკის ყუთებში იყო შესაძლებელი.

        ამ ხელსაწყოთი შეისწავლება რეაქციების გაძლიერებისა ან შესუსტების კანონზომიერებები სხვადასხვა სტიმულებისა (სინათლე, ხმა) და განმამტკიცებელი აგენტების (დადებითი ან უარყოფითი) მიწოდების რეჟიმებთან მიმართებაში. მაგალითად, შესაძლებელია განმტკიცება მხოლოდ გარკვეული სენსორული სიგნალის მერე ხდებოდეს; ასევე შესაძლებელია ცვალებადობდეს თვით განმტკიცების სქემა - იყოს მუდმივი ან ნაწილობრივი. პირველ შემთხვევაში განმტკიცდება ყველა სწორი რეაქცია. გამოირკვა, რომ განმტკიცების ასეთი რეჟიმის პირობებში რეაქცია სწრაფად გამომუშავდება, მაგრამ სწრაფადვე ქრება. ამ კუთხით უფრო ეფექტურია ნაწილობრივი განმტკიცება. ის, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ორი სახის: რეგულარული და არარეგულარული (ვარიატიული). პირველ შემთხვევაში განმტკიცება ხდება ყოველთვის, რეაქციების გარკვეული რაოდენობის შესრულების ან გარკვეული დროის მონაკვეთის გავლის შემდეგ; მეორე შემთხვევაში, განმტკიცება არ უკავშირდება რეაქციების მკაცრად განსაზღვრულ რიცხვს ან დროის ინტერვალს. ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ ძლიერი და მყარი რეაქციების მისაღებად ყველაზე ეფექტური სწორედ ვარიატიული განმტკიცების რეჟიმია. თავად განმტკიცება შეიძლება ორი სახის იყოს: პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური განმტკიცება რეაქციის შემდეგ დადებითი სტიმულის (მაგ. საკვები, სითხე, სექსუალური კონტაქტი) მიცემას გულისხმობს, ხოლო ნეგატიური განმტკიცებისას უარყოფითი სტიმულაციის (მაგ., ტკივილის მომგვრელი ელექტროდენი, უსიამოვნო ხმა) მოცილება ხდება.

        სკინერი თვლის, რომ ყველა მოქმედება, რეაქცია შეიძლება ორ კლასად დაიყოს. პირველს მიეკუთნება რეაქციები, რომლებსაც პავლოვი შეისწავლიდა. მათ სკინერი რესპონდენტულს უწოდებს. ამ შემთხვევაში რეაქცია ყოველთვის არის პასუხი რაიმე სტიმულზე (უპირობო ან პირობით გამღიზიანებელზე). დასწავლა იმაში მდგომარეობს, რომ ძველი რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა) უკავშირდება ახალ გამღიზიანებელს (სინათლე ან ბგერა) უპირობო და პირობითი გამღიზიანებლების დროში მეზობლობის გამო. ამასთან, რეაქცია ყოველთვის და ავტომატურად განმტკიცდება. სკინერის ყუთში ცხოველი სხვაგვარ მოქმედებას ახორციელებს. მას ოპერანტული რეაქცია ეწოდება, და არ წარმოადგენს უშუალო პასუხს რაიმე სტიმულზე. ახალი რეაქცია (ბერკეტზე დაწოლა, ღილაკზე ნისკარტის დარტყმა) სპონტანურად აღმოცენდება და განმტკიცდება, თუ ის სწორია. ამ შემთხვევაში დასწავლა ახალი რეაქციის მონახვაში და გაძლიერებაში მდგომარეობს. მოქმედება განმტკიცების მიღების საშუალებაა, მისი ინსტრუმენტია; ამიტომ ასეთ დასწავლას, ინსტრუმენტულსაც უწოდებენ.

        ოპერანტულ რეაქციებს სკინერი აქტიურ ქცევად განიხილავს. სწორედ მათი საშუალებით ხორციელდება გარემოსთან შეგუება. ბუნებრივად მიმდინარე ადაპტაციის პროცესში ოპერანტული ქცევის ფორმირება და შეცვლა განმტკიცებებთან მისი თანხვედრის შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუ მოქმედების განმტკიცებასთან შეუღლების პროცესი მიზანდასახულად არის წარმართული, შესაძლებელი უნდა იყოს ქცევის მართვა ისე, როგორც გვესაჭიროება. ადამიანის ყველა მეტ-ნაკლებად რთული ქცევა ოპერანტული ბუნებისაა და ექვემდებარება იმ ზოგად კანონზომიერებებს, რაც ცხოველთა ქცევის შესწავლის საშუალებით დადგინდა. დასწავლის ფუნდამენტური პრინციპები და მექანიზმები, სკინერის აზრით, თავისუფლად შეგვიძლია მივუყენოთ ადამიანს, როცა მისი ქცევის ფორმირების, კონტროლისა და რეგულაციის ამოცანებია გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ოპერანტული განმტკიცების ტექნიკა გამოყენებულ იქნა მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლებაში, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების აღზრდაში, ფსიქიურ დაავადებათა მკურნალობაში და ა.შ. ფსიქიური დაავადება ავადმყოფობად არც - განიხილება. ადამიანი ავად კი არ არის, არამედ, უბრალოდ, არაადეკვატურად რეაგირებს სტიმულებზე; მას არასწორი ქცევა აქვს ჩამოყალიბებული. ამ დეფექტის გასაგებად და აღმოსაფხვრელად სულიერი ტრავმების, ცნობიერი თუ არაცნობიერი კონფლიქტების, განდევნილი ლტოლვებისა თუ თვითშეფასების მექანიზმებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ქცევის მართვის პრინციპებს მივმართოთ. ამ პრინციპების თანახმად, ადამიანებს არასწორი, “ავადმყოფური” ქცევა იმიტომ უყალიბდებათ, რომ სოციალურ გარემოში ადაპტური ქცევა არ იყო სათანადოდ განმტკიცებული და ხდებოდა არაადეკვატური ქცევის განმტკიცება. ასეა თუ ისე, მდგომარეობის გამოსწორება, ანუ ქცევის მოდიფიკაცია, გაუმჯობესება, ყველა შემთხვევაში შედარებით უფრო ადაპტური და ადეკვატური აქტივობის თანდათანობითი განმტკიცების გზით ხორციელდება.

        ქცევის მოდიფიკაციის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ვარიანტი ფსიქიატრიულ კლინიკებში გავრცელებული ე.წ. ჟეტონების სისტემაა. პაციენტების მიერ სხვადასხვა პოზიტიური მოქმედებების შესრულება (მაგ., ოთახის დალაგება, მორიგეობა სასადილოში, ინიციატივის გამოჩენა და სხვა) ჯილდოვდება ჟეტონებით; პაციენტებს შეუძლიათ ამ ჟეტონების გადაცვლა მათთვის სასურველ საგნებზე (სიგარეტი, ტკბილეული, ჟურნალი, ბილეთი კინოში და ა.შ.). ფსიქიატრიული კლინიკის მკაცრად კონტროლირებად პირობებში ფაქტობრივად შესაძლებელია, რომ პაციენტის თითქმის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება რაიმე “კარგი” ქცევის შესრულებას ან არშესრულებას დაუკავშირდეს. ირკვევა, რომ ჟეტონებით განმტკიცების ეს სისტემა საკმაოდ ეფექტურია არაადაპტური ქცევების ჩაქრობისა და ადაპტური ქცევების ფორმირების თვალსაზრისით. ქცევის მოდიფიკაციის ამ პროგრამამ გაამართლა სხვა სიტუაციებშიც, სახელდობრ, გონებაჩამორჩენილებთან, დელიკვენტურ მოზარდებთან, აგრესიულ ან აუტისტურ ბავშვებთან, აგრეთვე სასკოლო თუ საოჯახო პრობლემების დარეგულირებისას.

        ფართოდ გავრცელდა სკინერის მიერ შექმნილი პროგრამირებული სწავლების მეთოდი. სკოლაში საგნების სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად, აქაც ოპერანტული დასწავლის პრინციპები გამოიყენეს. სკინერი ყოველგვარ ცოდნას განსაზღვრავს, როგორც გარკვეული მასალის გამოყენების უნარს საჭირო შედეგის მისაღწევად. ამიტომ, პედაგოგიურ პროცესში ცოდნის მიღება, არსებითად, ორ რაიმეს გულისხმობს: სწორი მოქმედების მონახვას და მის ფიქსაციას. ამ პრინციპებზე აგებული სასწავლო პროგრამები მოთავსებულია სპეციალურ სასწავლო მანქანებში. პროგრამა წარმოადგენს კადრების გრძელ თანმიმდევრობას; ის შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას შესასწავლი საგნის შესახებ და ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ეფექტურ გაგება-შეთვისებას და ცოდნის შემოწმებას. ამისთვის მოწაფეს ინფორმაცია ეძლევა ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე დოზებით; სასწავლო მასალაში შეტანილია ხარვეზები, გამოტოვებულია სიტყვები ან სიმბოლოები, რომლებსაც მოსწავლე ავსებს და ამით მუდმივად აქტიურ მდგომარეობას ინარჩუნებს; უზრუნველყოფილია უწყვეტი უკუკავშირი და მოსწავლე დაუყოვნებლივ იღებს ინფორმაციას თავისი შედეგების შესახებ; ცოდნის ფიქსაცია-გამყარებისთვის გამოყენებულია გამეორებისა და განმტკიცების სისტემა. ამისთვის გამოიყენება სიტყვიერი წახალისება, შექება ან, უბრალოდ, იმის შეტყობინება, რომ პასუხი სწორია - წარმატება თავისთავად ახდენს სწავლების პროცესის სტიმულირებას. დასჯას საერთოდ არ მიმართავენ. სკინერი თვლის, რომ დასჯა არ აუმჯობესებს დასწავლას, თუმცა სკოლა, ტრადიციულად, ყოველთვის მიმართავდა მას. იცავს რა პროგრამირებულ სწავლებას, სკინერი ამტკიცებს, რომ თანამედროვე სასკოლო სისტემა მთლიანად გაკოტრებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მას არ შეუძლია სხვაგვარად აიძულოს მოსწავლე ისწავლოს, თუ არ დააშინა იგი უსწავლელობის მოსალოდნელი შედეგებით. ავტორი თავისი გამოგონების ბევრ უპირატესობაზე მიუთითებს. პროგრამირებული სწავლებისას სწავლის პროცესი მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად მიმდინარეობს; რთულ მასალაზე გადასვლა მხოლოდ წინა თემების სრულყოფილი ათვისების შემდეგ ხდება; შემთხვევითობა და ეშმაკობა გამორიცხულია, ვინაიდან სწორი პასუხი საკითხში გარკვეულობას გულისხმობს; მოსწავლე ზუსტადაა ინფორმირებული თავისი წარმატებების შესახებ.

        დღეს სასწავლო მანქანები კომპიუტერებმა შეცვალა. ამან განუზომლად უფრო ეფექტური და საინტერესო გახადა სწავლის პროცესი. კომპიუტერი ცოდნის (ინფორმაციის) მიწოდების უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს. თანაც, კომპიუტერი ცოდნის გადაცემით არ იზღუდება; ის მოსწავლესთან დიალოგში შედის, აძლევს რჩევებს, ახსენებს, მიანიშნებს, აჩვენებს საკითხს სხვადასხვა რაკურსში და ა.შ.

        რაც შეეხება სოციალური ქცევის ანალიზს, აქ ისეთივე სურათია რაც სხვა სახის ქცევების შემთხვევაში. სკინერს მიაჩნია, რომ სოციალური ქცევის მართვისთვის განმტკიცებების ორგანიზებული და ეფექტური სისტემაა საჭირო. ასეთი მიდგომისას “ლიტერატურა, ფერწერა და ესტრადა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კარგად გააზრებული განმტკიცებები”. ადამიანის შინაგანი სამყაროს გამომხატველი ცნებები - განზრახვა, მიზანი, გონება, თვითცნობიერება და პიროვნებაც კი - “ახსნით ფიქციებად” არის მიჩნეული. მეორე მხრივ, იგნორირებულია ის, რომ ქცევა, პირველ რიგში, აქციაა და არა რეაქცია, რომ მას აქტიური, შინაგნად დეტერმინირებული და შემოქმედებითი ხასიათი აქვს. აქედან გამომდინარე, როცა ყველაფერი განმტკიცებების მონაცვლეობასა და გარეგან კონტროლზეა დაყვანილი, მიღებულ აზრსა და მნიშვნელობას კარგავს ისეთი ცნებები, როგორიცაა თავისუფლება, ვალდებულება, ღირსება და სხვა. თავის სკანდალურად ცნობილ წიგნში “თავისუფლებისა და ღირსების მიღმა”, სკინერი აღნიშნულ კატეგორიებს მითებს უწოდებს. ამ შრომაში საზოგადოების პრობლემების გადაჭრისა და სოციალური ჰარმონიის მიღწევის გზად აღიარებულია ქცევის ტექნოლოგია, რომელიც, ისევ და ისევ, განმკიცებათა სახეობისა და მათი მიწოდების რეჟიმის კონტროლზე დაიყვანება. სკინერმა, რომელიც ახალგაზრდობაში მწერლობაზე ოცნებობდა, თავის პოპულარულ რომანში “უოლდენ ორი”, მხატვრულ ფორმაშიც კი აღწერა ის, თუ როგორ გამოიყურება ასეთი საზოგადოება.

        ამ ყველაფრის მიღმა სერიოზული მოსაზრებები და არგუმენტებია, რომლებიც ქცევის დეტერმინირებულობის აუცილებლობას უკავშირდება, ხოლო დეტერმინიზმის პრინციპი, თავის მხრივ, მყარად არის დაკავშირებული მეცნიერებასთან. ფსიქოლოგიის ისტორიაში სკინერი, ალბათ, ყველაზე პრინციპულ დეტერმინისტად უნდა ჩაითვალოს. მისი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და თანმიმდევრული. “თუ გვსურს გამოვიყენოთ მეცნიერული მეთოდები ადამიანთა ურთიერთობის სფეროში, ჩვენ ვალდებულები ვართ დავუშვათ, რომ ქცევა კანონზომიერებებს ექვემდებარება და დეტერმინირებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ იმის აღმოჩენას, რომ ადამიანის ქმედებები გარკვეული პირობების შედეგია, და თუ ეს პირობები დადგინდება, ჩვენ შევძლებთ ვიწინასწარმეტყველოთ მისი მოქმედებები”. აქედან გამომდინარე, სკინერი ნამდვილ ბრძოლას უცხადებს ადამიანის ფილოსოფიაში შექმნილ წარმოდგენებს, რომლებიც, მისი აზრით, შეუძლებელს ხდის ადამიანის ქცევის მეცნიერულ შესწავლას. აქ საუბარია ადამიანის თავისუფლების, ღირსების, პასუხისმგებლობის, შემოქმედების იდეებზე. სკინერი კარგად ხედავს, რომ ამ წარმოდგენებით მთელი დასავლური ცივილიზაციაა გამსჭვალული და მათ ასე ადვილად არავინ დათმობს. “მოწოდება, რომ უკუვაგდოთ ეს შეხედულებები, ნიშნავს დაემუქრო ბევრ სათუთად ნალოლიავებ რწმენას, ძირი გამოუთხარო იმას, რაც ადამიანის ბუნების შთამაგონებელ და შემოქმედებით კონცეფციად გამოიყურება”. და მაინც, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ალტერნატივა გამოკვეთილია: ან კანონზომიერება, დეტერმინიზმი და მეცნიერება, ან თავისუფლება, ინდეტერმინიზმი და მითოლოგია. თავისუფლებას ორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს: ის ან იარლიყია, რომელსაც მივაწერთ ქცევას, როცა არ გვესმის ან არ ვიცით მისი მიზეზები, ან, “თუ თავისუფლება მართლაც არსებობს, ფორმები, რასაც ის იღებს, აბსოლუტურად შემთხვევითი უნდა იყოს”. ღირსება ისეთივე ახსნითი ფიქციაა, როგორც თავისუფლება. ჩვენს შიგნით მოთავსებული და საკუთარი ნების მქონე მე-ს იდეის ბოლო დასაყრდენი შემოქმედებაა, მაგრამ ესეც უბრალო მეტაფიზიკური იარლიყია, რომლის მიღმა ქცევის კონკრეტული მიზეზების არცოდნა იმალება. შემოქმედებითი ქცევა არაფრით განსხვავდება სხვა ქცევებისაგან, გარდა იმისა, რომ ელემენტები, რომლებიც მას წინ უსწრებენ და განსაზღვრავენ, ნაკლებად არის შესწავლილი. ქცევის ელემენტები თუ ფაქტორები, სკინერის მიხედვით, ადამიანის გარეთ, რეალურ გარემოში უნდა ვეძებოთ; ამიტომ, ოპტიმალური ქცევის ფორმირება და, საზოგადოდ, ნორმალური ცხოვრების მოწყობა შინაგან “ნებაზე” კი არ არის დამოკიდებული, არამედ გარემო პირობების სწორ და ეფეტურ ორგანიზაციაზე. ქცევა გარემოთი იმართება, მოგვწონს ეს თუ არა; ჩვენი საქმეა მივიღოთ ეს ფაქტი და გარემოცვის ისეთი კონსტრუირება მოვახერხოთ, რომ ის შეესაბამებოდეს ჰუმანისტურ მიზნებს. ამიტომ, პირველ პლანზე წამოიწევს პირობების მანიპულირება და ქცევის კონტროლი.

        სკინერის პოზიცია უკომპრომისო და რადიკალურია, სწორედ ამიტომ ეწოდება მის სისტემას რადიკალური ბიჰევიორიზმი; მისი მთლიანი გაზიარება ფსიქოლოგთა უმრავლესობისთვის ძნელი აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია სკინერის სისტემამ ფართო ინტელაქტუალურ საზოგადოებრიობაშიც, რაც ბუნებრივიცაა - როგორ შეიძლება ეჭვი შეიტანოს თავისუფლების იდეაში ერმა, რომლის სათავე თავისუფლების დეკლარაციაა. მიუხედავად ამისა, სკინერის პრინციპულობა და თანმიმდევრულობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. როგორც სხვა შემთხვევებში, სკინერმა რადიკალური მეთოდით სცადა თავისუფლების პრობლემის გორდიას კვანძის გახსნა: თუ თავისუფლების იდეა ვერ ურიგდება მეცნიერების მოთხოვნებს, აუცილებელია მისი უარყოფა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს კულტურული ტრადიციისა თუ მორალური ფილოსოფიის თვალსაზრისით. ქცევის მეცნიერული შესწავლის საქმე ამ პრობლემას ყოველთვის ჩიხში შეჰყავდა და ფსიქოლოგიურ აზროვნებას გამოუვალი წინააღმდეგობების ხლართებში აქცევდა. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც უ. ჯეიმსი, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოაზროვნე ფსიქოლოგიის ისტორიაში; იგი ამბობდა, რომ თავისუფლების ცნება სამეცნიერო ლაბორატორიის კართან უნდა დავტოვოთო. ამავე დროს, შინაგანად სჯეროდა ნების თავისუფლებისა და გამალებით ცდილობდა ფარდა აეხადა ამ პრობლემის საიდუმლოებისათვის, თუმცა, სხვებივით, უშედეგოდ (იხ. თავი 6.4). შეიძლება ითქვას, რომ სკინერმა XXI საუკუნის ფსიქოლოგიას თამამი გამოწვევა ესროლა - შეინარჩუნოს, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავისუფლების იდეა და, ამავე დროს, არ გამოვიდეს ქცევის შესწავლის მეცნიერული ჩარჩოებიდან, დარჩეს დეტერმინაციისა და კანონზომიერების იდეების ერთგული.

        საკმაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, სკინერს, როგორც თეორეტიკოსს, ფსიქოლოგიაში პრინციპული სიახლე არ შემოუტანია; იგი არსებითად, აგრძელებდა თორნდაიკისა და უოთსონის ხაზს, ხოლო მისი დიდი პოპულარობა, ძირითადად, ბიჰევიორალური ტექნიკის პრაქტიკული დანერგვით არის გაპირობებული. ეს შეფასება, გარკვეული აზრით, სამართლიანია, თუნდაც იმიტომ, რომ სკინერი საერთოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი მეცნიერებაში თეორიის როლის მიმართ და საკუთარ თავს “სისტემურ ემპირიკოსად” მიიჩნევდა. და მაინც, თუ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით, გაუგებარი დარჩება, რატომ ითვლება სკინერი, ფროიდთან ერთად, XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ფსიქოლოგად. საქმე ისაა, რომ სკინერი იყო საბუნებისმეტყველო ან სციენტისტური ფსიქოლოგიის პრინციპების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამტარებელი. იგი ფიქრობდა, რომ: 1) მეცნიერების შესწავლის არეში უნდა მოექცეს მხოლოდ ობიექტურად აღრიცხვადი მოვლენები; 2) მკაცრი ექსპერიმენტული პროცედურების საშუალებით დადგინდეს მათ შორის არსებული მიმართებები და 3) გამოვლენილი კანონზომიერებების საფუძველზე შემუშავდეს პრაქტიკული პროგრამები ადამიანების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ამ მარტივი და ცხადი პრინციპებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიის საკვლევი სფერო იზღუდება დაკვირვებადი ქცევით, რომელიც, აგრეთვე, აღრიცხვადი და გაზომვადი ფაქტორებითაა გაპირობებული (სიტუაციისა და განმტკიცების რეჟიმების მონაცემები). ფართო ექსპერიმენტული კვლევის შედეგად სკინერმა ერთმნიშვნელოვნად დაადგინა ამ მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირები და აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქცევის გაკონტროლება და მართვა ლაბორატორიულ პირობებშიც და სასიცოცხლო ამოცანების გადაწყვეტის პროცესშიც. ზუსტი კანონზომიერებებისა და პრაქტიკული ეფექტურობის დეფიციტით შეშფოთებული ფსიქოლოგებისთვის სკინერის ეს წარმატებები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან, სავსებით დამსახურებულად, უდიდესი ავტორიტეტი და აღიარება მოიპოვა.

        ყოველივე ამას თავისი შებრუნებული მხარეც აქვს. აღნიშნული მიღწევები ხომ ფსიქოლოგიური რეალობის გამარტივებისა და შეზღუდვის ხარჯზე მოხდა! ფსიქოლოგიური კვლევის მიღმა დარჩა ყველაფერი ის, რაც გარეგან დაკვირვებაში არ ფიქსირდება, ინდივიდის შიგნითაა, მაგრამ მაინც განსაზღვრავს ქცევას. ამ მოვლენებს არსებობის უფლება კი მიეცა, მაგრამ მათი მეცნიერული შესწავლა შეუძლებლად ჩაითვალა. ცოცხალი არსება, ადამიანი, შავი ყუთია. ჩვენ ვერ დავინახავთ, თუ რა არის მასში. შავი ყუთის შინაარსი პოზიტიური ცოდნის საგანი ვერ გახდება. ამიტომ ფსიქოლოგიის კვლევის სფეროდან გამოირიცხა ცნობიერი და არაცნობიერი პროცესები, პიროვნების თვისებები და დისპოზიციები. ისინი, ვინც ყოველივე ამას ადამიანის ბუნების მოუცილებელ ნაწილად თვლიდნენ, ცხადია, ვერ შეურიგდებოდნენ ეგზომ რადიკალურ თვალსაზრისს. ამიტომ სხვა პოზიციაზე მდგომი მეცნიერები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სკინერის სისტემის ამა თუ იმ ასპექტის მიმართ. სკინერი, როგორც წესი, ასეთ გამოსვლებს უპასუხოდ არ ტოვებდა. ამ მხრივ საყურადღებოა მისი დისკუსია ხომსკისთან და როჯერსთან. გამოჩენილი ლინგვისტი ნოემ ხომსკი (1926-) აკრიტიკებდა ბიჰევიორიზმის, კერძოდ სკინერის თვალსაზრისს მეტყველების პროცესის ბუნების შესახებ, რომელიც გადმოცემულია ცნობილ წიგნში “ვერბალური ქცევა”. სკინერის თანახმად, მეტყველება ქცევაა და ექვემდებარება იმავე კანონზომიერებებს, რასაც ყველა ქცევა. მეტყველების სწავლის პროცესში მშობლები დადებითად რეაგირებენ ბავშვის მიერ სიტყვის სწორ ხმარებაზე, გამართულ ფრაზაზე, კარგ გამოთქმაზე და პირიქით, შეძლებისდაგვარად ზღუდავენ არასწორ ვერბალურ რეაქციებს. მეტყველება, სკინერის მიხედვით, მთლიანად შეძენილი, დასწავლილი ქცევაა, რომელიც თითოეული ვერბალური რეაქციის თანდათანობითი განმტკიცების პროცესში ყალიბდება.

        ამის საპირისპიროდ, ხომსკი ამტკიცებდა, რომ ენის შეთვისების პროცესის დაყვანა ოპერანტული დასწავლის კანონზომიერებებზე შეუძლებელია. ენის არსებითი კომპონენტები თანდაყოლილია. ენა არ ისწავლება ყოველი სიტყვის გამეორების მექანიკურ პროცესში. ბავშვები წარმოთქვამენ გრამატიკულად გამართულ ფრაზებს, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ. ხომსკის აზრით, ეს აიხსნება გარკვეულ სიღრმივ სტრუქტურებზე დაფუძნებული ბავშვის იმპლიციტური მიდრეკილებით ენის მიმართ. თანდაყოლილია ენობრივი ინფორმაციის გადამუშავებისა და ენის აბსტრაქტული სტრუქტურების ფორმირების ერთგვარი სქემა, ენის შეთვისების გამოცდილებამდელი მექანიზმი, რომელიც მეტყველების ფორმირების პროცესს განსაზღვრავს. ამით აიხსნება, რომ ბავშვები მთელ მსოფლიოში ერთი ტემპით ითვისებენ ენას და ამ პროცესში ერთსა და იმავე ეტაპებს გაივლიან ერთნაირი თანმიმდევრობით. ამ თანდაყოლილ მექანიზმს სხვაგვარად ენობრივ ნიჭიერებასაც უწოდებენ. ხომსკის ფრიად მკაცრი შეფასებით, ადამიანის სამეტყველო აქტივობის სკინერისეული გააზრებისას ბიჰევიორისტული თეორია აბსურდამდე მიდის და იმდენად შორს სცილდება რეალობას, რომ უკვე მეცნიერებადაც ვეღარ ჩაითვლება. ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს სამართლიანად მიჩნიათ, რომ ხომსკის კრიტიკამ, რომელიც პირველად 1959 წელს გაისმა, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი გავლენა იქონია ზოგადად ბიჰევიორიზმის დასამარების პროცესზე. სიღრმივი სტრუქტურების საკითხი მხოლოდ ვერბალურ ქცევასთან მიმართებაში არ დაისმის. სკინერი საზოგადოდ “ცარიელი ადამიანის” თეზისიდან ამოდის და მხოლოდ გარემოსეულ, სიტუაციურ განსაზღვრულობას აღიარებს. ინვაიერონმენტალიზმი საერთოდ ბიჰევიორიზმის დამახასიათებელი ნიშანია. სკინერის პოზიცია ამ შემთხვევაშიც რადიკალურია. მის მიერ ფაქტობრივად იგნორირებულია მთელი ის თეორიული და ემპირიული ცოდნა, რომელიც ფსიქოლოგიაში არსებობს პიროვნებისა და ხასიათის ტიპების, კონსტიტუციური ნიშნების, ნასახების, დისპოზიციების, მიდრეკილებების, პიროვნული თვისებების და ა.შ. თანამედროვე ფსიქოლოგიას მოეპოვება იმის სარწმუნო ემპირიული მონაცემები, რომ ადამიანის აქტივობის მრავალი ასპექტი (კოგნიტური ფუნქციები, ტემპერამენტი, პიროვნული თვისებები, ნიშნები და სხვა) მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია გენეტიკური (თანდაყოლილი) ფაქტორებით. ეს მონაცემები ძირს უთხრის სკინერის მტკიცებას, რომ ადამიანებს შორის ინდივიდუალური განსხვავებებისა და საერთოდ ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები მთლიანად გარემოშია მოთავსებული. სიზუსტისთვის საჭიროა აღინიშნოს, რომ სკინერი არ უარყოფს გენეტიკური ფაქტორების არსებობას, თუმცა მიაჩნია, რომ მათი როლი გადაჭარბებულადაა წარმოდგენილი. მემკვიდრეობის დადგენა შეიძლება ქცევის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს, მაგრამ ის უსარგებლოა ქცევის კორექცია-მართვის თვალსაზრისით, რადგან არ ექემდებარება შეცვლას. ამის გამო სკინერს გამართლებულად მიაჩნია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მონაცემების იგნორირება.

       კრიტიკის მეორე ტალღა წამოვიდა სკინერის იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქცევის მართვასა და კონტროლს ეხება. ამ კუთხით მისი ყველაზე პრინციპული და ავტორიტეტული ოპონენტი კარლ როჯერსი იყო. სკინერის თვალსაზრისი შემდეგში მდგომარეობს: არსებობენ ადამიანები, ვინც კონტროლს ტირანიის გამოხატულებად მიიჩნევენ და მოგვიწოდებენ მთლიანად უარი ვთქვათ მასზე. ასეთი პოზიცია არა მხოლოდ უტოპიურია, არამედ მავნეც. კონტროლი სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის იყო და იქნება, რადგან მის გარეშე საზოგადოება უბრალოდ ვერ იარსებებს. პრობლემა, სკინერის აზრით, მაკონტროლებელი ძალებისა და პირობების მოცილებაში კი არ არის, არამედ მათ მაქსიმალურად გეგმაზომიერ და ეფექტურ გამოყენებაშია. აქამდე კონტროლის ყველაზე გავრცელებული ფორმა დასჯის მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებდა. სკინერის კვლევებმა აჩვენა, რომ დასჯა არაეფექტურია და ზოგჯერ მავნეც. ქცევა, რომელიც დასჯამ უნდა აღკვეთოს, როგორც წესი, არ ქრება და კვლავ იჩენს თავს. დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციონალურად და სოციალურად უარყოფითი შედეგები: შფოთვა, შიში, ანტისოციალური ქმედება, დარწმუნებულობისა და თვითპატივისცემის დაქვეითება და ა.შ. დასჯის მუქარამ შესაძლებელია იმაზე უარესი ქცევისკენ უბიძგოს ადამიანს, ვიდრე ის, რომლისთვისაც თავდაპირველად დაისაჯა. ერთი სიტყვით, იშვიათ შემთხვევებში უაღრესად არასასურველი ან სახიფათო ქცევის დასათრგუნად, შესაძლოა გამართლებულიც იყოს დასჯის გამოყენება, მაგრამ საზოგადოდ, უნდა ვეცადოთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც არა იძულების, არამედ დადებითი განმტკიცების მეშვეობით გამოვუმუშავებთ ადამიანებს საზოგადოებრივად მისაღები მოქმედების სტილს ან ქცევის ახალ ფორმებს. ასეთი კონტროლი რბილი, ჰუმანური და ეფექტურია.

        სკინერს მიაჩნია, რომ კონტროლი ორმხრივ ხასიათს ატარებს, ანუ ვინც მართავს და ვისაც მართავენ, ერთმანეთს აკონტროლებენ. მას სჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტროლის ორმხრივობის დონე ისეთი იქნება, რაც გამორიცხავს არაჰუმანურ და ტოტალიტარულ მართვას.

        ეს თეზისი როჯერსში სერიოზულ ეჭვებს აღძრავს. სკინერს მხედველობიდან რჩება, რომ ორმხრივი კონტროლი თითქმის ყოველთვის ასიმეტრიულია. მართალია, მონათმფლობელი და მონა, გარკვეულად, ერთმანეთს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ კონტროლის ერთნაირი შესაძლებლობები გააჩნიათ. ამიტომ საკითხი გამკონტროლებლის ვინაობის, - ე.ი. ძალაუფლების შესახებ, დიდი საშიშროების შემცველია. ქცევის მართვის ტექნოლოგია ტირანის ხელში საზარელ იარაღად იქცევა. ესეც რომ არ იყოს, როჯერსი არც იმ მიზნებს აღიარებს, რომლებიც კონტროლის მეთოდების “წესიერი” გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნეს მიღწეული. სკინერისთვის ესაა ადამიანის ბედნიერება, ინფორმირებულობა, გაწაფულობა, ნაყოფიერება. რაც მთავარია, დადებითი განმტკიცების ტექნოლოგია გვეხმარება, რომ ამის მიღწევა ჰარმონიული გზით, წინააღმდეგობისა და აღშფოთების გარეშე შევძლოთ. მეტიც, ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და თავს თავისუფლად გრძნობენ. ისინი იმართებიან ისე, რომ ვერც ამჩნევენ ორგანიზებულ კონტროლს. როჯერსი ფიქრობს, რომ ეს ადამიანების რობოტიზაციას, პიროვნების დაკარგვას ნიშნავს, რომ კონტროლირებადი ბედნიერება და ნაყოფიერება კარგი ცხოვრება კი არა, ფსევდოთავისუფლება და ფსევდობედნიერებაა. როჯერსი გვთავაზობს სხვა ღირებულებებს, რომლებიც მეცნიერებამ ადამიანის თავისუფალი ბუნების გათვალისწინებით უნდა დაისახოს და ამის შესაბამისი მეთოდებით განახორციელოს. ამ შემთხვევაში მთავარია არა იმდენად შედეგი, რამდენადაც პროცესი, პროცესი თვითაქტუალიზაციისა, შემოქმედებითი პოტენციალის გახსნისა, პასუხისმგებლობის განვითარებისა, მოქნილობისა და მრავალმხრივობის შეძენისა. როჯერსი დარწმუნებულია, რომ ამისთვის საუკეთესო პირობებს მის მიერ შემუშავებული კლიენტზე ორიენტირებული, არადირექტიული ფსიქოთერაპია ქმნის (იხ. თავი 11.1.).

        როჯერსი ვერ ეგუება სკინერის მიერ თავისუფლების უარყოფას. მისი აზრით, თავისუფლება ადამიანის მოუცილებელი ნიშანია. ამავე დროს, მას კარგად ესმის, რომ მეცნიერება მოვლენათა დეტერმინირებულობის, პირობადებულობის, კანონზომიერების გარეშე წარმოუდგენელია. “თუ ქცევას განვიხილავთ როგორც მეცნიერულ ფენომენს, ცხადია, უმჯობესი იქნება ჩავთვალოთ, რომ იგი იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომელიც მას წინ უსწრებდა. ეს მეცნიერების მნიშვნელოვანი ფაქტია. მაგრამ ჩვენი ცხოვრების ასეთივე მნიშვნელოვანი ფაქტია პასუხისმგებლობის შემცველი პირადი არჩევანი, რომელიც ადამიანის ყველაზე არსებითი ნიშანია. იგი წარმოადგენს ფსიქოთერაპიის იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ მეცნიერულ გამოკვლევას”. სკინერს მიაჩნია, რომ ეს ორი ფაქტი, თუ ისინი მართლაც არსებობებენ, ურთიერთგამომრიცხავია.

        შენიშვნები სკინერის სისტემის სხვა ასპექტების მიმართაც არსებობს. საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის ფსიქოლოგთაგან არავის განუცდია ისეთი მძაფრი კრიტიკა და, ამავე დროს, არავინ ყოფილა ისე დაფასებული, როგორც სკინერი. ამ მხრივ მას მხოლოდ ფროიდი თუ შეედრება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია
წყარო











Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий